საქართველოში ღორის გრიპი 200 ათასამდე კაცმა გადაიტანა - კვირის პალიტრა

საქართველოში ღორის გრიპი 200 ათასამდე კაცმა გადაიტანა

შარშან, დეკემბერში, საქართველო ღორის გრიპის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფებოდა. ახლა ირკვევა, რომ ორი დღის განმავლობაში ამ ზღვარს გადავცდით კიდეც, მაგრამ ოფიციალურად გრიპის ეპიდემია არ გამოცხადებულა. მართალია, ქვეყანაში H1N1-ის გავრცელების პირველი ტალღა დასრულდა, მაგრამ ექიმები უკვე მეორე ტალღას ელიან.

პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი): "სხვა ქვეყნებში პანდემიის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გრიპის გავრცელება ორ ეტაპად მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც ჩვენ ვართ და შესაბამისად, იქნება გრიპის გავრცელების მეორე ტალღაც. თანაც ტრადიციულად ჩვენთან გრიპის გავრცელების სეზონი თებერვალია. თავისთავად, თებერვალში ახალ პანდემიურ H1N1 -ს მცირე პროცენტული რაოდენობით სეზონური გრიპის ვირუსებიც დაემატება. გრიპის მეორე ტალღა ალბათ მარტის ბოლომდე გაგრძელდება და შემოდგომამდე დავისვენებთ ამ ვირუსისგან.

KvirisPalitra.Ge- პროგნოზის მიხედვით გაიზრდება თუ არა ახალ შემთხვევათა რიცხვი?

- არ მგონია, პირველ ტალღას გადააჭარბოს, რადგან ჩვენთან წინა წლის 51-ე და 52-ე კვირას მიაღწია გრიპით ავადობის მაჩვენებელმა პიკს. შემთხვევათა მნიშვნელოვანი მატება იყო ჯერ თბილისში, შემდეგ კი მთლიანად საქართველოში. არა მგონია, გაზაფხულზე შემთხვევათა ასეთი რაოდენობა აღირიცხოს. ზოგადად კი ნოემბრიდან, რაც გრიპის სეზონი დაიწყო, რეგისტრირებულია, რომ 150 ათასზე მეტმა კაცმა გადაიტანა მწვავე რესპირაციული დაავადებები, აქედან 100 ათასზე მეტმა ნამდვილად გადაიტანა H1N1. სამწუხაროდ, გვქონდა გარდაცვალების 21 შემთხვევა. ჰოსპიტალიზებული იყო 8 ათასამდე კაცი. როცა ვამბობთ, რომ მწვავე რესპირაციული დაავადების 150 ათასი შემთხვევა იყო რეგისტრირებული, უნდა ვიგულისხმოთ, რომ 300 ათასი შემთხვევა მაინც იყო. ხოლო როცა ვამბობთ, რომ H1N1-ის 100 ათასი რეგისტრირებული შემთხვევა გვქონდა, ნიშნავს, რომ სულ მცირე 200 ათასმა კაცმა გადაიტანა ეს გრიპი საქართველოში.

- გამოდის, ეპიდემიოლოგიური ზღვარი გადაგვილახავს. რატომ არ გამოცხადდა ოფიციალურად ქვეყანაში გრიპის ეპიდემია?

- ფაქტობრივად, ეპიდემიურ ზღვარზე ვიყავით, დეკემბერში კი მხოლოდ ორი დღე გადასცდა ეპიდემიურ ზღვარს, მაგრამ ეპიდემიის გამოცხადების აუცილებლობა არ ყოფილა. ზუსტად ვერავინ გათვლის, გვექნება თუ არა ეპიდემია მეორე ტალღის დროს, მაგრამ მთელ ჩვენს სამსახურს მიაჩნია, რომ თებერვალში არ იქნება შემთხვევათა იმაზე მეტი რაოდენობა, რაც დეკემბერში იყო.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის გავრცელების პირველი ტალღა, რომელიც ნოემბერში დაიწყო, უკვე დასრულდა?

- პირველი ტალღა ნამდვილად დასრულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გრიპი აღარ არის. კიდევ ერთხელ, ჩემი თხოვნა იქნება, განსაკუთრებით - ორსულების მიმართ, როგორც კი გრიპის ოდნავი ნიშნები მაინც აღმოაჩნდებათ, აუცილებელია თავიდანვე მკურნალობაში ჩაერთოს ანტივირუსული პრეპარატები.

- გრიპის გავრცელების დასაწყისში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ვირუსი მუტაციას განიცდიდა. ხომ არ არის ასეთი რამ მოსალოდნელი გაზაფხულისთვის?

- საბედნიეროდ, მთელ მსოფლიოში ვითარება ამ მხრივ კეთილსაიმედოა. ვირუსი არ შეცვლილა, ახალი თვისებები არ შეუძენია. იყო ანტივირუსული პრეპარატისადმი რეზისტენტობის რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ამას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. არ მგონია, გაზაფხულისთვის რამე შეიცვალოს ამ თვალსაზრისით. ევროპაშიც გრიპის პირველმა ტალღამ მუტაციის შემთხვევათა გარეშე გადაიარა.

- თუ იგეგმება დამატებითი პრევენციული ღონისძიებები მეორე ტალღისთვის?

- ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რამის შეცვლის საფუძველს. სისტემამ გაუძლო ვირუსის პირველ შემოტევას. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირვებოდა, ის კი დაკავებული ყოფილიყო...

- ვაქცინაციასთან დაკავშირებით თუ არის რამე სიახლე?

- გუშინაც კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ველოდებით, რომ ვაქცინას უკვე თებერვლის დასაწყისში მოგვაწოდებენ. აცრის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. პირველ ეტაპზე, სულ მცირე, 50 ათას დოზას ველოდებით. პირველ რიგში ვაქცინაცია ექიმებს ჩაუტარდებათ.

- ორსულებს რატომ არა, თუ ორსულთათვის ვაქცინაცია არც არის რეკომენდებული?

- ორსულებს შევთავაზებთ, ოღონდ პირველ რიგში მაინც ექიმებს ავცრით, რადგან ეს არის მსოფლიოში მიღებული სტრატეგია.

- როცა საქართველოში დაავადებათა რაოდენობამ პიკს მიაღწია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იყო პრობლემები ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. თუ გაქვთ ინფორმაცია, ახლა რა მდგომარეობაა იქ?

- სამწუხაროდ, ისეთივე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთს ჯანდაცვის სამინისტროდან მივაწოდეთ სამკურნალო პრეპარატები დე ფაქტო წამომადგენლების მეშვეობით.