სალბი - მკურნალი - კვირის პალიტრა

სალბი - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლებს ფართოდ იყენებენ სამკურნალოდ. მას შეუძლია ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი მოქმედება.

გთავაზობთ რეცეპტებს:

გაცივების დროს - 1 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ქურიდან და 30 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭ თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

ბრონქიტისა და პნევმონიის დროს (ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად) - 1 ს/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ რძე. მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით, გააჩერეთ 10 წუთი და გაწურეთ. ცხელი ნაყენი მიიღეთ ძილის წინ. კურსი 10-14 დღეა.

გასტრიტისა (დაბალი მჟავიანობით) და მეტეორიზმის დროს - 2 ს/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 2-2 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, კურსი - 10-14 დღეა.

პარადონტოზის, სტომატიტის, გინგივიტის, ანგინის, ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს (ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად) - 1 ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 30 წუთი გააჩერეთ და გაწურეთ. დღეში 3-4-ჯერ თბილი ნაყენი გამოივლეთ პირის ღრუში ან ყელში.

კლიმაქსისა და ძლიერი სისხლდენის დროს - 1 ს/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. მიიყვანეთ დუღილამდე, 2 საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.