სიმწრით მოპოვებული რეცეპტი
15-09-2014
სიმწრით  მოპოვებული რეცეპტი
სადამდე მიგვიყვანს სააფთიაქო ბაკქანალია

მოსახლეობას რეცეპტების გამო ბევრი პრობლემა შეექმნა. მათ პოლიკლინიკებსაA და საავადმყოფოებში ხშირად რიგებში დგომა უწევთ. ჯანდაცვის სამინისტრო დაშვებულ შეცდომებს თანდათან ასწორებს - 772 დასახელების წამალი ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტთა რიცხვს დაემატა და დღეს ურეცეპტოდ უკვე 4138 მედიკამენტი გაიცემა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიაში კორექტივები ფარმაცევტთა ასოციაციის წინადადებით შეიტანეს.

- მათი უმრავლესობა გარეგანი მოხმარებისაა, მალამოებია. არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საინიექციო ფორმებიც, დაემატა ერთი სახის
სტეროიდი, საინიექციო "პრედნიზოლონი"". გადაუდებელ დახმარებას დაემატა ხანმოკლე მოქმედების "პაპავერინი" და "დიბაზოლი", ასევე დიაბეტის მართვის ორი საინიექციო პრეპარატი. ეს ცვლილებები საბოლოო არ არის, - აცხადებს მინისტრი.

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შავი ბაზრის არსებობაზეც ალაპარაკდნენ. მინისტრმა გააკრიტიკა "ავერსის" აფთიაქებში ექიმების გამოჩენაც, რომლებიც რეცეპტს გამოკვლევის გარეშე უწერდნენ პაციენტებს.
შავი ბაზრის და არალეგალური გაყიდვების რისკი არსებობდა, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო - ის გამოწვევები, რატომაც ეს ცვლილება განხორციელდა (სააფთიაქო ნარკომანია, უხარისხო მკურნალობა და თვითმკურნალობით მიღებული ზიანი) გადაწონიდა, თუ შავი ბაზრის გავრცელების საფრთხე? სახელმწიფოს მოვალეობაა მოსახლეობის შავი ბაზრისგან დაცვაზე ზრუნვა. ამას ახლაც ვაკეთებთ და ცდას არც მომავალში დავაკლებთ", - აღნიშნა მინისტრმა.

- კიდევ კარგი, "ავერსმა" მოიფიქრა, და ექიმები აფთიაქებში გვიწერდნენ რეცეპტს, თორემ ხალხს რა ეშველებოდა. პოლიკლინიკებში გეუბნებიან, დიდი რიგია, ვერ მიგიღებთო. რომც მიგიღონ, გამოკვლევებში თანხის გადახდა გიწევს, საყოველთაო ჯანდაცვა ყველაფერს არ აფინანსებს. ახლა აკრძალეს და აღარც "ავერსის" ექიმები გვიწერენ რეცეპტს, - წუხს ერთ-ერთი  მომხმარებელი.

სააფთიაქო ქსელებში ექიმის ყოფნა ჯანდაცვის სამინისტრომ მართლაც აკრძალა, თუმცა რამდენიმე აფთიაქის შესასვლელში ისევ ვნახე ექიმის კუთხე. ზოგან აფთიაქებთან ახლოს დაიქირავეს ფართობი ექიმებმა და ახლა იქ წერენ რეცეპტებს. ერთ-ერთ ექიმთან მეც გახლდით. ძალიან პატარა ოთახში იჯდა. გასაუბრების შემდეგ რეცეპტს მიწერდა, როცა ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა და ფურცელი მიაწოდა. ექიმი შეეცადა, ჩემი თანდასწრებით არ ესაუბრა მამაკაცთან, უთხრა, ახლა არ მცალიაო, მაგრამ სტუმარს ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, - ეს წამლები გამოწერე, დათოს ახლობელია, ხომ დაგირეკეს. ცოტა ხანში მოგაკითხავ და რეცეპტს წავიღებ...
რა გამოდის, თუ ისევ გამოკვლევის გარეშე გამოწერს ექიმი წამალს, ამ საკანონმდებლო ცვლილებას რა აზრი აქვს?!
ექიმებსა და სააფთიაქო ქსელებს შორის ასეთ თანამშრომლობას ექსპერტებიც არ ეთანხმებიან და ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლს სთხოვენ. ექსპერტების თქმით, თუ ექიმი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი იქნება, ის აუცილებლად დანიშნავს იმ წამალს, რომლის გაყიდვაც ამ სააფთიაქო ქსელს აძლევს ხელს.... უკმაყოფილო მომხმარებელი კი წუხს:

- წლებია ერთ კლინიკაში ვმკურნალობ და ჩემს ექიმთან მივედი წამლის გამოსაწერად. ქრონიკული დაავადება მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვსვა წამლები. ექიმთან ვიზიტში 50 ლარი გადავიხადე, ამას ანალიზების 100 ლარი დაემატა, წამლებსაც ფული სჭირდება... - შემომჩივლა ქალბატონმა.

ქალბატონი მარინე, 50 წლის: - ქმარი შეუძლოდ გამიხდა, სასწრაფო გამოვიძახე, საათზე მეტი ველოდე, ბოლოს დამირეკეს, ვერ ვახერხებთ მოსვლას, ბრიგადები დაკავებულიაო. არ ვიცოდი, რა მექნა. აფთიაქში ურეცეპტოდ წამალს არავინ მომცემდა. ახლობელს დავურეკე და საავადმყოფოში წავიყვანე. პნევმონია აღმოაჩნდა, მაგრამ არ დააწვინეს. გვითხრეს, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტით ხართ დაზღვეული და თანხის გადახდა მოგიწევთო. "სასწრაფოთი" რომ მოგეყვანათ, შეიძლებოდა, დაგვეწვინაო. რეცეპტი კი გამომიწერა, მაგრამ იძულებული ვარ, სახლში მყავდეს...

