ბუნებრივი ანტიბიოტიკები - კვირის პალიტრა

ბუნებრივი ანტიბიოტიკები

დედოფლის ყვავილში უხვადაა ფიტონციდი, ხოლო ასკორბინი უფრო მეტი, ვიდრე შავ მოცხარში.

1 ს/კ დაქუცმაცებულ დედოფლის ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გააჩერეთ 0,5 საათი, გადაწურეთ და დაამატეთ იმდენი თბილი ანადუღარი წყალი, რომ გახდეს იმდენი, რამდენიც თავიდან იყო. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ექინაცეა იმუნიტეტის მცენარეული სტიმულატორია, მას აქვს ანტიალერგიული თვისება, მსუბუქად ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქს, სასურველია, გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს მიიღოთ ექინაცეა ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

1 ს/კ ექინაცეას დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიიღეთ 2 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ.

იაპონელმა სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ნივრის ფიტონციდები სპობენ ვირუსებსა და ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს 20 მ რადიუსით. ყველაზე სასარგებლოა დანაყილი ნიორი, რადგან ჟანგბადთან კონტაქტის დროს მისი აქტიურობა ძლიერდება. გირჩევთ, გაცივების დროს, ჭამამდე, ნიორი დანაყეთ და 15-20 წუთი გააჩერეთ.

ხახვი, რომელიც შეიცავს ანტისეპტიკურ ეთეროვან ზეთს, დაჭერით და დეზინფექციის მიზნით დატოვეთ ოთახში.

ხველების დროს 1 ჩ/კ ხახვის წვენს დაამატეთ თითო ჩ/კ ლიმონი და თაფლი. მიიღეთ 3-ჯერ დღეში.

დარიჩინის ეთეროვანი ზეთი ანტისეპტიკურია. კერძს დამატებული მწიკვი სანელებელი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას. დარიჩინი სასარგებლოა კუჭის აშლილობისა და მეტეორიზმის დროს. დამტკიცებულია, დარიჩინი თაფლთან ერთად ხსნის სახსრების ტკივილს ართრიტის დროს...

მეტეორიზმის დროს ჭამის შემდეგ მიიღეთ დაფქული მწიკვი დარიჩინი ან 100 მლ წყალში გახსნილი 1 წვეთი დარიჩინის ზეთი.

გასტრიტის დროს ძალიან სასარგებლოა გვირილის ჩაი. თითო ჩ/კ გვირილის ყვავილს, მრავალძარღვას, ფარსმანდუკს დაასხით 500 მლ ცხელი წყალი, 30 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნახარში დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე (განსაკუთრებით მაშინ, როცა გასტრიტი გამწვავებულია).

დამტკიცებულია, რომ დინდგელი ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას. ხალხური მედიცინა დინდგელს მიიჩნევს პენიცილინის ანალოგად.

50 გ დაქუცმაცებული დინდგელი გახსენით 1ლ ცხელ რძეში. გაწურეთ ოთხფა მარლაში და ჩაასხით მინის ქილაში. გაცივების შემდეგ მოაცილეთ ზედაპირიდან ცვილი. მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ და 1 ს/კ - ძილის წინ.