უძველესი და ამოუცნობი დაავადება - კვირის პალიტრა

უძველესი და ამოუცნობი დაავადება

"ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია"

"ჭინჭრის ციება" - ასე ეძახიან ხალხში დაავადებას, რომელსაც სერიოზული უსიამოვნება მოაქვს. ამ ძველისძველი სენის შესახებ ექიმი დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე გვესაუბრება:

- ჭინჭრის ციება - ლათინურად "ურტიკარია" - უძველესი დაავადებაა, მის შესახებ ჰიპოკრატეს დროსაც წერდნენ. ეს სახელწოდება იმით უნდა აიხსნას, რომ პაციენტის კანი ამ დროს ძალიან ჰგავს ჭინჭრით დასუსხულს და კოღოს ნაკბენივით აუტანელ ქავილს იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ამ დაავადების გართულებული ფორმა, ე.წ. კვინკეს შეშუპება. თუ შეშუპება განვითარდება ტუჩების, ენის ან ხორხის არეში, შეიძლება შეშუპებულმა ქსოვილმა სასუნთქი გზები გადაკეტოს და ადამიანი დაიხრჩოს. ამიტომ, თუ ადამიანს აქვს ალერგია რომელიმე მწერზე, მაგალითად, ფუტკარზე და მისი ნაკბენის შემდეგ ძალიან ძლიერი რეაქცია უვითარდება, ყოველთვის თან უნდა იქონიოს პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და ადრენალინი და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიკეთოს კუნთში.

- ესე იგი, ჭინჭრის ციება ალერგიულ ფონზე ვითარდება?

- მექანიზმი ხშირად მაინც ალერგიული ფონის ბრალია, ალერგია რომელიმე მედიკამენტზე, საკვებზე, მწერის ნაკბენზე და ა.შ., რომელსაც მოჰყვება კანის შეშუპება, ქავილი და სიწითლე, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც: სიცხე, სიცივე, ფიზიკური დატვირთვა და ა.შ. ჭინჭრის ციებისათვის დამახასიათებელია ისიც, რომ ამ დროს გამონაყარი ძალიან სწრაფად ჩნდება და სწრაფადვე ქრება, მერე შეიძლება სხვა ადგილას გაჩნდეს. გამონაყარის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 1-2 საათიდან 24-48 საათამდე. გამონაყარის ასე სწრაფი გაქრობა არც ერთ დაავადებას არ ახასიათებს, ამიტომ ასეთ დროს შეიძლება მაშინვე იეჭვო, რომ ეს ჭინჭრის ციებაა და არა სხვა რამ, მაგრამ თუ გამონაყარი არ ქრება, ეს უკვე ქრონიკული პროცესია, თუმცა ამ დროსაც გამონაყარი ერთ ადგილზე არ ჩნდება. ის მუდმივად ქრება და თავს იჩენს სხვადასხვა ადგილებში იმიტომ, რომ მისი გამომწვევი ფაქტორი შიგნიდან მოდის.

როცა ჭინჭრის ციების ხანგრძლივობა 2-3 თვეს გადააჭარბებს, უკვე ქრონიკულია. ძალიან ძნელია მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა, ჭინჭრის ციებას ამიტომ ეძახიან იდიოპათიურ ანუ უცნობი ეტიმოლოგიის დაავადებას.  ჭინჭრის ციება თითქმის ყველა ადამიანს ემართება ერთხელ მაინც, როდესაც უცხო საკვებს მიიღებს, რაიმე ინფექცია აქვს, ან სხვა რამ სჭირს.

- ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჭინჭრის ციება გადამდებია.

- ჭინჭრის ციება გადამდები არ არის იმიტომ, რომ ალერგია არ არის ინფექციური დაავადება. ხშირად გვეკითხებიან, - რა როლი ენიჭება ჭინჭრის ციების განვითარებაში გენეტიკასო. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, როგორც ნებისმიერი ალერგიის დროს - გააჩნია, რამდენად აქვს ადამიანს მიდრეკილება ალერგიისადმი, შემდეგ კი, გარემო ფაქტორები უწყობს ხელს ჭინჭრის ციების სიმპტომების წარმოშობას. სხვათა შორის, იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ალერგია აქვს მზის სხივებზე, ძალიან ცივ ან ცხელ წყალზე, ფიზიკურ დატვირთვასა და ჭინჭრის ციება ამ ფონზე უვითარდება.

- დავუშვათ, პაციენტს გამოუვლინდა ჭინჭრის ციება, მაგრამ დროულად არ მივიდა ექიმთან...

-  როდესაც დაავადება ქრონიკული ხდება, პაციენტები მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავენ ექიმს. ბუნებრივია, რომ გამონაყარი პაციენტს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ამ დროს მისი სიცოცხლის ხარისხი ქვეითდება. ქრონიკული ჭინჭრის ციება ძალზე შემაწუხებელია; პაციენტი წამალს თუ არ დალევს, მაშინვე კანზე გამოაყრის, რასაც მოჰყვება ქავილი და უსიამოვნო შეგრძნებები, შეიძლება ასეთ დროს ქუჩაშიც კი ვერ გამოჩნდეს. მაგრამ უფრო ხშირად ჭინჭრის ციება სწრაფად გაივლის და ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდად იქცევა ხოლმე.

- რამდენად ეფექტიანია ჭინჭრის ციების დროს მკურნალობის შინაური მეთოდები?

- ჭინჭრის ციების დროს ზოგიერთი სპირტს ისვამს, ზოგი - ბალახეულ ნახარშებს ან წყალს იყენებს, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ცივი წყლის საფენით შეიძლება ქავილის შეგრძნება შეამცირო, მაგრამ თუ ეს სტანდარტული შემთხვევაა, გადაივლის და პაციენტს დიდხანს აღარ შეაწუხებს. ამიტომ, ხშირად პაციენტები ექიმამდე არც კი მიდიან. როგორც გითხარით, ექიმს უფრო მეტად ჭინჭრის ციების ქრონიკული ფორმის დროს აკითხავენ. ექიმი ამ დროს გამოკვლევებს უტარებს და ცდილობს დაადგინოს, რით არის გამოწვეული ეს სიმპტომები, თუმცა, ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია.

ხათუნა ჩიგოგიძე