ვეგეტარიანელობა - საშიში თუ სასარგებლო? - კვირის პალიტრა

ვეგეტარიანელობა - საშიში თუ სასარგებლო?

ჩემმა 14 წლის შვილმა მოულოდნელად უარი განაცხადა ცხოველური პროდუქტების მიღებაზე - მცენარეულის გარდა სხვა პროდუქტს აღარასოდეს გავეკარებიო. ძალიან ვღელავ. არასრულფასოვანი კვება ალბათ არ წაადგება მის ჯანმრთელობას. იქნებ ამიხსნათ, როგორ ვითარდება  ვეგეტარიანელთა ორგანიზმი და რა დაავადებები შეიძლება დაემართოთ ვეგეტარიანელებს?

პატივისცემით,

ალექსანდრა ლოლუა

რამდენად საშიშია ვეგეტარიანელობა ორგანიზმისთვის? - ვკითხეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორს, დავით ცხომელიძეს:

-  ხორცი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ორგანიზმისთვის. ხორცი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და რკინას, ამიტომაც რკინადეფიციტური ანემიისას მისი მიღება აუცილებელია. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ ეკარებიან ცხოველურ პროდუქტებს. მათ აქვთ ასეთი ტრადიცია. ჩემი რამდენიმე ინდოელი სტუდენტი არათუ ხორცს, კვერცხს და თევზსაც არ ჭამს. მათთვის საეჭვო პროდუქტია თაფლი: ზოგი მათგანი იღებს თაფლს, ზოგი კი - არა. თვლიან, რომ ნებისმიერ მცენარეულ საკვებს შეუძლია შეცვალოს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები. ეს ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობს, განსაკუთრებულად არ ავადმყოფობს.

ადამიანს აქვს უნარი, აამუშაოს ე.წ. ბიოლოგიური "პროგრამა" და იმ ნივთიერებების სანაცვლოდ, რასაც არ იღებს საკვების სახით, საკომპენსაციო გზას მიაგნოს. ცხადია, ეს არაცნობიერად ხდება.

- რა განაპირობებს ორგანიზმის რეაქციას, გარემო, რომელშიც ის არსებობს, იმუნიტეტი თუ სხვა რამ?

-  დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ საზოგადოებაში ყალიბდება პიროვნება და როგორია ის ენდემური სივრცე, სადაც ცხოვრობს. სხვათა შორის, ერთხანს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ საკვების მოთხოვნილებას ორგანიზმი თავად არეგულირებს, ამისი საფუძველი კი ის გახლავთ, რომელი ჯგუფის სისხლი აქვს ადამიანსო. მოგეხსენებათ,  AB0 ალელების მიხედვით, ოთხი ჯგუფის სისხლი არსებობს. I  ჯგუფის 00,  II ჯგუფის: A A ან A 0, III ჯგუფის  BB ან B 0 და  IV ჯგუფისა AB. ეს უკანასკნელი ყველაზე ახალი ჯგუფია. ჩვენ  შევადარეთ სხვა ქვეყნებში როგორ არის გადანაწილებული სისხლის ჯგუფები. საქართველოს რეგიონებიც კი განსხვავდება ამ მხრივ. ამერიკელი მეცნიერის, დ, ადამოს თეორიით, ადამიანს სისხლის ჯგუფის მიხედვით უნდა დაენიშნოს კვების რაციონი. ის ამბობდა:  II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს მეტად უხდებათ მცენარეული საკვებიო. ჩვენ სტუდენტებთან ერთად ვაწარმოეთ გამოკითხვა. შევადარეთ, რამდენიმე ქვეყანაში როგორ არის გადანაწილებული ვეგეტარიანელებში სისხლის ჯგუფები. გაბრაზდნენ - ჩვენში სულიერი მოთხოვნილებაა ცხოველური საკვების მიუღებლობა და არა სისხლის ჯგუფით განპირობებულიო. ვფიქრობდით, რაღაც კანონზომიერება იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თუმცა ის კი დასტურდება, რომ სხვადასხვა ჯგუფის სისხლის ადამიანები ხშირად სხვადასხვა დაავადებით ავადდებიან.

- შეგვიძლია განვსაზღვროთ, რატომ ხდებიან ადამიანები ვეგეტარიანელები?

- ერთი შემთხვევაა, როცა ეს ტრადიციით ხდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება ამის მაპროვოცირებელი გახდეს მოწამვლა, რის შემდეგაც ადამიანს შესძულდება ესა თუ ის პროდუქტი. ზოგს  ადრეული ბავშვობიდან არ მოსწონს ხორცის გემო. გაითვალისწინეთ: ადამიანს შეუძლია, "გადართოს" თავისი ორგანიზმი ერთი მდგომარეობიდან მეორეზე. არსებობს ასეთი ბიოლოგიური მოვლენა: რეფრაქტერობა. საკვები შედის ორგანიზმში და მონელების შემდეგ ის უნდა აითვისოს უჯრედებმა. ეს ხდება რეცეპტორების მეშვეობით. უჯრედის დონეზე ხდება რეგულაცია, სჭირდება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება უჯრედს, შესაბამისი "ბრძანება" მიეცემა რეცეპტორს და უჯრედი უარს ამბობს მის მიღებაზე, რაც ადამიანის განწყობაში გამოიხატება: არ უნდა ესა თუ ის პროდუქტი შეჭამოს. ვეგეტარიანელობის დროს ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება რეფრაქტერობაც იყოს.

- შეგვიძლია დავასახელოთ ვეგეტარიანელობის დადებითი მხარეები?

- ერთი და მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ისაა, რომ ვეგეტარიანელებს პარაზიტული და ბაქტერიული დაავადებები, რომელიც ხორცით გადადის, არ ემართებათ. მათ ორგანიზმში ნაკლებად გროვდება წიდები... ზოგჯერ რაიმე დაავადების არსებობისას, ორგანიზმის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა (მაგალითად, ვეგეტარიანელად გახდომა) ეხმარება, განწყობა შეიქმნას და დაარეგულიროს თავისი დაავადება, მომართოს სხეული მის დასაძლევად.

- დაბოლოს, ვეგეტარიანელობისკენ მიდრეკილება გენეტიკურად გადაეცემა?

- ეპიგენეტიკა სწორედ ამას გულისხმობს. გენები "იხსნება" და იმახსოვრებს ამა თუ იმ ფაქტს ადამიანის ბიოგრაფიიდან. რეფრაქტერობას უხშირესად სწორედ უჯრედის დონეზე მახსოვრობა განსაზღვრავს. შეიძლება ვეგეტარიანელობას ჰქონდეს ეპიგენეტიკური ახსნაც... ცხადია, ზოგიერთ შემთხვევაში.