ძუძუს კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - კვირის პალიტრა

ძუძუს კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

საქართველოში ყოველ მეათე ქალს ძუძუს კიბოს რისკი აქვს. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ ამ ავი სენის დასამარცხებლად. კვლევები, რომელშიც ჩვენი რესპონდენტი ნოტინგემელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს, საკმაოდ წარმატებულია და ნულოვან სტადიაზე კიბოს დიაგნოზის დასმას გულისხმობს. როგორც ონკოქირურგი, საქართველოს კიბოს კვლევების ჯგუფის პრეზიდენტი, ძუძუსა და ენდოკრინული ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ძაგნიძე გვეუბნება, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოჩნდებიან დამფინანსებლები და შეიქმნება სათანადო ტექნიკური ბაზა, შესაძლებელი იქნება გენეტიკური ანალიზის საშუალებით კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, შემდგომ კი მისი განკურნებაც.

- ძუძუს კიბოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, სწორად დაგეგმილი მკურნალობა და ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი ონკოლოგია, ანუ, ქიმიოთერაპიული მკურნალობა და რადიოთერაპია (სხივური თერაპია). ვმონაწილეობდი ნოტინგემში ჩატარებულ კვლევებში, რომელშიც ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაზეა ლაპარაკი.

- რას ეხებოდა კვლევა?

- კვლევა მიმდინარეობდა ჯანმრთელ და კიბოთი გენეტიკურად დატვირთული ოჯახის პაციენტებს შორის, ველოდებოდით, სად გაჩნდებოდა სიმსივნე, რათა გაგვერკვია, მისი გაჩენისთანავე რა ცვლილებები ხდება სისხლში. გამიმართლა და მოვძებნე ჩვენი აზრით, უფრო სარწმუნო მარკერები.  ამ კვლევაში უფრო მეტად ნოტინგემელი და თბილისელი პაციენტები მონაწილეობდნენ.

12 სერიოზულ კლინიკაში (რომელთა სიაში ჩვენი კლინიკებიც მოხვდა), ამერიკელ და სხვა ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად ოთხი სხვადასხვა კვლევა მიმდინარეობს კონკრეტულ პრეპარატებზე, რომლებიც აპრობირებულია. მათ შორის ერთ-ერთი უძვირესი პრეპარატია ჰერცეპტინი, რომელსაც საქართველოში, სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ აფინანსებს, ვინაიდან თითო ამპულა 2.000 დოლარი ღირს, არადა, საშუალოდ, სიმსივნით დაავადებულისთვის 12 ამპულა მაინც არის საჭირო. პრეპარატი 10 წლის წინაა გამოკვლეული, მაგრამ ამჯერად ახალ კომბინაციაზეა ლაპარაკი.

- მაინც როგორ შეიძლება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა?

-  არის გენეტიკური ანალიზი  BRCA1 და BRCA2 - ძუძუს და საკვერცხის კიბოს გენეტიკური მუტაციები, რომელიც იპოვეს ევროპაში აშკენაზ ქალებში. ის გამოიყენა ანჯელინა ჯოლიმ და გაიკეთა მკერდის კანქვეშა ამპუტაცია (საკვერცხეებიც უნდა გაეთიშა, მაგრამ აქამდე არ მივიდა საქმე, რადგან ძუძუს კიბოს მეტი რისკი იყო). ეს ოპერაცია ჩვენ პირველად 8 წლის წინ გავაკეთეთ. ხშირად, როდესაც ის შემითავაზებია პაციენტისთვის, აღშფოთებულა - როგორ, ჯანმრთელ ძუძუს მკვეთთო? ახლა გაგვიიოლდება საქმე - გენეტიკური ანალიზი გაკეთდება და შეგვეძლება კანქვეშა ამპუტაცია - ძუძუ სილიკონით ჩავანაცვლოთ, ძუძუც შენარჩუნდება და ჯანმრთელობაც. გენეტიკური კვლევა სისხლის ანალიზით კეთდება. ჩვენ ვთხოვეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ პირველი კვლევა გენეტიკოსებთან ერთად გაკეთდეს სამხარაულის სახელობის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში.

- რამდენად სანდო და უტყუარია გენეტიკური ანალიზის შედეგები?

- 90-95%-მდეა სწორად გაკეთებული გამოკვლევის სარწმუნოება. ამისათვის აუცილებელია, რომ საქართველოში ჯერ ჩვენი პოპულაცია იქნას შესწავლილი - გვაქვს ჩვენი სპეციფიკური ქრომოსომული ნაკრების შესწავლის საშუალება, სადაც მოხდება შესაბამისი მუტაციების პოვნა. ეს კვლევა რომ ვინმემ 10-15^%-ით მაინც დააფინანსოს, გვეცოდინება, საქართველოში კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ. ამ ყველაფერს მივყავართ სიმსივნის ადრეულ სტადიაზე ძუძუს შენარჩუნებამდე, ეს გახლავთ ახალი მიმდინარეობა - ონკოპლასტიკური ქირურგია.

ძუძუს მორჩენის გარდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ესთეტიკური მხარეც დავიცვათ, რაც ფინანსებზეა დამოკიდებული. ეს მკურნალობა ჩვენ გარდა ყველა ქვეყანაში ფინანსდება.

ვმუშაობთ, იმაზე, რომ ვიპოვოთ პრეპარატი, რომელიც კონკრეტულად კიბოს უჯრედს თავის დროზე გაანადგურებს.

- მაინც რა ფაქტორები განიხილება კიბოს გამომწვევ მიზეზთა შორის?

- ძირითადად არასწორი ცხოვრების წესი, დაბინძურებული ეკოლოგია, აბორტები, გვიანი მშობიარობა (30 წლის შემდეგ), ადრეული და გვიანი მენოპაუზა, ასევე - გენეტიკა. საერთოდ, 40 წლის ზემოთ ქალმა უნდა აკონტროლოს ჯანმრთელობა, მით უმეტეს, თუ ოჯახში გენეტიკური რისკი არსებობს. საქართველოში სტატისტიკურად ყოველწლიურად 1200-მდე ძუძუს კიბოს შემთხვევა ფიქსირდება. მისასალმებელია, რომ პაციენტების კულტურა ამაღლდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

ნანა ფიცხელაური