აკლიმატიზაცია დასვენებამდე და დასვენების შემდეგ
08-09-2014
აკლიმატიზაცია დასვენებამდე და დასვენების შემდეგ
ამბობენ, დასვენება სექტემბერში სჯობსო - ხავერდოვანი სეზონი მთაშიც და ზღვაზეც საუკეთესოდ მოქმედებს ადამიანის გუნებაზე. თუმცა წლევანდელ პაპანაქებაში სექტემბრამდეც ბევრმა გაარიდა თავი ქალაქს. მაგრამ დასვენება სიამოვნებისა და შვების გარდა ქმნის პრობლემებს, რასაც უსათუოდ უნდა გათვალისწინება. ეს არის შეგუება კლიმატის ცვლილებებთან. შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, რომ არსებობს განმეორებითი აკლიმატიზაციაც, ანუ აკლიმატიზაცია კურორტიდან დაბრუნების შემდეგ, რასაც ზოგჯერ მსუბუქი დეპრესიაც მოჰყვება ხოლმე. ამ საკითხზე ექიმ მირანდა ვასაძეს ვესაუბრეთ.…

- აკლიმატიზაცია ახალ კლიმატურ პირობებთან,
ახალ ადგილთან შეგუების სირთულეს ნიშნავს, თუმცა ამბობენ, ზოგიერთზე აკლიმატიზაცია არ მოქმედებსო.

- კლიმატურ პირობებთან შეგუების პრობლემა რეალურად არსებობს და ის ორგანიზმისთვის სტრესია. სტრესი ახალგაზრდულ ასაკში იოლი გადასატანია, თუმცა ბავშვებსა  და შედარებით ასაკოვან ადამიანებს უჭირთ ხოლმე. აკლიმატიზაციას მწვავედ განიცდიან ამინდისადმი  მგრძნობიარენი. ისინი ზოგჯერ აგარაკებიდან თითქოს უფრო
დაღლილებიც კი ბრუნდებიან. აკლიმატიზაცია 5-7 დღე გრძელდება ხოლმე, ამიტომაც დასასვენებლად წასვლა სჯობს 20-21 დღით მაინც. აკლიმატიზაციაში ადამიანს ძალიან ეხმარება ძილი. ალბათ ბევრი დაჰკვირვებია, რომ შვებულების პირველ დღეებში სულ ძილი უნდა. ეს კარგია და აუცილებელიც სტრესების მოსახსნელად. თუმცა, თუ შვებულება კაცმა 8-10-საათიან ძილში გაატარა, შვებულების შემდეგ მოკლეძილიან რეჟიმზე გადასვლა გაუჭირდება და ესეც სტრესია.  ორგანიზმს მეტი პრობლემა ექმნება, როცა შვებულებისას ვცდილობთ,  დრო რაციონალურად გამოვიყენოთ და  ნაკლები ვიძინოთ. ამით მთელი ენერგია იფანტება.

- ბიორიტმების ცვლილებაზე რას იტყვით?
- საქართველოში მოაგარაკეებს ეს საფრთხე არ ემუქრებათ - ჩვენი ქვეყანა იმხელა როდია, რომ დასასვენებლად წასულებმა საათობრივი სარტყელი და ბიოლოგიური საათი შევიცვალოთ. Mმაგრამ თუკი ადამიანი ათასობით კილომეტრზე მიდის დასასვენებლად, ამ შემთხვევაში თითქმის ყველა ორგანო გადაეწყობა ახალ ბიოლოგიურ საათზე, ახალ რიტმზე, მათ შორის ძილისა და კვების რეჟიმზე და იწყება ორგანიზმის ბრძოლა ამ რეჟიმში დასამკვიდრებლად. მისი პირველი უარყოფითი შედეგი უძილობა და ჩვეული წესებიდან ამოვარდნაა, რომელიც ზოგჯერ რეალობას ტვირთადაც კი აქცევს. აAმ პირობებში შინ დაბრუნებისას ჩვეულ რეჟიმზე გადასვლას ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი სჭირდება. ზოგჯერ ჟანგბადით მდიდარ ადგილებში ჭარბ ჟანგბადთან შეგუებაც პრობლემა ხდება - ავტომობილების გამონაბოლქვით სავსე ფილტვებს უჭირს ჯანსაღ ჰაერთან შეგუება, რასაც თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მსგავსი სიმპტომები მოსდევს. ამას მედიკოსები ჟანგბადით მოწამვლასაც უწოდებენ, რაც, საბედნიეროდ, მალე გადის და არ ართულებს შინ დაბრუნების "აკლიმატიზაციას".…

- ეს არის განმეორებითი აკლიმატიზაცია?
- შეიძლება ასეც დავარქვათ... დასვენების შემდეგ, როცა ადამიანი შინ ქრონიკული დაღლილობის სინდრომით, დაქანცული და ხშირად დეპრესიულიც (რაც შეიძლება გამოიხატოს თუნდაც გაცივებით ან კუჭ-ნაწლავის აშლილობით) ბრუნდება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს შვებულებისას მრავალი ასეული კილომეტრის გადალახვა და საათობრივი სარტყლის შეცვლა, ანდა დასვენებისას მისთვის უჩვეულოდ ცხოვრება... ამ დროს მას ეძალება დეპრესია, თავს იჩენს უმიზეზო სევდა, გუნების დამძიმება. ამას ზოგი ძალიან განიცდის და შიშობს, რომ შეიძლება სამსახური ჩვეული ტემპით ვეღარც გააგრძელოს. აAმავდროულად, ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ შვებულებისას მართლაც ქვეითდება გონებრივი კოეფიციენტი. თუმცა ადამიანს ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს და ეს შიში გადაჭარბებულია - რამდენიმე დღეში ის ორგანიზმს აიძულებს, ნაცნობ გარემოს შეეწყოს; ეწყობა კიდეც. აAმის მიუხედავად, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ორგანიზმს ადაპტაციისას მაქსიმალური სიმშვიდით უნდა დავეხმაროთ, მით უფრო მაშინ, თუკი ის გვიჯანყდება იმის გამო, რომ კომფორტული პირობებიდან ისევ არცთუ ისე სასიამოვნო გარემოში დავბრუნდით. გაივლის დაახლოებით 7 დღე და ყველაფერი კარგად იქნება.
ბექა
14 აგვისტო 2018 22:03
გამარჯობა, მაინტერესებს ადამიანს ეგრევე ეწყება სიმპტომები თუ შეიძლება ეს რამდენიმე დღის შემდეგაც მოხდეს , 20 დღეა იტალიაში ვარ და ახლა დამეწყო თავის ტკივილი და თავბრუს ხვევა
qeti
29 ივლისი 2015 02:29
როგორ მოვიქცეთ თუ 10 წლის ბავშვს დაეწყო სიმპტომები? მაგალითად ტკივილები მუცლის არეში. ბავშვი მთაში ისვენებს
მესამე დღეა


რედაქტორის რჩევით