ასკილი - ველური ვარდის ნაყოფი - კვირის პალიტრა

ასკილი - ველური ვარდის ნაყოფი

ასკილის ნაყოფი, ყვავილის ფურცლები, ფოთლები და ფესვები იმდენად სასარგებლოა, რომ ველურ მცენარეთა შორის ის აბსოლუტურ ჩემპიონად აღიარეს. ასკილი, რომელიც მდიდარია ასკორბინის მჟავათი, შეიძლება გამოიყენოთ როგორც შინაგანად, ისე გარეგანად.

ველური ვარდის თესლის ნახარში ეფექტიანია როგორც შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება შეშუპების, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. ველური ვარდის ფესვების სპირტიანი ნაყენი სასარგებლოა, როგორც შემკვრელი საშუალება კუჭის აშლილობის დროს.

ასკილის ნაყენი სასარგებლოა გაცივების, გრიპის, ბრონქიტის დროს: დაქუცმაცებულ ასკილის ნაყოფს დაამატეთ ჭინჭრის გამხმარი ფოთლები (2:1), ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ. მიიღეთ 50 მლ თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ (შეგიძლიათ გემოვნებისთვის დაამატოთ თაფლი).

ასკილის ნაყოფისგან დამზადებული პრეპარატები აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ჰიპოვიტამინოზისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს. მას აქვს ნაღველმდენი თვისება და რეკომენდებულია ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის დროს.

ფეხმძიმეებისთვის სასარგებლოა ჩ ვიტამინით მდიდარი ასკილის ჩაი. ყავის ნაცვლად შეიძლება მიიღონ მოხარშული და დაფქული ასკილის ყავა.

ასკილის თესლის ზეთი (უნდა შეურიონ კრემს) ახორცებს დამსკდარ ძუძუსთავებს, რომელიც უჩნდებათ მეძეძურ დედებს. ის ასტიმულირებს კანის უჯრედების რეგენერაციას და ლორწოვან გარსს.

კანის გამაახალგაზრდავებელი ლოსიონისთვის:

100 გ დაქუცმაცებულ ასკილის ნაყოფს დაასხით 200 მლ არაყი, გააჩერეთ, გაწურეთ და ჩაასხით მუქი ფერის მინის ბოთლში.

კანის მკვებავი ნიღაბი:

3 ს/კ თესლგამოცლილი ასკილის ნაყოფს დაასხით 400 მლ მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი. ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ ერთი ღამე. დილით დამბალი ნაყოფი დაჭყლიტეთ, დაამატეთ 1 ს/კ ცხიმიანი ხაჭო, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ასკილის თბილი ნაყენით.

თმის მკვებავი ნიღაბი:

1 ს/კ ლიმონის წვენს შეურიეთ შვრიის ფაფა და 2 ს/კ დაჭყლეტილი ასკილის უთესლო ნაყოფი. ნიღაბი თავის დაბანამდე წაისვით და 20-30 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

ცნობისთვის: არარეკომენდებულია ასკილის მიღება გასტრიტის (მაღალი მჟავიანობა), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, თრომბოფლებიტის, ენდოკარდიტისა და  III ხარისხის გულის უკმარისობის დროს.