მამის ინსტინქტი დედობრივზე გვიან ჩნდება
25-08-2014
უხსოვარი დროიდან ოჯახში მამის როლი მთავარი და შეუცვლელი იყო. ყველა მამაკაცი ბუნებრივად მოწოდებულია ქმრობისა და მამობისთვის ისევე, როგორც ქალი, რომელიც ცოლობისა და დედობისთვის ემზადება. ადამიანი, და მით უმეტეს მამაკაცი, ყოველთვის ფიქრობს, რა დარჩებათ შთამომავლებს მისგან. მთავარი სიმდიდრე, რაც მამამ შვილს უნდა დაუტოვოს, მატერიალური დოვლათი კი არა, პატიოსანი სახელი და ის სულიერი სიმდიდრეა, რამაც შვილს ცხოვრების გზა უნდა გაუნათოს.

ქორწინების შემდეგ მამაკაცი უზარმაზარ პასუხისმგებლობას იღებს, რათა იყოს მამა და ოჯახის ბურჯი.
თუმცა თანამედროვე ცხოვრების სტილმა ბევრ ოჯახში ქალის როლი უფრო დააწინაურა. მამის როლი და ავტორიტეტი ოჯახურ საქმეებში დაკნინდა. თანამედროვე კომფორტულ ბინებში მამის ფიზიკურ შრომას აზრი აღარ აქვს, ბავშვებიც მამის ძალის დემონსტრირებას ვერ ხედავენ. სამაგიეროდ, დედისა და ცოლის ფუნქცია გაიზარდა. ის შინაც აქტიურად საქმიანობს და გარეთაც. შვილების
თვალში ის უფრო "მოწინავე" ჩანს.

თანამედროვე ცხოვრებამ სახლიდან ოფისში გადაასახლა არა მარტო მამაკაცი, ქალიც. სამსახური ბევრი ცოლ-ქმრისთვის მეორე ოჯახად იქცა, ამის მიუხედავად, მამა ოჯახის მთავარი და ყველაზე ძლიერი საყრდენია.
მამობა ნამდვილი გამოცდაა. უამრავ ახალგაზრდას, რომელიც სიყვარულით დაქორწინდა, მამობის დაუძლეველი შიში აქვს. ზოგიერთი წყვილი მხოლოდ პირველი შვილის დაბადებამდე ცხოვრობს ნორმალურად, შემდეგ კი მათი ურთიერთობა უარესდება. ახალბედა მამას შინისკენ გული აღარ მიუწევს - ცოლ-შვილს გაურბის. ეს მამობრივი ინსტინქტის განუვითარებლობაა, რომელიც მართალია, უსიამოვნოა, მაგრამ პათოლოგიად არ ითვლება. მამობრივი განცდა ბავშვის გაჩენიდან მოგვიანებით ყალიბდება. ამის მიუხედავად, უშვილობის გამო ბევრი ახალგაზრდა კაცი შორდება ცოლს. ეს უფრო მესაკუთრე ბუნების კაცებს ახასიათებთ, რომლებსაც თავიანთი საქმის გამგრძელებლის, მემკვიდრის ყოლა სურთ.

ხშირად მამებს ცოლ-შვილისთვის დრო არ რჩებათ. არადა, შვილების გვერდით მამაკაცი თავისი ხასიათის საუკეთესო მხარეებს ავლენს. უფრო კეთილი, ერთგული და მხიარულია. ამ თვალსაზრისით არა მარტო მამაა შვილის აღმზრდელი, შვილებიც დიდ როლს თამაშობენ მის ხელმეორედ აღზრდაში.
მამა ოჯახს მხოლოდ ბავშვის აღსაზრდელად ან დასასჯელად როდი სჭირდება. ის შვილების საიმედო დამხმარე და მხარში მდგომი უნდა იყოს. მამასთან მეგობრობა ნებისმიერი ბავშვისთვის დიდი და ძვირფასი საჩუქარია, აღზრდაში კი მამის სამაგალითო საქციელი უმნიშვნელოვანესია. ვაჟები ზუსტად იმეორებენ მამის ცხოვრების წესს, ქცევებსა და აზრებს. სწორედ მამისგან გადაეცემათ სულის სიმტკიცე, ძალა, მამაკაცური საიმედოობა, ქალის მიმართ დამოკიდებულება. ვაჟი, რომლის მამაც ცოლისადმი ყურადღებიანია, ცოლის მოყვანის შემდეგ ასეთივე ქმარი იქნება. თუ მამა ზარმაცია და საქმეს თავს არიდებს, ამ ჩვევას შვილიც ითვისებს.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მამა მხოლოდ შვილებს არ სჭირდებათ. მან დედასთან ერთად უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა. ოჯახში კომფორტის შექმნა, რემონტი, ფიზიკური საქმე და მატერიალური უზრუნველყოფა მამის პასუხისმგებლობაა, თუმცა ცოლ-შვილმა ის "მეწველ ძროხად" არ უნდა აქციოს. ამით მამის ავტორიტეტი კნინდება, რაც მთელ ოჯახზე იმოქმედებს.

ძვირფასო მამებო, თქვენს ცოლ-შვილს კომფორტი და უზრუნველი ცხოვრება ალბათ, ძალიან მოსწონთ, მაგრამ მათ უპირველესად თქვენი ყურადღება და სიახლოვე სჭირდებათ. ამიტომ ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ მატერიალური მხარე, ოჯახში მთავარი სითბო და ურთიერთობებია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით