რატომ გასუქდა ჩემი შვილი? - კვირის პალიტრა

რატომ გასუქდა ჩემი შვილი?

წონის მატებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის - მემკვიდრეობა, ტემპერამენტი, მადა, სულიერი წონასწორობა, კვების არასწორი რეჟიმი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების არასწორი მუშაობა. თუ მშობლები და უახლოესი ნათესავები მსუქნები არიან, დიდია ალბათობა, ბავშვიც გასუქდეს.  სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი სულიერი აშლილობაა. როდესაც ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს, უჭირს ირგვლივ მყოფებთან კონტაქტში შესვლა, მშობლებს შორის უთანხმოებაა და სხვა, ის შვებას ჭამაში ეძებს. ხშირია წონის მატება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ტკბილეულის, ნამცხვრების მოყვარული ბავშვი, ბუნებრივია, უფრო ბუთხუზა იქნება, ვიდრე ის, ვინც უპირატესობას ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, თევზს ანიჭებს.

რატომ არ უნდა ვაჭამოთ პატარას ტკბილეული?

ტკბილეული ბავშვს სწრაფად ანაყრებს, მაგრამ ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, უჯრედისსა და ცილებს ფაქტობრივად არ შეიცავს. იშვიათად ნამცხვრით ყელის ჩაკოკლოზინებაც შეიძლება, მაგრამ თუ ბავშვს რეგულარულად აჭმევთ ტკბილეულს, იცოდეთ, რომ მას აუცილებელ ნივთიერებებს აკლებთ. ყველა "სიკეთესთან" ერთად, ტკბილეული კბილის მინანქარსაც აზიანებს. თუ ბავშვი სიამოვნებით ჭამს ხილიან უშაქრო ფაფას, შაქარს ნუღარ დაუმატებთ. ჟელე, მურაბა, დაკონსერვებული ხილი ბევრ შაქარს შეიცავს, ამიტომ ბავშვს ხშირად არ აჭამოთ. კანფეტები, ტკბილი გაზიანი წყალი და ნაყინიც არასრულფასოვანი საკვებია, თანაც მათ ჭამიდან ჭამამდე არსებულ შუალედში მიირთმევენ, რაც განსაკუთრებით მავნებელია.

როგორ გადავარჩინოთ ბავშვი გასუქებას?

უმეტესობა ალბათ დიეტას შემოგვთავაზებს, მაგრამ მისი დაცვა ხომ მოზრდილებსაც უჭირთ!  ამასთანავე, პატარა ბუთხუზა საცდურს რომ მოარიდოს, მთელი ოჯახი იძულებული იქნება, თავადაც დიეტურ საკვებზე გადავიდეს. თანაც ტკბილეულის მოყვარულ ბავშვს ვერაფრით აუკრძალავ ნუგბარის ჭამას. ის ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტს გამოიყენებს და მაინც მიაღწევს საწადელს. ასე რომ, სხვაგვარი ტაქტიკაა საჭირო. უმჯობესია:

შინ არავითარი საკონდიტრო ნაწარმი არ გააჩეროთ;

საყვარელი ტკბილეული ბავშვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესთავაზოთ;

ჭამიდან ჭამამდე ხილით გაუმასპინძლდით.

რაც მთავარია, დიეტის აუცილებლობის შესახებ ბავშვს ექიმი უნდა ესაუბროს, დიეტაც მანვე უნდა დაუნიშნოს. გახდომა ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ამიტომ ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს ბავშვის წონა, იკითხოს, რა ჩივილები აქვს, ხომ არ გრძნობს სისუსტეს, ადვილად დაღლას. როგორი მსუქანიც უნდა იყოს ბავშვი, კვირაში 500 გრამზე მეტის დაკლება არ შეიძლება. დაიმახსოვრეთ, საქმე მოზარდის ორგანიზმთან გვაქვს, მას კი ზრდა-განვითარებისთვის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები სჭირდება. რაციონიდან მათი ამოღება მოზარდ ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ნურასოდეს გაეხუმრებით და მით უმეტეს ნუ დასცინებთ ზედმეტი წონის გამო. თუ ექიმთან მისვლა ვერ მოახერხეთ, თავად დაუწესეთ შეზღუდვები, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვმა ყოველდღე უნდა მიიღოს:

რძე ან მისი ნაწარმი (მაწონი, ხაჭო, ყველი); ფრინველის, თევზის ან საქონლის მჭლე ხორცი; მოხარშული კვერცხი; მწვანე და ყვითელი ბოსტნეული; ხილი.

ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია ფაფა, პური, კარტოფილი. მართალია, ეს პროდუქტი წონის მატებას უწყობს ხელს, მაგრამ ზომიერად შეზღუდული ოდენობით მაინც უნდა შედიოდეს ბავშვის დიეტურ მენიუში.

დაბოლოს, არამც და არამც არ შეიძლება, წონის დასაკლებად ბავშვს დაალევინოთ გასახდომი ჩაი თუ ტაბლეტები.