"მზის ალერგია" ხშირად არასწორი გარუჯვის ბრალია" - კვირის პალიტრა

"მზის ალერგია" ხშირად არასწორი გარუჯვის ბრალია"

"მზის ალერგიას" უწოდებენ დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანს მზეზე გასვლისას ალერგიული გამონაყარი უჩნდება, ეწყება ქავილი და იძულებულია, მზის სხივებს თავი მოარიდოს. დერმატოლოგები ამ ტიპის ალერგიას ფოტოდერმატოზს ანუ ფოტოდერმატიტს ეძახიან. "თუ მზეზე გასვლისთანავე კანზე გამონაყარი გიჩნდებათ, უპირველესად მისი უშუალო მიზეზი უნდა გავარკვიოთ", - ამბობს ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:

- ფოტოდერმატოზი ანუ ფოტოდერმატიტი დაავადებათა ჯგუფია, რომელშიც მზის ალერგიაც შედის. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი, რაც ძალზე იშვიათია და დედიდან შვილზე გადადის. დაავადების ზუსტი მიზეზი არავინ იცის, მაგრამ არც ისეთი საშიშია, თუ გარკვეულ წესებს დაიცავთ. ადამიანს მზეზე დიდხანს ყოფნისას შეიძლება მზისაგან გამოწვეული დამწვრობაც დაემართოს, ასევე გვხვდება ფოტოტოქსიკური რეაქცია გარეგანი ან შინაგანი წამლების მიღების დროს (ანტიბიოტიკები, კოსმეტიკა). კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ნივთიერებები მზის სხივების რეაგირებით იწვევენ დამწვრობას ან ალერგიას. ალერგიის ყველაზე ხშირი გამოვლინება ქავილია. თუ მზეზე ყოფნის შემდეგ გაქვთ გამონაყარი და რაიმე ტიპის ქავილი, ეს სწორედ ალერგიული რეაქციაა, მაგრამ ტკივილი, ან წვის შეგრძნება დამწვრობის მომასწავებელია. ალერგია ვლინდება მზეზე ყოფნის და პირველივე გარუჯვის შემდეგ.

- ესე იგი, ალერგია ზოგჯერ არასწორი გარუჯვის ბრალიცაა?

- დიახ, რადგან მზეზე დიდხანს ყოფნა განსაკუთრებით საზიანოა გაურუჯავი კანისათვის. იშვიათად მზის ალერგია ბავშვობიდანვე აქვთ და ასეთი ადამიანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ თუ მზის გამო ალერგია პირველად დაგემართათ, მაშინ ეს გარეგანი გამღიზიანებლითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ დროს ქავილი და გამონაყარი ჩნდება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მზე ხვდება, ამიტომ, სასურველია დროებით მზეზე არ გახვიდეთ. მზის ალერგიის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ გამონაყარი თანდათან გადადის. აუცილებელია დავიცვათ გარუჯვის წესები: ჯერ უნდა დაიწყოთ 2-3 წუთით და შემდეგ მზეზე ყოფნის დრო თანდათან გაზარდოთ. ამ დროს თანდაყოლილი ალერგიაც რომ გქონდეთ, მწვავე პროცესებს არ გამოიწვევს. უნდა ერიდოთ ყოველგვარ კოსმეტიკას, გარდა მზისაგან დამცავი საშუალებებისა, რომელიც კანს იცავს მზის უარყოფითი ზეგავლენისაგან.

- მზის ალერგია უფრო ქერა და ცისფერთვალება ადამიანებს აქვთ.

- რა თქმა უნდა. ამიტომ ღია ფერის კანისა და თმის მქონენი მზეზე ყოფნისას უფრო ფრთხილად უნდა იყონ. ფრთხილად უნდა იყოს ის, ვინც გარკვეული ჯგუფის წამლებს იღებს. მაგალითად: ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ხშირად იწვევენ დამწვრობის პროვოცირებას. ზოგჯერ არანაკლებ საყურადღებოა გარეგანი გამღიზიანებლებიც: დაუშვებელია ლეღვის ნახარშით ან სხვა ქიმიური საშუალებებით გარუჯვა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მზის ალერგიაც და მზისაგან მიყენებული დამწვრობაც. სხვადასხვა მცენარესთან კონტაქტსაც შეიძლება მოჰყვეს ალერგიული რეაქცია. მაგალითად, თუ ბავშვი ბალახში თამაშობდა და ამის შემდეგ გავიდა მზეზე, შეიძლება მზის ალერგია ამანაც გამოიწვიოს. დამწვრობა შეიძლება მიიღოს იმ ნაწილებზე, რომლითაც ბალახს შეეხო და კანზე ერთგვარი ზოლები გაჩნდეს.

სხვათა შორის, მზის ალერგია შეიძლება გამოიწვიოს როგორც ხილულმა მზის სხივებმა, ასევე ულტრაიისფერმა სხივებმა, რომლებიც თვალით არ ჩანს, მაგრამ სწორედ ისინი იწვევენ დამწვრობას, ამავე დროს, სწორედ ისინი ქმნიან გარუჯული კანის ეფექტს.

ძალიან ბევრი მცენარე (მაგალითად, ლეღვი, კაკალი...) მძიმე დამწვრობას და სხვადასხვა ტიპის ალერგიას იწვევს. ტყეში, ან მინდორში ყოფნისას რომ შეეხოთ რომელიმე მათგანს, მერე უცნაური ფორმის ფოტოალერგიულ რეაქციას მიიღებთ.

მძიმე შემთხვევების დროს მკურნალობის სრული კურსი უნდა ჩატარდეს.

მზის ალერგია გამოიხატება ქავილით, შეშუპებით, დისკომფორტით და ხშირად სპეციალური მალამოებით იკურნება, მაგრამ ზოგჯერ ეს რეაქცია უბრალო საფენებითაც ჩაცხრება ხოლმე. მთავარია, ამის შემდეგ რამდენიმე დღე მზეზე აღარ გახვიდეთ, მერე კი თანდათან გაზარდოთ მზეზე ყოფნის დრო.

- ალბათ თანდაყოლილი მზის ალერგია რთული დასამარცხებელია.

- დიახ. ამ დროს ადამიანმა თავი უნდა მოარიდოს მზეზე გასვლას და სპეციალური რეჟიმი დაიცვას.

შეძენილი მზის ალერგია ვერ მოგვერევა, თუ ადამიანი სწორად გაირუჯება და წესებს დაიცავს.

დამცავი კრემის გარდა, დაიხურეთ ფართოფარფლიანი ქუდი, მოერიდეთ მცხუნვარე მზეს და იარეთ ჩრდილში. ხოლო თუ გამონაყარი გაძლიერდა, აუცილებელია მალამოებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.

ხათუნა ჩიგოგიძე