როცა პატარა გამუდმებით ჭირვეულობს... - კვირის პალიტრა

როცა პატარა გამუდმებით ჭირვეულობს...

ოჯახში პატარა გაჩნდა? ესე იგი, წინ მასთან ურთიერთობის სიხარული გელით. რათა ყველაფერი კარგად იყოს, აუცილებელია პატარის ნერვული სისტემის კონტროლი, რაც დაბადებიდან მალევე უნდა დაიწყოს. მით უფრო მაშინ, თუ პატარის დაბადებას დედის ჯანმრთელობის დარღვევა, სტრესები ან მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები უძღოდა წინ. ამ თემაზე ნევროლოგი თეა შენგელია გვესაუბრება:

- ჩვილებს ხშირად აქვთ ნერვული სისტემის პრობლემები. როდის, რის გამო ჩნდება ის?

- სტატისტიკით - ბავშვების ნერვული სისტემის პრობლემების 50% პერინატალურ პერიოდში იქმნება. ეს პერიოდი ჩვილის მუცლადყოფნის 28-ე კვირიდან დაბადების მე-7 დღემდე გრძელდება. პრობლემა კი სიცოცხლის პირველი წლის პირველსავე ნახევარში, ან პირველი წლის ბოლოს იჩენს თავს. ადრე ფიქრობდნენ, რომ ნერვული სისტემის დაზიანების უმთავრესი მიზეზი სამშობიარო ტრავმა იყო; ანუ როცა პატარას თავი სამშობიარო გზებში გავლისას, ანდა მშობიარობისას უზიანდებოდა. ახლა კი მიაჩნიათ, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება უფრო მეტად ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილისას (ჰიპოქსემია და ჰიპოქსია) ხდება. ამ დროს ნაყოფის ტვინს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება და მომწიფება ფერხდება. ჟანგბადის უკმარისობა დედის ან ნაყოფის პათოლოგიითაც შეიძლება იყოს განპირობებული. მას დედის გვიანი ტოქსიკოზი, ნაადრევი ან ვადაგადაცილებული, სწრაფი ან გახანგრძლივებული მშობიარობაც იწვევს.

- რა ნიშნები შეიძლება ჩაითვალოს საეჭვოდ, როდის უნდა მიმართოს მშობელმა ნევროლოგს?

- საამისოდ პატარას ზედმეტი ჭირვეულობაც საკმარისია. უფრო ხელშესახები სიმპტომებია: ღებინება, ძილიანობა, თავის ქალის, კერძოდ, შუბლის ნაწილის ზრდა, ყიფლიბანდის ამობურცვა, სკალპის ვენების გადავსება... საგანგაშოა, როცა ბავშვს უჭირს თავის დაჭერა, თვალებს აელამებს ან თვალის კაკლები ქვემოთ ისე ჩაეწევა, რომ ფერად გარსსა და ზედა ქუთუთოს შორის თეთრი სკლერა ჩნდება...

სერიოზული ნევროლოგიური პრობლემაა მაღალი ქალასშიგა წნევაც. თუმცა, ეს შედარებით იშვიათია. ზოგჯერ მშობლებს აშფოთებთ ის, რომ პატარას ტირილის დროს ნიკაპი უკანკალებს. თუმცა, არა მარტო ნიკაპი, ბევრ ახალშობილს ტირილისას კიდურების კანკალიც აღენიშნება და ეს ძირითადად ნერვული სისტემის უმწიფრობაზე, მის ჩამოუყალიბებლობაზე მიუთითებს. როცა პატარის ნერვული სისტემა ჩამოყალიბდება, ეს სიმპტომი გაივლის. მაგრამ თუკი ბავშვს ნიკაპი მაშინაც უკანკალებს, როცა მშვიდად არის და ამას სხეულის სხვა ნაწილის უცნაური მოძრაობა ან დაჭიმულობაც ახლავს, მაშინ ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებელია. საგანგაშო არ არის ენის გამოყოფაც - ის პირის აპარატის ჩამოუყალიბებლობას ან პირის სხვადასხვა ნაწილის არათანაბარ ზრდას უკავშირდება. ზოგჯერ ბავშვს ჭამა აღარ უნდა და ენით აგდებს ძუძუს ან საწოვარას, რაც ჩვევადაც კი იქცევა; მაგრამ როცა პატარას ენა მუდმივად გამოყოფილი აქვს, რასაც თან ახლავს ნერწყვდენა და ჭამის გაძნელება, აუცილებელია ნევროლოგთან ვიზიტი.

- ახალშობილის მხედველობაზე რას იტყოდით?

- პატარა მოუმწიფებელი მხედველობის სისტემით იბადება; მაგრამ სინათლეზე რეაქცია დაბადებისთანავე აქვს.…თვალების მიდევნებითი მოძრაობაც გამოეხატება, ოღონდ ერთ თვემდე, ძალზე სუსტად. ეს პროცესი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რას ადევნებს ბავშვი თვალს, ან რა მანძილზე მოძრაობს მისი თვალებიდან თვალის მისადევნებელი საგანი. 4-დან 8 კვირამდე თვალის მიდევნება აშკარაა, ხოლო 2-6 თვისთვის უკვე მკვეთრად არის გამოხატული. მაგრამ თუ ბავშვის ყურადღების მოპყრობა 2.5-3 თვის ასაკისთვისაც ვერ ხერხდება და, ასე ვთქვათ, პატარას უაზრო გამომეტყველება აქვს, ნევროლოგთან მისვლა გადაუდებელია.

- ასეთ შემთხვევებში რა შეიძლება შეცვალოს ნევროლოგმა, რით უშველის პატარას ძალზე დაზიანებულ ნერვულ სისტემას?

- როცა საქმეში პროფესიონალი ნევროლოგი ერევა - განვითარებადი თავის ტვინის ჯანმრთელ უბანს ყოველთვის შესწევს უნარი, თავის თავზე აიღოს სხვა, დაზიანებული უბნის ფუნქცია და პატარას ნერვული სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს. ასე რომ, როცა მშობელს ბავშვი დროულად მიჰყავს ნევროლოგთან, ყველაფერი წინ არის. მით უფრო, რომ დღევანდელ მედიცინას, თანამედროვე სამედიცინო პრეპარატების გარდა, პროცესის გასაჯანსაღებლად უამრავი საშუალება აქვს, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის ჩათვლით.

- ახალგაზრდა დედებიც გავაფრთხილოთ: საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა შემთხვევაში არ უნდა გადადონ პატარის ნევროლოგთან წაყვანა.

- ასეთი მიზეზიც, სამწუხაროდ, მრავალია. თუ დედამ ორსულობისას გადაიტანა რთული ინფექციები, მაგალითად, მეგალოვირუსი, ჩუტყვავილა და ა.შ; ორსულობისას - მაღალი არტერიული წნევა; აქვს რომელიმე ენდოკრინული პათოლოგია (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი); იმშობიარა 18 წლამდე ან 40-ის შემდეგ; აქვს საშვილოსნოს ან პლაცენტის პათოლოგია, რამაც ნაადრევი მშობიარობა ან სისხლდენა გამოიწვია; მშობიარობის პროცესში დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემის შენელება, ან ნაყოფის არასწორი მდებარეობა; გულყრები... სია გრძელია, თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ პატარას ნერვული დაზიანებები აქვს.…მაგრამ სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა - როცა მშობელი მშვიდად არის, რომ მისი პატარა ჯანსაღია, არც თავად არის დაძაბული და შვილსაც სრულფასოვნად ზრდის.…