"ავად გახდომა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იმუნიტეტი გვაქვს დაქვეითებული"
27-10-2014
"ავად გახდომა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იმუნიტეტი გვაქვს დაქვეითებული"
არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ავადმყოფობა არ ემუქრება. როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა ზამთრის შესახვედრად, როგორ მივხვდეთ, რა მდგომარეობაშია ის...

თინათინ ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის მიმართულების პროფესორი: - ავად გახდომა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იმუნიტეტი გვაქვს დაქვეითებული. გააჩნია, რითი და რა სიხშირით ვხდებით ავად. იმუნური სისტემა ადამიანს იცავს გარეშე და შიდა "მტრებისაგან", ანუ ყველაფერი იმისაგან, რაც ჩვენს ორგანიზმში გამოიწვევს საშიშ ძვრებს. იმუნურმა სისტემამ უნდა დაგვიცვას, თუ
ადამიანის ორგანიზმში მოხვდება საშიში მიკროორგანიზმი ან წარმოიქმნება, მაგალითად, კიბოს უჯრედები. ამავე დროს, იმუნური სისტემა არ უნდა შეეხოს ისეთ ცოცხალ უჯრედს და ნივთიერებას, რომელიც არ გვავნებს. რაც უნდა კარგად მუშაობდეს იმუნური სისტემა, ის ვერ დაგვიცავს პათოგენებისგან, რადგან ზოგიერთ მიკროორგანიზმს ვერ აბრკოლებს ნორმალური იმუნური სისტემა. მაგალითად, გრიპი
შეიძლება ძლიერი იმუნური სისტემის მქონესაც დაემართოს.

- ბრძანეთ, ზოგადად ავად გახდომა არ ნიშნავს დაბალ იმუნიტეტს, გააჩნია, რითი ავადდებიო. იმუნიტეტდაქვეითებული რითი ავადობს?

- ის ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა მიკრობით, ბაქტერიებით, რითაც სხვები არ ავადობენ, ან ავად რომ გახდება, ძნელად უმკლავდება ვირუსს. მათი ხშირი ავადმყოფობა, ინფექციები გამოწვეულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელიც ვერ იწვევს დაავადებას ნორმალური იმუნური სისტემის ქონის შემთხვევაში.

- შეიძლება განვსაზღვროთ დაბალი იმუნიტეტის სიმპტომები ავად გახდომამდე?
- იმუნური სისტემის დაქვეითება, სამწუხაროდ, სწორედ ავადმყოფობებით გამოიხატება, მაგრამ შეიძლება თავი დავიცვათ მისი დასუსტებისგან. ამისთვის საჭიროა ჯანმრთელი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ნორმალური ძილი...

- მედიკოსები ამბობენ, კიბოს უჯრედები ყველა ორგანიზმშია, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ავადდებაო. ამ დროს იმუნური სისტემა აღარ იცავს ადამიანს?

- კიბოსგან დაცვა იმუნური სისტემის ფუნქციაა. ასეთი უჯრედები სისტემატურად წარმოიქმნება, იმუნური სისტემა ცნობს და ანადგურებს მათ. თუმცა, ზოგჯერ ეგუება ამ უჯრედებს. სწორედ ამ შემთხვევაში ვითარდება კიბო. ქიმიო და რადიოთერაპია განურჩევლად ანადგურებს ყველა იმ უჯრედს, რომელიც სწრაფად მრავლდება. მათ შორისაა კიბოსი და ის უჯრედებიც, რომელიც უნდა გვიცავდეს, ანუ იმუნიტეტს ქმნიდეს. მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ საშუალებაზე, რომელიც მხოლოდ კიბოს უჯრედებს გაანადგურებს. სამედიცინო უნივერსიტეტში ვცდილობთ, გამოვიკვლიოთ რადიოსიხშირული თერმული აბლაცია კიბოს საწინააღმდეგოდ. ვსწავლობთ მის გავლენას იმუნურ სისტემაზე. იმუნური სისტემის სწორი მუშაობა და "მტრის" აღმოჩენის უნარი უმნიშვნელოვანესია კიბოსთან ბრძოლაში.

- არსებობს იმუნოსტიმულატორები, რომელიც უწყობს ხელს იმუნური სისტემის აღდგენას?
- ყველაფერი ის, რამაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე, გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე და ერთგვარი "იმუნოსტიმულატორია". ვიტამინებიც სტიმულატორებია. ფიზიკური აქტივობა (არაპროფესიული სპორტი), სუფთა ჰაერი, ხილი და ბოსტნეული... ამასთანავე, თუ კანი, ლორწოვანი გარსები საღი გვაქვს, კარგად ვართ დაცული. დაცვის არასპეციფიკური ფაქტორებია უჯრედები, რომლებიც შთანთქავენ ბაქტერიებს... არის კიდევ  ვაქცინაცია. თუმცა, საუკეთესო სტიმულაცია ჯანსაღი ცხოვრებაა. იმუნური დაბერება იწვევს დაბერებას და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენას: ათეროსკლეროზის, ართრიტების, ოსტეოპოროზისა...

- მაინც რა ასაკში?

- თიმუსის დაბერება, რომელიც იმუნური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შემადგენელია, იწყება მომწიფების პერიოდის შემდეგ. დიდი ცვლილებებია უჯრედებში 40 წლის მერე. დღეს ყველა მეცნიერი ეძებს საშუალებას, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, როგორ ვიცხოვროთ ხანგრძლივად და სრულფასოვნად. მიაგნეს მხოლოდ ორ საშუალებას: ეს არის დაბალკალორიული, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით