მზე არც ისე უსაფრთხოა
28-07-2014
მზე არც ისე უსაფრთხოა
მართალია, ზაფხულმა ჩვენი გუნება-განწყობილება გააუმჯობესა, ორგანიზმიც შეეთვისა თბილ სეზონს, თავს ვგრძნობთ მხნედ და ხალისიანად, ვემზადებით ზღვაზე ან მთაში დასასვენებლად წასასვლელად, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი რაოდენობით ულტრაიისფერი სხივები მავნებელია. თუ კანი სწრაფად გიწითლდებათ, გეწყებათ ქავილი, კანზე ჩნდება გამონაყარი - მიზეზი ულტრაიისფერი სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობაა. მზის სხივებისადმი მგრძნობელობა შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმაც: ძირითადად ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა, ანთებსაწინააღმდეგო საშუალებებმა, ვიტამინებმა (კერძოდ B2 და B6) კრაზანის საფუძველზე დამზადებულმა კვებითმა დანამატებმა. ამიტომ, თუ მოგიწევთ ზღვაზე
დასვენება და იღებთ რომელიმე წამალს, წაიკითხეთ ინსტრუქცია, დარწმუნდით, რომ მათ არა აქვთ მზის სხივებისადმი უკუჩვენება.

პირველი - თუ ულტრაიისფერი სხივებისადმი მომეტებულად მგრძნობიარე ხართ, ჩაიცვით მხოლოდ ნატურალური ტანსაცმელი. შვებულებამდე 2 კვირით ადრე დაიწყეთ კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღება, ისინი ამცირებენ მზის ალერგიის ალბათობას.

მეორე პრობლემაა -  წნევის
მერყეობა. ჰიპერტონიკებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება - ჰიპერტონიული კრიზი. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მიიღოთ წნევის დამწევი წამალი და გამოიძახოთ ექიმი. გულის ტკივილის დროს მიიღეთ ვალიდოლი ან ენის ქვეშ ჩაიდეთ ნიტროგლიცერინი. ექიმის მოსვლამდე კისერზე დაიდეთ მდოგვის საფენები და ფეხები ჩააწყვეთ ცხელ წყალში. თუ წნევამ სამსახურში აგიწიათ, დაიზილეთ შუბლი, თხემი, საფეთქლები, კეფა. მასაჟის ხანგრძლივობა - არა უმეტეს 5 წუთია.
ჰიპერტონიული კრიზი რომ არ დაგემართოთ, აკონტროლეთ წნევა, არ დაგავიწყდეთ ექიმის გამოწერილი წამლის მიღება, მკაცრად დაიცავით დოზა.

ჰიპერტონიის დროს სასარგებლოა დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედების მცენარეებით მკურნალობა (ფიტოთერაპიით მკურნალობის დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს). როგორიცაა: შავბალახა, კატაბალახა, ბარამბო, წიწმატურა, ასკილისა და კუნელის ნაყოფი, პიტნა, შვიტა, თირკმლის ჩაი. თავი შეიკავეთ ცხიმიანი, მწარე, მარილიანი საკვებისგან, მაგარი ჩაისა და ყავისგან.
მესამე - თუ გაწუხებთ ვარიკოზული დაავადება, არასასურველია მზეზე დიდხანს ყოფნა.
უმჯობესია გაირუჯოთ დილას 11 საათამდე და 16 სთ-ის შემდეგ - ისიც ქოლგის ან ტენტის ქვეშ. დასვენების დროს იარეთ ფეხით, იცურავეთ, სვით მეტი სითხე.

არ ჩაიცვათ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საღამოს მიიღეთ კონტრასტული შხაპი, რომელიც ხსნის ფეხების შეშუპებას და დაღლილობას, ტონუსს მატებს ვენებისა და კაპილარების კედლებს. 10-15 წუთის განმავლობაში მონაცვლეობით ფეხებზე დაისხით თბილი და ცივი წყალი.

მეოთხე - ცხელ ამინდში ვსვამთ ცივ წყალს, წვენებს, ვრთავთ კონდიციონერს... ექიმები გვაფრთხილებენ - ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს შეიძლება უფრო ადვილად გაცივდეთ, ვიდრე ზამთარში, რომლის მიზეზია ადენოვირუსები და რინოვირუსები - მართალია, გრიპის ვირუსებისგან განსხვავებით არ იწვევენ სერიოზულ გართულებებს, მაინც არ გირჩევთ გაცივებას. ასევე, შეეცადეთ, არ მოხვდეთ ორპირში, ცხელ ამინდშიც კი კონდიციონერი არ დააპროგრამოთ 18 გრადუსზე დაბლა. ოპტიმალურია, როდესაც ოთახისა და ქუჩის ტემპერატურას შორის განსხვავება არ აღემატება 10 გრადუსს. შეეცადეთ, არ მოხვდეთ კონდიციონერიდან გამოსული ცივი ჰაერის ქვეშ, ჰაერი არ უნდა იყოს თქვენკენ მომართული.

ზაფხულში ასევე დიდია კუჭ-ნაწლავის, გრიპის, ანუ ენტეროვირუსული ინფექციის ალბათობა, რომელიც ორგანიზმში ხვდება ჭუჭყიანი ხელებით, გაურეცხავი ხილითა და ბოსტნეულით, წყლით, ჰიგიენის დაუცველობით...
უცაბედი ტემპერატურის მომატების, პირღებინების, დიარეის, თავისა და კუნთების ტკივილის დროს გამოიძახეთ ექიმი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით