იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

არსებობს 200-მდე სახეობის მჟაუნა. მას უძველესი დროიდან მედიკოსების რეკომენდაციით იყენებდნენ დიზენტერიისა და კუჭის აშლილობის სამკურნალოდ. ხალხს მიაჩნდა, რომ მჟაუნას შეეძლო დაეცვა ისინი ჭირისა და უშვილობისაგან.

თანამედროვე მედიკოსები კი გვირჩევენ, მჟაუნას ნახარში გამოვივლოთ პირში ანგინისა და ღრძილებიდან სისხლდენის დროს. ის ააქტიურებს სხვადასხვა ორგანოს მუშაობას, შეიცავს ბევრ კაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, K ვიტამინს, ასკორბინის მჟავას, მჟაუნის მჟავებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმსა და რკინას.

თუმცა სპეციალისტები აქვე გვირჩევენ, ეს მცენარე არ მივიღოთ ხშირად და დიდი რაოდენობით, რადგან შეიცავს მჟაუნმჟავებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების ცვლის სერიოზული დარღვევა, ხელი შეუშალონ თირკმლების ნორმალურად მუშაობას. ხოლო თირკმელკენჭოვანი და ნიკრისის ქარის დროს საერთოდ უარი უნდა თქვათ მჟაუნაზე.