პრობლემებია რეგიონებშიც. გენერიკული დასახელების მოსაძებნად ექიმები დიდ დროს კარგვავენ. წინ უდევთ თაბახის ფურცლები და ისე ეძებენ წამლის დასახელებას. სოფლის მოსახლეობას ხშირად ექიმების კომპეტენტურობაშიც ეჭვი ეპარება. სოფელში მცხოვრებლებს ხშირად პოლიკლინიკამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

როგორ აგვარებს ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემებს? ამ საკითხებზე ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ დავით მაჭარაშვილს ვესაუბრეთ:

- უფრო მეტ პრობლემას ველოდით. 25 წელია, საქართველოში რეცეპტს აღარ წერენ და ექიმები გადაჩვეული არიან. ამ ორი კვირის განმავლობაში იყო შეცდომები რეცეპტის გამოწერისას, აფთიაქები კი ასეთი ხარვეზის გამო მედიკამენტების გაცემაზე უარს ამბობდნენ. ძირითადი პრობლემებია სამკურნალო საშუალებების საერთაშორისო დასახელებასთან დაკავშირებით და დიდხანს უწევთ ძებნა. პრობლემებია გადაუდებელი მედიკამენტების გაცემისასაც. ხშირად ვერ წყვეტენ ფარმაცევტები, გასცენ თუ არა ამ ნუსხაში მოხვედრილი მედიკამენტი.

- როგორ უნდა მიხვდეს ფარმაცევტი, ნამდვილად სჭირდება თუ არა მოქალაქეს მედიკამენტი, რომელიც გადაუდებელი მოხმარების მედიკამენტების ნუსხაშია?

- ამ შემთხვევაში ის არ გასცემს ისეთ ოდენობას, რომ საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის. ბევრი მედიკამენტი გადავიდა მესამე ჯგუფში და ყიდვა თავისუფლად შეიძლება. თუმცა, თუკი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაგროვდა, შესაძლოა, ეს მედიკამენტები მესამე ჯგუფიდან ისევ მეორე ჯგუფში გადავიდეს. 

- პოლიკლინიკებში რიგები დგას და ამის გამო მოსახლეობა წუხს...
- რიგები პოლიკლინიკებში აქამდეც იყო. ჩვენ ყველგან ვახდენთ მონიტორინგს. ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებას მოსდევს უკმაყოფილება. ყველაფერი დარეგულირდება. უნდა გავითავისოთ, რომ ეს საზოგადოებისთვის იყო საჭირო. არ შეიძლება თვითმკურნალობით მიიღო შედეგი.

- ბატონო დავით, ხშირად ექიმები რეცეპტს ისე წერენ, პაციენტს გამოკვლევებს არც უტარებენ. მაშ, რა აზრი ჰქონდა რეცეპტების შემოღებას?
- არ მგონია ასე იყოს. პირიქით, ამბობენ ძალიან დიდხანს უნდება პაციენტის გასინჯვას, დიაგნოზის დასმას და რეცეპტის გამოწერას ექიმიო. თქვენ თუ "ავერსის" აფთიაქებში მსხდომ ექიმებს გულისხმობთ, ეს პრობლემა უკვე მოგვარდა.

- ვერ დაგეთანხმებით, სანამ თქვენთან მოვიდოდი, "ავერსის" აფთიაქის შესასვლელში ვნახე, როგორ უწერდა ექიმი მოქალაქეს რეცეპტს.
- შევამოწმებთ ამ ინფორმაციას. ახლა ექიმები ცალკე შენობაში სხედან.

- ცალკე შენობაში ექიმის გადასვლა რას შეცვლის, თუ პაციენტს არ გამოიკვლევს და ისე გამოუწერს რეცეპტს?
- თუკი სერტიფიცირებულია ექიმი, მას შეუძლია რეცეპტის გამოწერა. გარწმუნებთ, დარღვევებზე თვალს არ დავხუჭავთ.

- როდის ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების გაცემის სისტემა?
- ელექტრონული რეცეპტები სამომავლო პერსპექტივაა, ახლა ამ პროექტის ამოქმედება შეუძლებელია, რადგან საქართველოში ყველგან არ არის ინტერნეტი და ყველა სამედიცინო დაწესებულებას არ გააჩნია ის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც საჭიროა ელექტრონული რეცეპტისთვის. დამიჯერეთ, ჩვენი მიზანია,  მივაღწიოთ იმას, რისთვისაც ეს ცვლილებები დაიწყო...

თეა ხურცილავა
mari
17 სექტემბერი 2014 18:56
მეტი საქმე არ აქვთ ამათ. სხვა ხომ ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ.ჯერ უნდა მოეწესრიგებინათ სადაზღვეო სისტემა და მერე უნდა გაეშვათ ეს პროექტი. საზღვარგარეტ ეგ სისტემა კია გამართული მაგრამ იქ სადაზღვევო სისტემა არის მოცერიგებული და თითონ უნაზღაურებს ექიმთან ვიზიტსაც და მედიკამენტებსაც. თუ უკითხავთ ნეტა ხალხი რატო მისდევდა თვითმკურნალობას იმიტომ რომ ექიმთან მისვლის საშუალება არ აქვთ.ბავშვი მყავს ალერგიულო დექსამეტაზონია მშველელი და ეხლა რომ დამჩირდა ექიმთან ვიზიტში გადავიხადე 30 ლარი რომ გამოეცერა ცამალი.თუ არ მაქვს საშუალება ე.ი უნდა დამეხრჩოს ბავშვი??ესენი ცდილობენ როგორმე ხალხს გაურთულონ ცხოვრება.

რედაქტორის რჩევით