თმის მოვლის საიდუმლო - კვირის პალიტრა

თმის მოვლის საიდუმლო

"ერთ ქალად მარტო მისი თმა ღირს" - ბებიებისგანაც ხშირად გვსმენია და ჩვენც ხშირად ვიყენებთ სილამაზის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად. სილამაზე კი "მსხვერპლს მოითხოვს". ამიტომაც, თუკი ბუნებამ უხვად და უწვალებლად არ დაგვაჯილდოვა ჯანმრთელი და მშვენიერი თმით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს თმას ძალა, ფერი შევმატოთ... ოღონდ ეს ხან გამოგვდის, ხან ვერა.

ცისანა მჭედლიძე, მიკრობიოლოგი, ექიმი:

- ქალბატონო ცისანა, თმა მხოლოდ სილამაზეა?

- ჯანმრთელი და ლამაზი თმა იმასაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანი ჯანმრთელია, რადგან თმის ცვენა უფრო ხშირად ამა თუ იმ დაავადების მეორეული სიმპტომია; ისეც ხდება: შეიძლება ადამიანი ჯანმრთელი არ იყოს, მაგრამ მშვენიერი თმა ჰქონდეს.

- როდესაც თმის ცვენა მეორეული დაავადებაა, მას პირველ დაავადებასთან ერთად უნდა ვუმკურნალოთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და მისი ერთადერთი საწუხარი თმის ცვენაა, რა კვალიფიკაცია შეიძლება მივანიჭოთ ამ მოვლენას?

- თმის ცვენა დაავადებაა და მას ძირითადად მიკრობები იწვევს. არსებობს თმის ყველაზე გავრცელებული დაავადებების ნუსხა - მშრალი, ცხიმიანი, შერეული სებორეა.

ცხიმოვანი სებორეის დროს თმა სწრაფად ცხიმიანდება. ქერტლი არ შეინიშნება, მაგრამ მატულობს ქავილი. მშრალი სებორეის დროს აღინიშნება თავის შემაწუხებელი ქავილი, ქერტლი და გამონაყარი. შერეულის შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთიანდება. მაგრამ მხოლოდ კლინიკით დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან თმის დაავადებები ერთმანეთს  ძალიან ჰგავს. მაგალითად, თმის სოკოვან დაავადებას მშრალი სებორეის მსგავსი კლინიკა ახასიათებს. სოკოვანის გვერდით კი ძალიან ხშირად თმის სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური დაავადებები, თავის ფსორიაზიც გვხვდება, არცთუ იშვიათად ეგზემა, რომელიც ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. თითოეულ ამ დაავადებას კი განსხვავებული მკურნალობა სჭირდება

- ალბათ ამიტომაც ხალხში გავრცელებული, "გამოცდილი" რეცეპტი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ზოგან ჭრის და ზოგან არა.

- შეიძლება ვიღაცის ნასწავლმა რეცეპტმა  მოგარჩინოთ, მაგრამ ამისთვის ორი რამ არის საჭიროL: თანამიმდევრულობა. წამალს დროზე ადრე, ანუ პირველივე ეფექტის მიღებისთანავე არ უნდა დაანებოთ თავი და მეორე, გამართლება - ბრმად არჩეული წამალი ნამდვილად თქვენი პრობლემის სამკურნალოდ უნდა იყოს განკუთვნილი.

- შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ თმის პრობლემებს მამაკაცები მეტად უჩივიან.

- ისე ჩანს, რომ სიმელოტე, ანუ ანდროგენული ალოპეცია მამაკაცებს უფრო აწუხებთ. არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს ეს პრობლემა მამაკაცებს გენეტიკურად გადაეცემათ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა დაავადება, თმის ცვენაც შესაძლებელია, გენეტიკურად გადაეცეს ადამიანს, მაგრამ გენეტიკა ამ შემთხვევაში სქესს არ არჩევს და, რაც მთავარია, თუ ეს თქვენ გენეტიკურად გადმოგეცათ, სულაც არ არის სავალდებულო, რომ გამელოტდეთ.

რაკი მემკვიდრეობითობაზე ვლაპარაკობთ, ეს ხომ ყოველთვის მემკვიდრული დაავადება არ არის? მაგალითად, ცხიმოვანი სებორეის დროს ეს ფოლიკულის ანთებაა, მაშინ კი, როდესაც  ანთებითი პროცესია, უჯრედიდან საკვებს ვერ იღებს ფოლიკული და ამიტომ იწყება ცვენა. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ სცვივა მაღლა, თხემზე ადამიანს თმა და არა დაბლა, კეფაზე? იმიტომ, რომ ღამით, როდესაც ადამიანი წევს, მისი სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება ბალიშთან მასაჟით. მასაჟი ხომ სისხლძარღვებს აფართოებს და უჯრედი ახერხებს კვებას, შედეგიც სახეზეა - თმა კეფაზე.

- რომელია მთავარი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ თმის მოვლასთან დაკავშირებით.

- უყურადღებობა. შემდეგ არასწორი ჰიგიენა. გავრცელებულია მოსაზრება, რომ თმა კვირაში ერთხელ უნდა დაიბანო. თმა იმდენჯერ უნდა დაიბანო, რამდენჯერაც  დასაბანი ხდება და ეს მხოლოდ ესთეტიკური მოსაზრებების გამო არა, თმა ცოცხალია და მას, ისევე როგორც ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმს, კვება სჭირდება. ცხიმიანი და ნადებით დაფარული თმა კი ვერ იკვებება, ვერ სუნთქავს, არ ხდება ჟანგბადის მიღება, ნახშირორჟანგის გამოყოფა. თორემ, სწორი მკურნალობით, სწორი დამოკიდებულებით ადამიანები არ უნდა გამელოტდნენ. მედიცინას ახლა გაცილებით დიდი პრეტენზიები აქვს, შესაბამისად, პოტენციალიც. სებორეა კი არა, ახლა რჩება თმის ფსორიაზიც, ნაწილობრივი და ტოტალური ალოპეციაც, თმის ბუდობრივი ცვენაც, რომელიც საშინელი დაავადებაა.

- ქალბატონო ცისანა, შეღებვა აზიანებს თმას?

- გამოიყენეთ თმისთვის ბუნებრივი საღებავები და არავითარი საშიშროება არ დაგემუქრებათ. თმის მოვლის მთავარი საიდუმლოც ხომ ეგ არის.

დეა ცუცქირიძე