რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვებს ჩიფსები და კარტოფილის ფრი - კვირის პალიტრა

რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვებს ჩიფსები და კარტოფილის ფრი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და კარტოფილის ფრი მსოფლიოში ყველაზე მავნე საკვებად დაასახელა.

სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ უამრავი მშობელია, რომელიც ბავშვს ამ "ნუგბარზე" უარს არ ეუბნება, მეტიც, საკმაოდ ცნობილი სწრაფი კვების ობიექტები სავსეა პატარებით, რომლებსაც კარტოფილის ფრით უმასპინძლდებიან.

რა თქმა უნდა, თქვენი შვილის მენიუ მხოლოდ თქვენი არჩევანია, მაგრამ ზოგჯერ შეცდომა ინფორმაციის ნაკლებობითაც არის გამოწვეული. ამიტომ ვეცდებით, ამ პროდუქტების შესახებ მეტი გიამბოთ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ, ღირს ბავშვისთვის მათი შეთავაზება თუ არა.

მაშ ასე, ჩიფსებსა და კარტოფილის ფრიში პრაქტიკულად არაფერი ნატურალური და სასარგებლო არ არის. ეს მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების ერთობლიობაა, რომელსაც მარილი, საღებავები და გემოს გამაძლიერებელი ქიმიური საშუალებები ემატება. გარდა ამისა, ჩიფსი ხშირად მზადდება არა მთლიანი კარტოფილით, არამედ კარტოფილის ფხვნილით, რაც კიდევ ერთი მინუსია ამ პროდუქტისთვის. ჩიფსი ძალიან კალორიულია და ხელს უწყობს ჭარბწონიანობას. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები, რადგან ეს პროდუქტი კალორიების მათ დღიურ ნორმას ბევრად აჭარბებს.

ყველაფერთან ერთად, ჩიფსი და ფრი უხარისხო, მრავალჯერ გამოყენებულ ცხიმში იწვება და კანცეროგენულია, რაც სიმსივნის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. მარილების დიდი რაოდენობა, რომელიც ჩიფსებთან ერთად ხვდება ბავშვის ორგანიზმში, ძვლების განვითარებას აფერხებს და ბევრ პათოლოგიასაც უწყობს ხელს, არღვევს ნივთიერებათა ცვლას. ხოლო საღებავებსა და არომატიზატორებს არაპროგნოზირებადი რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ.