შემთხვევითი გულყრები თუ ეპილეფსია
28-07-2014
შემთხვევითი გულყრები თუ ეპილეფსია
იმის მიუხედავად, რომ ეპილეფსიას ძველი ბერძნები "ღვთაებრივ დაავადებას" უწოდებდნენ, ის ხალხს მუდამ აშინებდა და განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა. დრომ ამ დაავადების დაუმარცხებლობის მითი დაარღვია, მაგრამ ეს მაშინ ხერხდება, როცა ექიმი და პაციენტი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებენ. ამის მისაღწევად ამ დაავადებაზე ზოგი რამ ყველამ უნდა იცოდეს. რის შესახებაც ექიმი ნევროლოგი თეა შენგელია გვესაუბრება.

-  გულყრა მაინცდამაინც  ეპილეფსიურ დაავადებას არ ნიშნავს. გულისწასვლა, - როგორც ხალხში ეძახიან, 100-დან 4-5 ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ ან მეტჯერაც შეიძლება დაემართოს.
მაგრამ ეს ე.წ. "შემთხვევითი გულყრებია". ეპილეფსიური გულყრები კი ხშირად და სხვადასხვა ნიშნით ვლინდება. ზოგჯერ ბავშვის გულყრას უცხო თვალი ვერც  ამჩნევს. ამ დროს  პატარა მზერას მცირე ხნით აშტერებს,  ბლუკუნს იწყებს, თავს ქინდრავს და სხეული უდუნდება... თუკი  გულყრა სიარულისას წარმოიქმნება, ბავშვს "მუხლები ეკვეთება". შეიძლება ამას  ქუთუთოების სწრაფი
ხამხამიც და კრთომაც ახლდეს და გონება რამდენიმე წამით გაითიშოს. რამდენიმე წამის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება და ბავშვს  არც ახსოვს, რა მოხდა. გარშემომყოფები ამ ნიშნებს, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს, მხოლოდ დაბნეულობად მიიჩნევენ  და სამწუხაროდ, მაშინ აქცევენ ყურადღებას, როდესაც დაავადება შორს არის წასული.

- რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია?

- ეპილეფსიას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს და შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, - მუცლადყოფნის პერიოდიდან ღრმა მოხუცებულობის ჩათვლით. ხანში შესულთათვის ეპილეფსიური გულყრების ყველაზე ხშირი მიზეზი სისხლძარღვოვანი დაავადებებია. ნაყოფის  ჩამოყალიბების პროცესში კი  ეპილეფსია შეიძლება ნებისმიერმა უარყოფითმა ფაქტორმა გამოიწვიოს, - მუცლადყოფნისას დედის ინფექციურმა დაავადებამ, ჟანგბადის ქრონიკულმა ნაკლებობამ, მშობიარობისას თავის ტვინის მექანიკურმა ტრავმებმა... მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც, - ეპილეფსიით დაავადებულთა შვილებისათვის დაავადების რისკი დაახლოებით 7-12%-ია. ძალიან ხშირად ეპილეფსიის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ასე თუ ისე, დღეს მსოფლიოში საშუალოდ მყოველ 1000 სულ მოსახლეზე 5-6 ეპილეფსიით დაავადებულია. ჩვენს ქვეყანაში კი სამწუხაროდ, - 8-9. უპირველესად ეს ალბათ იმის მიზეზია, რომ ეპილეფსიური დაავადების დასაწყისში ბევრი არ მიმართავს ექიმს, - ამ ადამიანებს  ესაჭიროებათ ადეკვატური  ხანგრძლივი,  ძვირად ღირებული მკურნალობა, არადა, მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ადეკვატური მკურნალობისას ეპილეფსიით დაავადებულთა 70-75% სრულად ინკურნება, დანარჩენებს კი მნიშვნელოვნად უუმჯობესდებათ მდგომარეობა. მკურნალობას დაახლოებით 4-5 წელიწადი სჭირდება.

