დიაგნოზი სახეზეა - კვირის პალიტრა

დიაგნოზი სახეზეა

გინდათ გაიგოთ ყველაფერი წესრიგშია თუ არა თქვენს ორგანიზმში?  ყურადღებით დააკვირდით სახის კანს. კანის სიმშრალე, ცხიმიანობა, გამონაყარი, ფერმკრთალი ან წითელი სახე - მიანიშნებს, რომ ორგანიზმში რაღაც ცვლილებებია.

თუ წონა ნორმალური გაქვთ, მაგრამ დაბანიდან 1-2 საათის შემდეგ სახე მაინც გიბრწყინავთ, შესაძლებელია ღვიძლი გაწუხებთ. მაგალითად, ქოლეცისტიტი, ჰოლანგიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ღვიძლი ხომ არეგულირებს მეტაბოლიზმის ყველა სახეს, მათ შორის ცხიმოვანს. ამ ორგანოს დაავადებისას ირღვევა ცხიმების გამოდევნის პროცესი, ამიტომ, რომ არ მოვიწამლოთ, საქმეში ერთვება კანი, მისი ფორების მეშვეობით გარეთ გამოდის ცხიმი. ხშირად ამ სახით გამოდის ტოქსინები, რომლებიც საკვებთან, წყალთან და ჰაერთან ერთად ხვდება ორგანიზმში, მაშინ ცხიმიან სახეს ემატება გამონაყარიც...

სამწუხაროდ, ამ პრობლემას მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით არ მოევლება, საჭიროა ჩაიტაროთ ღვიძლის ფერმენტებზე ბიოქიმიური ანალიზი და შეზღუდოთ ცხიმიანი, მარილიანი საკვები, ალკოჰოლის მიღება. კანის სიმშრალის ძირითადი მიზეზია ორგანიზმში წყლის ბალანსის დარღვევა, რომლის აღმოფხვრა ადვილია. სვით დღეში 1,5-2 ლ წყალი და იხმარეთ დამატენიანებელი კრემები, მიიღეთA, A, E  Dდა D  ვიტამინების კომპლექსი, ახალი ხილი და ბოსტნეული.

კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქცია. ეს ორგანო მწყობრიდან შეიძლება გამოიყვანოს იოდის უკმარისობამ, ხანგრძლივად მონიტორთან ჯდომამ, სტრესებმა და სხვა ბევრმა ფაქტორმა. ჰიპოთირეოზის დროს, გარდა კანის სიმშრალისა, შეიძლება შეშუპდეს სახე და ფეხები, ამავე დროს თუ გეძინებათ და გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

უმეტეს შემთხვევაში სახის სიფერმკრთალეს იწვევს ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა. თუ ჰემოგლობინთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მაგრამ დილაობით თავბრუ გეხვევათ, ყურებში ხმაური გესმით,  გეჩვენებათ, რომ გული მიგდით, - ესტუმრეთ ნევროპათოლოგს, შესაძლებელია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია გაქვთ.

კანზე ჩირქოვანი მუწუკები და სხვა პატარა ანთებები (აკნე) მარტო მოზარდების პრობლემა არ არის, ისე, როგორც მშრალი კანის შემთხვევაში, გამონაყარი მიანიშნებს ჰორმონულ დარღვევებზე. ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონის მეტობის შემთხვევაში სახეზე შეიძლება გაჩნდეს მუწუკები, თმა (ნიკაპის მიდამოში). ამ შემთხვევაში ანალიზი უნდა გაკეთდეს ჰორმონულ სტატუსზე. სპეციალისტები გვირჩევენ, არ დაიზაროთ, მომატებულმა ტესტოსტერონმა შეიძლება სხვა დაავადებებიც გამოიწვიოს. მაგალითად, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი ან უნაყოფობა.

დაბოლოს: გამოკვლევების შემდეგ, თუკი ზემოთ აღნიშნული მიზეზები არ დასტურდება, მიმართეთ დერმატოლოგს.