ბუნება გვჩუქნის სილამაზეს - კვირის პალიტრა

ბუნება გვჩუქნის სილამაზეს

რამდენიმე რჩევა ქალბატონებს:

თუ აღელვების დროს სახეზე წითელი ლაქები გიჩნდებათ, დღის ჩვეულებრივი კრემი შეცვალეთ ბარამბოს შემცველი კრემით. მისი არომატი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ექსტრაქტი კი ხსნის სიწითლეს.

თუ გიოფლიანდებათ შუბლი და ზურგი, საღამოობით გაიკეთეთ ბარამბოს, გვირილის და სალბის ნაყენის კომპრესი. ტანისთვის შეარჩიეთ დეზოდორატორი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბარამბოს ექსტრაქტი.

გვირილის ნახარში ღია ფერის თმას აძლევს ოქროსფერს, 200 გ გამხმარ გვირილის ყვავილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ. თმაზე გადაივლეთ გრილი ნახარში.

თუ ნამზეურით კმაყოფილი არა ხართ, 2 წვეთი გვირილის ზეთი დაამატეთ თქვენს კრემს და წაისვით დილით და ძილის წინ. სახის კანი გათეთრდება. გარდა კანის გათეთრებისა, გვირილა ავიწროებს ფორებს და ცხიმიანი კანი კი კარგავს ბზინვარებას.

სახეზე მუწუკებს შველის ალოეს წვენის კომპრესი, რომელიც კვირაში 2-ჯერ უნდა გაიკეთოთ.

მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ალოეს კომპრესი აქრობს ფეხის სუნს. 2 ფოთოლი დადეთ მაცივრის ბოლო თაროზე 3 დღე. შემდეგ დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე და გაიკეთეთ კომპრესი.

სალბის ნაყენი შველის ცხიმიან თმას, ქერტლს - ამცირებს და აწესრიგებს კანის ცხიმის გამომუშავებას.

თუ სალბის ზეთის რამდენიმე წვეთს დაამატებთ ხელისა და ფეხის კრემებს, ისინი არა მარტო დაატენიანებენ კანს, არამედ დაცული იქნებით სოკოსა და ვირუსისგან, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან ჭუჭყიანი ხელების მეშვეობით.

მანიკიურის გაკეთებისას თუ თითი გაიჭერით, ხელები ჩააწყვეთ სალბის ნაყენში (2 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე და გაწურეთ), დაგიამებთ ტკივილს და ანთებისაგანაც დაგიცავთ.

თბილ წყალში გახსენით 2 წვეთი სალბის ზეთი და ისუნთქეთ. მშვიდად დაგეძინებათ.

ცნობისთვის:

სანამ ეთეროვან ზეთებს გამოიყენებთ, შეამოწმეთ, ალერგიას ხომ არ იწვევს. ერთი წვეთი ზეთი წაისვით იდაყვთან და დღის განმავლობაში დააკვირდით კანზე რეაქციას: თუ დაგეწყოთ ქავილი, გაჩნდა გამონაყარი, სიწითლე ან შეგიშუპდათ, ე.ი. ეს ზეთი არ უნდა გამოიყენოთ.

მცენარეულ ექსტრაქტებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგია. დაასველეთ ცხვირსახოცი მცენარეულ ნახარშში (ნაყენში) და ცხვირთან მიიტანეთ. თუ შეიგრძნობთ ქავილს, ცხვირით ვეღარ სუნთქავთ, დაგეწყოთ ცემინება და თვალებიდან ცრემლდენა, ე.ი. მათ მიმართ ალერგიული ხართ.

მცენარეულ ექსტრაქტს, რომელსაც კოსმეტიკა შეიცავს, შეუძლია ალერგიის გამოწვევა (შეამოწმეთ ისე, როგორც ეთეროვანი ზეთის დროს). ალერგიის შემთხვევაში, შეარჩიეთ კოსმეტიკა, რომელზეც მითითებული იქნება თქვენთვის სასურველი მცენარე და რომლის უვნებლობაც დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.