- არსებობს ისეთი გულყრებიც, რაც საცქერლადაც  მძიმეა.
- საბედნიეროდ, ეს მძიმე გულყრებიც არ არის სიცოცხლისთვის საშიში. ზოგჯერ ამ გულყრების დაწყებას ადამიანი წინასწარ გრძნობს, - შეიძლება კუნთები დაეჭიმოს, კრუნჩხვები სხეულის რომელიმე ნაწილში განუვითარდეს... თავი ასტკივდეს; ჰქონდეს სიმხურვალის ან სიცივის განცდა დ ა.შ. თუმცა შეიძლება დიდი გულყრა გონების უეცარი დაკარგვითაც დაიწყოს. ამ დროს ადამიანი მოკვეთილივით ეცემა, ეწყება კრუნჩხვა, სხეულის ყოველი კუნთი დაჭიმულია და  თითქოს იზმორება, ზოგჯერ აღმოხდება შემზარავი ხმაც. სახე კი მოლურჯო-წითელი უხდება. კრუნჩხვის ეს ფაზა გადადის მეორე ფაზაში, როცა ადამიანი იწყებს თავის და კიდურების რიტმულ მოხრა-გაშლას, უწესრიგო სუნთქვას, ხროტინებს... . მთლიანი გულყრა მაქსიმუმ 5 წუთამდე გრძელდება, თუმცა ბავშვებში შეიძლება 10 წუთსაც გაგრძელდეს. როცა ეს შეტევა დამთავრდება, ავადმყოფი ღრმად იძინებს.

- როგორ უნდა მიეშველო ამ დროს ადამიანს?
- ხალხში გავრცელებულია შავი ქსოვილის გადაფარება, რაც არაფრის მომტანია; არ შეიძლება კბილების ძალდატანებით გახსნა; სიცოცხლისთვის საშიშია ამ დროს წამოყენება და წამლის ან წყლის მიცემა, ხელოვნური სუნთქვა... უბრალოდ უნდა დავაწვინოთ გვერდულად, თავი გვერდზე გადავუწიოთ და თავქვე რბილი საგანი ამოვუდოთ, ეს მას ქალა-ტვინის ტრავმას ააცილებს. თუ შეტევა გახანგრძლივდა და ავადმყოფს განმეორებითი კრუნჩხვები დაეწყო, ექიმის გამოძახება აუცილებელია. 

- სამწუხაროდ, ხშირად ეპილეფსიით დაავადებულები თავს საზოგადოებაში თვისუფლად ვერ გრძნობენ, კომპლექსი აქვთ....

- ასეთი კომპლექსების განვითარება არ უნდა დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ გვერდით არიან, უნდა დაარწმუნონ, რომ საზოგადოებასთან გასაუცხოებელი არაფერია. ამ კუთხით  უდიდეს როლს ასრულებს ოჯახური ურთიერთობები. თუ ოჯახი ფიქრობს, რომ მის შვილს დასცინებენ ან ზურგს შეაქცევენ გულყრების გამო, ბავშვიც ასე იფიქრებს. როცა  ოჯახი ცდილობს დამალოს ბავშვის დაავადება და ის იზოლირებული გახადოს გარემოსგან, ბავშვი  უსუსური ხდება.  ამ ბავშვებს საზოგადოებისაგან დასამალი არაფერი სჭირთ, გონივრული მიდგომით საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იქნებიან.
nana
25 აგვისტო 2016 11:37
რატო არ მპასუხობტ მაინტერესებს დზალიან გტხოვტ ვნერვიულობ დგემდე
knina
23 აგვისტო 2016 19:20
რა მაინტერესებს ცჰემს სჰვილს 2 წელია აკვს დანისჰნული დეპაკინი და დზილსჰი გკონდა სჰეტევა ეხლა2 წლის მანდილზე ყველაფერი მსჰვენივრად არის როგორია რისკი განმეორების და მაკ უ არა სჰანსი გამოჯამრტელების


რედაქტორის რჩევით