ზაფხულია, ცხელა, ცხელა... - კვირის პალიტრა

ზაფხულია, ცხელა, ცხელა...

ზაფხულის მცხუნვარე მზემ შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობა დააზიანოს, რადგან მისი ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა, შეიძლება ადვილად და სწრაფად გადახურდეს. ამიტომ მშობლებს ვურჩევთ:

ზაფხულში ბავშვებს ჩააცვით ბამბის ან სელის ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა იყოს უხეში, რათა პატარას კანი არ გაუხეხოს, ფეხზეც ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი უნდა ეცვათ, რეზინის - მოსახერხებელია ზღვაზე, მაგრამ სასეირნოდ არ გამოდგება, ფეხი გაუოფლიანდება. არ დაგავიწყდეთ პანამა, ისიც მჭიდროდ არ უნდა ეხუროს, რათა ჰაერმა იმოძრაოს.

ზაფხულში პატარა ასეირნეთ 11-დან 12 საათამდე, ან საღამოს, როცა მზე ძალიან აღარ აცხუნებს. სეირნობისას მარშრუტის გზა უნდა მოიცავდეს საჩრდილობლებს, პარკებს, სკვერებს, ხეების ჩრდილში მაინც მიიღებს D ვიტამინს, ამასთან დაიცავს დამწვრობისგან. თუ პლაჟზე ხართ, თან იქონიეთ დიდი ქოლგა, პატარა მის ქვეშ უნდა თამაშობდეს და არა მზისგულზე.

პატარას თუ სახე გაუწითლდა, შუბლზე და პირის გარშემო ოფლის წვეთები გაუჩნდა, ატყობთ აპათიას, მოდუნებას ან აღგზნებულია, ე.ი. ბავშვი გადახურდა. შემოახვიეთ სველი პირსახოცი, დაალევინეთ წყალი, დაუნიავეთ, წაიყვანეთ შინ და დააწვინეთ.

ბავშვის კანი უნდა დაიცვათ მცხუნვარე მზის სხივებისგან არა მარტო აგარაკზე, არამედ ქალაქშიც, ეზოშიც, საბავშვო მოედნებზე და სკვერებში.

სასეირნოდ გამოყვანამდე მზისგან დამცავი სპეციალური საბავშვო კრემი წაუსვით ტანსაცმლით დაუფარავი სხეულის ღია ადგილებზე.

სეირნობისას, თუ ხედავთ, რომ მხრები, სახე და მუხლები უწითლდება, ბავშვი წაიყვანეთ შინ, ამ ადგილებზე გადაავლეთ გრილი წყალი. არ გაუარა სიწითლემ? - მიმართეთ ექიმს.

სიცხიან ბავშვს იცავს წყლის ხშირი გადავლება (შხაპი), აუზში, მდინარეში, ზღვაში ბანაობა, თუმცა, დიდხანს არ მისცეთ ამის უფლება, რადგან წყალში ადვილად შეიძლება დაიწვას ან გაცივდეს. უნდა შეასვენოთ ყოველი 15-20 წუთის შემდეგ. ყოველთვის თან იქონიეთ მინერალური, უგაზო წყალი, რადგან ბავშვის ორგანიზმი კარგავს ბევრ სითხეს. წყურვილს კლავს დაუშაქრავი ჩაი, კეფირი. არ მისცეთ ტკბილი გაზიანი წყალი, რადგან მისი მიღების შემდეგ უფრო მეტად მოსწყურდება.