ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიისგან, დაძაბულობისგან, სტრესებისგან, მღელვარებისა და ფიზიკური ტკივილებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა ახლობელი ადამიანის ჩახუტება (მოხვევა, მოფერება). ამ კონტაქტის დროს აქტიურად გამოიყოფა ოქსიტოცინი - ნდობისა და სიყვარულის ჰორმონი. და, თუ ეს პროცესი ხანგრძლივია, მაშინ ოქსიტოცინს უერთდება ბედნიერების ჰორმონი - სეროტონინი. ამ ჰორმონების ერთობლივი მოქმედების შედეგად სხეულის კუნთები დუნდება (როგორც ცნობილია, ამ დროს ძლიერი ტკივილიც კი ყუჩდება!), უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია, წესრიგდება არტერიული წნევა, მცირდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი.

...მეცნიერთა მტკიცებით ბავშვები დღეში საშუალოდ 300-ჯერ მაინც იცინიან. უფროსები კი - არა უმეტეს 20-ჯერ. მეცნიერები მშობლებს ურჩევენ, ხშირად გაეხუმრონ ბავშვებს, რადგან სიცილი ხელს უწყობს მის სრულყოფილად განვითარებას. როდესაც ის იცინის, აქტიურდება მისი თავის ტვინის ის ზონები, რომლებიც დაკავშირებულია შემოქმედებით აზროვნებასთან. მახვილსიტყვაობა ავითარებს მნიშვნელოვან სოციალურ ჩვევებს, - იუმორის გრძნობა, გონებამახვილური ხუმრობა მოსწონთ ნებისმიერ კომპანიაში. ენამოსწრებულ ხუმრობას შუძლია განტვირთოს უსიამოვნო მდგომარეობა და დააახლოოს ადამიანები ერთმანეთს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ოჯახი, სადაც ხშირად ისმის ბავშვების მხიარული სიცილი, ბედნიერი და ჰარმონიულია.