"მენინგიტის ბაქტერია მზის სხივების ზემოქმედებისას 15 წუთში კვდება" - კვირის პალიტრა

"მენინგიტის ბაქტერია მზის სხივების ზემოქმედებისას 15 წუთში კვდება"

გაზაფხულზე ენტეროვირუსული მენინგიტის აფეთქების შემდეგ ის იყო, მშობლებმა ამოისუნთქეს, რომ შემოდგომაზე დაავადების შემთხვევებმა იმატა. ამჯერად ბაქტერიულ მენინგიტთან ერთად ვირუსული მენინგიტიც ფიქსირდება და ეს უკანასკნელი გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. გვესაუბრება ექიმი ინფექციონისტი გია დეისაძე:

- ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გააქტიურდა ენტეროვირუსი. ეს ვირუსი პატარას ორგანიზმში საკვების, წყლის კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით ხვდება. ზოგადად მენინგიტური დაავადების სამი ძირითადი ნიშანი არსებობს, რომელთაც მენინგიტურ ტრიადას უწოდებენ. ესენია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება. ეს ზოგადი ნიშნებია. უმთავრესად მენინგიტის პირველ ეტაპზე ამოცნობა საკმაოდ დაკვირვებულ თვალს მოითხოვს, ზოგჯერ ის თავდაპირველად ჩვეულებრივ გრიპსაც კი წააგავს. სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი, რომ პატარას ექიმი მეთვალყურეობდეს. ამ დროს ხშირად წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

- საგანგაშო ნიშნებად რომელი შეიძლება ჩავთვალოთ?

- მაღალი სიცხე, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის კუნთები ისეა დაჭიმული, რომ ნიკაპის მკერდთან მიტანა არ ხერხდება, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი ხელისა და ფეხის თითებზე, რომელიც თავდაპირველად კვანძოვანია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი წითელი არშიით გარშემორტყმულ ბუშტუკებად გადაიქცევა. პატარას უჭირს წოვა, წრიალებს, ჭირვეულობს, ტირის... არცთუ იშვიათად გამონაყარი მთელ სხეულს ედება... მუხლის სახსარში ფეხის მოხრის შემდეგ კი პაციენტი მუხლის გამართვას ვერ ახერხებს. მსგავსი ნიშნების გამოვლენისთანავე მშობელმა ექიმი უნდა გამოიძახოს. თუმცა შემიძლია მშობლები იმით დავამშვიდო, რომ ენტეროვირუსული მენინგიტი მენინგიტის მძიმე ფორმა არ არის და დაავადება უხშირესად 7-10 დღეში სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

- რა ფორმის მენინგიტი არსებობს?

- მენინგიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ინფექციების გართულებას წარმოადგენს, თავისი ბუნებითა და ხასიათით სხვადასხვა ეტიმოლოგიისა. არსებობს ბაქტერიული, ვირუსული, ტუბერკულიოზური, სოკოვანი მენინგიტები და დაუზუსტებელი წარმოშობის მენინგიტებიც. ყველაზე გავრცელებული ფორმებია ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები.

- რომელია მათგან ყველაზე გადამდები?

- ამ რისკჯგუფს მენინგოკური მენინგიტი განეკუთვნება, რადგან გადაცემის მექანიზმი არის წვეთოვანი. ანუ ადამიანები ამ ინფექციას ერთმანეთს გადასდებენ ახლო კონტაქტით. მენინგოკოკური მენინგიტის თავიდან აცილების პირველი და საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სუფთა ჰაერი, ბევრი სეირნობა. მით უმეტეს, ზამთარში, როცა ჩაკეტილ გარემოში უწევს ადამიანს ყოფნა. ბავშვები დღეში ერთხელ ერთი საათით მაინც უნდა გავასეირნოთ. ეს არის ძალიან დიდი პროფილაქტიკა, ანუ ინფექციის განვითარებისგან დაზღვევა.

ყველაზე ხშირად ბაღის და სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვები და ის ადამიანები ავადდებიან, რომელთაც ჩაკეტილ გარემოში უწევთ ყოფნა, ვინც სუფთა ჰაერზე ხშირადაა, შედარებით იშვიათად ავადდება.

ცნობილია, რომ მენინგიტის ბაქტერია მზის სხივების ზემოქმედებისას 15 წუთში კვდება.

მენინგოკოქცემიის ერთ-ერთი მთავარი ამოსაცნობი ნიშანი გამონაყარია. დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში, უფრო იშვიათად - მეორე დღეს, კანსა და ლორწოვანებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევები ჩნდება. ზოგიერთი მათგანი წერტილოვანია, ზოგიერთის დიამეტრი კი 2-15 სმ-საც აღწევს. გამონაყარი უმეტესად ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე ჩნდება.

- გვხვდება თუ არა მენინგიტით უფროსი თაობის დაავადების შემთხვევები?

- მენინგიტით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს. შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული ამ ინფექციის გავრცელების ყველაზე აქტიური პერიოდია.