საქართველოში ებოლას მხოლოდ თეორიული საფრთხე არსებობს - კვირის პალიტრა

საქართველოში ებოლას მხოლოდ თეორიული საფრთხე არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მომაკვდინებელი ვირუსი ებოლა ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა და მასთან საბრძოლველად ჯარის გამოყენებაც გადაწყვიტა - ლიბერიაში, სადაც ვირუსი განსაკუთრებით მძვინვარებს, სამი ათასი ჯარისკაცი მედპერსონალს სპეციალური, კარვის ყაზარმების შექმნასა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ლიბერიაში ვირუსით 2 296 კაცი დაიღუპა, დასავლეთ აფრიკაში ინფიცირებულია 4 293 ადამიანი. ეპიდემიამ ჯერ გვინეაში იფეთქა და გავრცელდა ლიბერიაში, სიერა ლეონეში, ნიგერიასა და კონგოში.

ებოლას ჰემორაგიული ცხელება - სასიკვდილო დაავადებაა, რომელიც შეიძლება გავრცელდეს დაავადებულ სისხლთან უშუალო კონტაქტით და ინფიცირებულის საგნებთან შეხებისას.

ებოლას ვირუსი პირველად 1976 წელს დაფიქსირდა. დაავადების შედეგად ადამიანს ემართება მძიმე ინტოქსიკაცია, კანქვეშა და შინაგანი სისხლჩაქცევები, რომელსაც თან ახლავს ცხელება.

არის თუ არა საქართველო მზად ვირუსთან საბრძოლველად, გვესაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 14 აგვისტოდან ებოლა გამოაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო საფრთხედ. იმ დღიდან დავიწყეთ ღონისძიებების გატარება, ყველა მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსულებს ურიგდებათ სამახსოვრო, სადაც წერია, სიმპტომების შემთხვევაში ვის მიმართონ. მითითებულია ტელეფონის ნომრები, ინფექციური საავადმყოფოების მისამართები. 73 კაცი ამ სამახსოვროს მიღების შემდეგ საკუთარი სურვილით შემოვიდა კონტროლზე. ისინი სრულიად ჯანმრთელი არიან და საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან, უმრავლესობა სტუდენტია. ლიბერიიდან მხოლოდ ერთი შემოვიდა, ისიც ქართველი - სამუშაოდ იყო აფრიკაში. დანარჩენი ნიგერიელები არიან.

- საქართველო არის მზად ვირუსთან საბრძოლველად?

- ამისთვის მთავრობის სხდომაზე შემუშავდა ქვეყნის თავდაცვის გეგმა, რომელშიც წამყვანი როლი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, თუმცა, პასუხისმგებლობა უნაწილდებათ  ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, რადგან ძირითადად საბაჟოზე დგას სამედიცინო სამსახური, რომელიც საზღვარზე აგვარებს ვირუსის საფრთხეზე კონტროლის საკითხს. გეგმაში აღნიშნულია, რა უნდა გააკეთონ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა. მთავრობის განკარგულება მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი და ყველა სექტორი უფრო ფართოდ ჩაებმება კონტროლში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში საფრთხეა, ამის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს.

- აფრიკაში წასვლა სახიფათოა?

- თუ გადაუდებელი საქმე არ არის, აჯობებს თავი აარიდოთ ვირუსის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობას.

- აფრიკაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ვინ უწევს კონტროლს?

- ისინი იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, სადაც ებოლა დაფიქსირებული არ არის, ამიტომ იქ არავითარ ღონისძიებას არ ვატარებთ. ჯარისკაცებს აფრიკაში წასვლის წინ გაუკეთდათ იმუნიზაცია, ცხადია, არა ებოლასთან დაკავშირებით.

- როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ებოლას ვირუსი ჰქონდეს?

- ებოლა მიეკუთვნება ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფს, რომელშიც შედის 10-15 სერიოზული დაავადება. მათ შორის ყველაზე მძიმეა ებოლა, რომელიც ყველაზე მაღალი ლეტალობის მაჩვენებელს იძლევა. ასევე უმძიმესი სენია ყირიმ-კონგოს დაავადება, რომლის 22 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, უმრავლესობა ხაშურის რაიონში. ამ ჰემორაგიულ ცხელებებს აქვს საერთო მახასიათებლები, მაღალი ცხელება, თავის, ყელის და სახსრების ტკივილი, სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ამიტომაც ყირიმ-კონგოსა და ებოლასთან დაკავშირებით შარშანაც ჩატარდა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ათასამდე ექიმი და ექთანი გადამზადდა. ამჯერად ახალი ციკლი დაიწყო, რათა კვლავ შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს ზოგადად ჰემორაგიული ცხელებების და არა მხოლოდ ებოლას ან ყირიმ-კონგოს შესახებ. ეს კეთდება იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოვლის, დიაგნოსტიკის, პრევენციის, თავდაცვის მიმართულებით. ებოლას შემთხვევაში სამედიცინო პერსონალმა მხოლოდ და მხოლოდ დამცავი საშუალებებით, სკაფანდრებით, სპეციალური კოსტიუმებით, სადეზინფექციო საშუალებებით უნდა იმუშაოს. ებოლათი სიკვდილიანობის ძალიან მაღალი პროცენტი დაფიქსირდა ლიბერიისა და სიერა ლეონეს სამედიცინო პერსონალში, რადგან ამ უღარიბეს ქვეყნებს პირველ ეტაპზე დამცავი საშუალებები არ ჰქონდათ. ამჟამად მათ ეხმარება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ძალიან დიდია დაავადების გადადების ალბათობა დაღუპული ადამიანისგან დასაფლავების რიტუალის დროს, ამიტომაც ამ შემთხვევისთვისაც სპეციალური ღონისძიებებია შემუშავებული, თუ როგორ დაიკრძალოს გარდაცვლილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, ადგილზე ებოლა ჯერჯერობით მოიმატებს, მაგრამ ცდილობენ, სხვაგან არ გავრცელდეს და ვიმედოვნებ, მოერევიან. ჩვენთან მისი გავრცელების ძალიან მცირე შანსია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.