"ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს მცენარეული ნაყენები უძლურია" - კვირის პალიტრა

"ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს მცენარეული ნაყენები უძლურია"

ჩვენი რუბრიკის სტუმარია ექიმი-ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე, რომელიც მკურნალობის პროცესში წარმატებით იყენებს მცენარეებს, ხალხური და თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს. ჩვენ დავინტერესდით, შველის თუ არა მცენარეული ნაყენები ნაღველკენჭოვან დაავადებას, რომელიც დღეს ასე გავრცელებულია:

- პაციენტები ხშირად კითხულობენ - რატომ ჩნდება ნაღვლის ბუშტში კენჭები? ნაღვლის კონკრემენტების ანუ სანაღვლე გზებში კენჭებისა და ქვების წარმოქმნის მიზეზი მრავალგვარია: ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ფეხმძიმობის პერიოდში ნაყოფის დაწოლა ნაღვლის ბუშტზე, დაავადება შეიძლება გამოიწვიოს არასწორი კვების რეჟიმმა და გარემო ფაქტორებმაც... ყველა მიზეზის ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

- შეიძლება თუ არა ნაღველში არსებული კენჭების დაშლა?

- ნაღვლის კენჭების დაშლა არ შეიძლება. თუმცა, ძალიან ბევრი ცდილობს და ათასგვარ ხერხს მიმართავს: ზოგ შემთხვევაში ეს თვითმკურნალობაა, მაგრამ ზოგიერთი "მკურნალი" ე.წ. კენჭების დაშლაში პაციენტს ფულსაც ართმევს. ამ მიზნით მცენარეულ საშუალებებსაც მიმართავენ: მაგალითად, ზეითუნის ზეთს ან მანანის ბურღულს, მაგრამ კენჭები ნაღველში იმავე რაოდენობით რჩება. განსხვავება იცით რა არის? - ამგვარი "მკურნალობის" შემდეგ ფეკალური მასა შეკრული, მწვანე კოშტების სახით გამოდის და პაციენტს ჰგონია, რომ კენჭები დაიშალა. ნაღვლის ბუშტში კენჭის დაშლა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხერხდეს: თუ ეს ე.წ. რბილი კენჭებია და თუ ექოსკოპიაც გვაჩვენებს, რომ ეს ჩამოყალიბებული, გამკვრივებული კენჭი არ არის. ნაღველში კენჭი მცენარეული პრეპარატებითა და ნაყენებითაც არ იშლება.

- ესე იგი, ამ პრობლემას მცენარეები და ფიტოთერაპიაც ვერ შველის?

- ასეა. მკვრივ კენჭებს მცენარეული რეცეპტებიც ვერ შველის. ყოფილა ერთეული შემთხვევები, როდესაც ნაღველში კენჭები მეც დამიშლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ ყოველთვის შეიძლება. ამიტომ ნაღველკენჭოვანი დაავადების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეცვალოს თავისი კვებისა და ცხოვრების რეჟიმი და შეეცადოს, როგორმე მართოს სიტუაცია, ხოლო გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოს ქირურგს. ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნებისმიერი მცენარეული ნაკრების გამოყენება შეიძლება, ოღონდ - ძალიან მიზანმიმართულად. კერძოდ - ჭამიდან 15-20 წუთის ან ნახევარი საათის შემდეგ და ეს უნდა ხდებოდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ადამიანს ნაღველკენჭოვანი დაავადება აქვს, არ შეიძლება მისთვის ყავის მიღება უზმოზე, ან სხვა სასმელებისა - თუნდაც ეს იყოს თაფლიანი წყალი, ან ჩაი. ჯერ უნდა ჭამოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დალიოთ ყავა, ჩაი ან სხვა რამ. იმ შემთხვევაში, თუ კენჭი მოძრავია და შეიძლება ანთებაც გამოიწვიოს, ქირურგიული ჩარევა და მისი მოცილება ჯობია, იმიტომ, რომ ეს წლების შემდეგ იწვევს სერიოზულ გართულებებს: ზოგ შემთხვევაში პანკრეატიტს, ზოგ შემთხვევაში - მეორად პანკრეატიტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში - სიმსივნურ გადაგვარებასაც კი. კენჭების მოცილება სამი ხერხით შეიძლება: ტრადიციული, ოპერაციული ჩარევით, რომლის დროსაც კვეთა დიდ მონაკვეთზე ხდება, ლაპარასკოპიითა და ლაპარაქტომიით.

