ზაფხულის დაავადებები - კვირის პალიტრა

ზაფხულის დაავადებები

დედამიწაზე მწერების მილიარდზე მეტი სახეობა ბინადრობს და აქედან მხოლოდ 70 000-ია შესწავლილი. მეცნიერთა განმარტებით, ტრანსმისიურ დაავადებათა რიცხვი მკვეთრად არის გაზრდილი. მოსალოდნელი ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად ისინი მოითხოვენ, რომ მწერებისა და მათგან გამოწვეული დაავადებები განსაკუთრებულ კონტროლზე იქნას აყვანილი. გვესაუბრება ექიმი მერაბ იოსავა.

- ტრანსმისიურ დაავადებათა ზრდა გლობალიზაციის, ადამიანთა მთელ მსოფლიოში გადაადგილების გააქტიურებითა და კლიმატის შეცვლით, დათბობით არის გამოწვეული. სხვათა შორის, ამ ფაქტორებმა არა მხოლოდ ახალი დაავადებების გაჩენა, არამედ შეიძლება ზოგიერთი დავიწყებული დაავადებების შემობრუნებაც გამოიწვიოს. ჩვენთან ამგვარ დაავადებას მიეკუთვნებოდა მალარია, რომლის ადგილობრივი შემთხვევები ამჟამად არ ფიქსირდება, მაგრამ დენგეს ცხელება, დასავლეთ ნილოსის ცხელება, ვისცერული ლეიშმანიოზი, კანის ლეიშმანიოზი, ტკიპისმიერი ვირუსული ენცეფალიტი და ა.შ შემოტანილი დაავადებებია.

- ბრძანეთ, რომ მალარიის შემთხვევები არ ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ მისგან  დაზღვეული ვართ?

-  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე კაცი და მათგან მილიონ სამასი ათასამდე (უმეტესად 5 წლამდე ბავშვები) კვდება. საქართველოში კი ამ დაავადების გადამტანი თითქმის ყველა სახეობის კოღოა გავრცელებული. ასე რომ, დაზღვეული არაფრისგან ვართ. თუმცა, საბედნიეროდ, ექიმის დროულად ჩარევით ამ დაავადებასთან ბრძოლა შეიძლება.

- საკმაოდ საშიში დაავადებაა ლეიშმანიოზი.

- ლეიშმანიოზით დაავადება იწვევს სიკვდილს. ამჟამად სწრაფად შეიძლება ამ დაავადების დადგენა და მასთან გამკლავებაც. ის კბენით გადააქვთ მცირე ზომის მწერებს - მოსკიტებს. კლინიკური ნიშნები კი საკმაოდ სერიოზულია: პაციენტს აღენიშნება ცხელება 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით; ელენთის და ღვიძლის გადიდება ან ანემია. ლეიშმანიოზი შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმის. მწვავე ფორმა გვხვდება ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებში. მიმდინარეობს მძიმედ და ხასიათდება მაღალი ლეტალობით. ლეიშმანიოზის გადამტანად შეიძლება მოგვევლინონ მწერებისაგან დაკბენილი მაწანწალა ძაღლები.

არანაკლებ საფრთხის შემცველი დაავადებებია დანგესა და დასავლეთ ნილოსის ცხელება. დანგეს ცხელების რისკის ქვეშ მსოფლიოს თითქმის 40%-მდე იმყოფება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯანმრთელობისათვის გლობალური საფრთხის შემცველ დაავადებად არის კლასიფიცირებული. ძირითადად გვხვდება აზიის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ნაწილებში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ნილოსის ცხელების სადღეისოდ  გავრცელების არეალი თითქმის ყველა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანას მოიცავს.  გამოვლენილია სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, რუსეთში... ავადმყოფობა იწყება მწვავედ. შემცივნების შემდეგ ტემპერატურა სწრაფად იწევს 38-40 გრადუსამდე. ზოგიერთ პაციენტს ტემპერატურის მომატებამდე აღენიშნება საერთო სისუსტე,  ოფლიანობა და თავის ტკივილი.  ხშირად შეიმჩნევა პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება, მოგვიანებით ვითარდება მენინგიტის ნიშნებიც. საბედნიეროდ, ამჟამად საქართველოში არ ფიქსირდება.

- ტკიპის ნაკბენი უამრავ გართულებულ დაავადებას იწვევს.

- თუ ტკიპისმიერ ენცეფალიტს გულისხმობთ, მისი გადამტანი ძირითადად ტყეებშია გავრცელებული. მისი ნაკბენისგან გამოწვეული დაავადების  ინკუბაციური პერიოდი 8-20 დღეს შეადგენს. ეს დაავადება ცხელებით და თავის ძლიერი ტკივილით იწყება, ზოგჯერ შეიძლება დაერთოს ღებინებაც ან სინათლის შიში და ა.შ. საბედნიეროდ, ეს დაავადებაც არ არის განუკურნებელი. თუმცაღა, ახლა ზაფხულია და თუკი ტყეებში ასეთი ტკიპის მსხვერპლი ვინმე გახდა, მან უნდა იცოდეს, რომ ტკიპა ფრთხილად უნდა მოვიშოროთ, არ შეიძლება მისი გაჭყლეტა - ენცეფალიტის გამომწვევი ვირუსი, ისევე როგორც სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები, მის შიგნეულობაშია დაბინავებული. ვირუსი მის სანერწყვე ჯირკვლებში, ანუ თავში კონცენტრირდება, რომელიც მოგლეჯისას ხშირად ჭრილობაში რჩება. თუ ტკიპის ნაწილი, კერძოდ, თავი ჭრილობაში ჩარჩა (ის შავ წერტილს ემსგავსება), უნდა დაელოდოთ მის თავისთავად მოცილებას  ან მიაკითხოთ ქირურგს.