- რა შემთხვევაშია გამართლებული ფიტოთერაპიის ჩარევა?

- თუ ადამიანს ნაღველში კენჭები აქვს და სხვა რამეც აწუხებს - დავუშვათ, წყლული, ან ანთება, შესაძლოა მას მცენარეული ნაყენებით ვუმკურნალოთ. მკურნალობა საჭიროა იმ მიზნით, რომ ჩავაქროთ ანთება და პაციენტი იყოს შრომისუნარიანი. რასაკვირველია, მკურნალობა შეიძლება, მაგრამ კენჭები მაინც არ გაქრება. ამავე დროს, შეიძლება ადამიანს ნაღველში კენჭები ჰქონდეს, მაგრამ 100 წელი უპრობლემოდ იცოცხლოს. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ოპერაცია უნდა გაიკეთოს. ზოგ შემთხვევაში ოპერაცია აუცილებელია, ზოგში კი - არა.

- დაბოლოს, როგორ შეიძლება დავიზღვიოთ თავი ნაღველკენჭოვანი დაავადებისაგან?

- წესითა და რიგით, ბავშვობიდანვე უნდა ვეცადოთ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები არ ჩამოყალიბდეს: ამისათვის საჭიროა კვების რეჟიმის დაცვა: უნდა ვჭამოთ დღეში სამჯერ, რომ ნაღვლის წვენი გამოიყოს დღეში სამჯერ მაინც. დილის საუზმე აუცილებელია, შუადღის კვება 1-დან 3 საათამდე - ასევე აუცილებელი, მერე კი შეიძლება საკვები მესამედ და მეოთხედაც მივიღოთ. თუ კვება მოწესრიგებული არ არის, ნაღვლის ბუშტში ნაღვლის წვენი გუბდება და მერე კენჭად ყალიბდება. სასურველია, ადამიანმა 2-3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაიტაროს ექოსკოპიური კვლევა და მედიკამენტები იმის მიხედვით შევურჩიოთ, ნაღვლის ბუშტი რა მდგომარეობაში აქვს. ამავე დროს, პროფილაქტიკისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ბევრი მცენარე - ნაკრებში, ან - ცალკე. მათ შორისაა: გვირილა, კრაზანა, ფარსმანდუკი, თავშავა, ბარამბო, ვარდკაჭაჭა, ცაცხვის ყვავილი... სასურველია, მათი ნაყენი ჩაის სახით დალიოთ. აიღებთ ამ მცენარეებს (ყველა აუცილებელი არ არის, 3-4 მათგანიც საკმარისია) თანაბარი რაოდენობით და შეურევთ ერთმანეთში. სამ სუფრის კოვზ ნარევს დაასხამთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და მიიღებთ დღეში სამჯერ - ჭამის შემდეგ. ეს პროფილაქტიკისათვის ძალიან კარგი საშუალებაა, შეიძლება გამოიყენოთ ქოლეცისტიტის დროსაც, მაგრამ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეტევა დაიწყოს და არაგეგმური ოპერაციის ჩატარება გახდეს საჭირო. თუ ნაღველკენჭოვანი დაავადება გაქვთ, მცენარეული ნაყენები ყოველთვის ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ. ჭამის წინ, უზმოზე კი არც ერთი პრეპარატი არ უნდა მიიღოთ!

ხათუნა ჩიგოგიძე