ზამთრის სეზონის ვირუსული "კოქტეილი" - კვირის პალიტრა

ზამთრის სეზონის ვირუსული "კოქტეილი"

"შეცდომაა, როცა ვირუსული დაავადებისთვის ინიშნება ანტიბიოტიკი - პრეპარატი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიაზე და არა ვირუსზე"

წლის ყველაზე ცივ თვეებში სეზონური გრიპის გარდა, სხვა მწვავე რესპირაციული დაავადებებიც აქტიურდება. ახლა ყველა "ღორის გრიპს" უფრთხის, არადა არსებობს არანაკლებ საშიში და საყურადღებო ინფექციური დაავადებები, რომელთა გართულებას შესაძლოა ლეტალური შედეგიც მოჰყვეს.

ალეკო ნანუაშვილი (მედიცინის დოქტორი, პროფესორი): მწვავე რესპირაციული ინფექციით მოზრდილი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 3-4-ჯერ ავადდება, ბავშვები კი 6-8-ჯერ. ასე არც ერთი დაავადება არ არის გავრცელებული. განსაკუთრებით მაღალია ავადობის შემთხვევები ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში და მაღალი სიხშირით ექვსი წლის ასაკამდე გრძელდება. სამსახურის გაცდენების 40% მწვავე რესპირაციულ ინფექციებზე მოდის, სასკოლო გაცდენების კი 80%-ს შეადგენს. შემთხვევათა 3/4 მწვავე რესპირაციული ინფექციებისა ვირუსულია, ნაწილი კი ბაქტერიული.

ბაქტერიული ინფექციის ზოგ შემთხვევაში საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა. მაგრამ ბაქტერიული ინფექციის ზოგ და ვირუსული ინფექციის თითქმის ყველა შემთხვევაში სპეციფიკური ანუ ანტივირუსული ან ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება საჭირო არ არის.

- რა განსხვავებაა სურდოსა და გრიპს შორის?

- მწვავე რესპირაციული ინფექცია იმის მიხედვით, თუ სასუნთქი სისტემის რა ნაწილს აზიანებს, სხვადასხვა დაავადებად იყოფა. მაგალითად რინიტი, იგივე სურდო, ანუ როცა დაავადება ძირითადად ლოკალიზებულია ცხვირის ლორწოვანში და ადამიანს გამონადენის გამო ცხვირით სუნთქვა უჭირს.

მწვავე რესპირაციული ინფექციები იწვევენ სასუნთქი გზების ტრაქტის სხვადასხვა ნაწილის დაავადებებს. მაგალითად, ფარინგიტს, ტრაქეიტს, ლარინგიტს, ბრონქიტს, ბრონქიოლიტს, პნევმონიას.

მაგრამ შესაძლოა ერთი კონკრეტული ინფექცია მიმდინარეობდეს რინიტით და ფარინგიტით ერთდროულად. ასეთი რამ ყველაზე ხშირად ადენოვირუსულ ინფექციას ახასიათებს. შეცდომით ხალხში სურდოს ზოგჯერ გრიპს უწოდებენ. გრიპსაც შეუძლია რინიტი გამოიწვიოს, მაგრამ გრიპის მიერ გამოწვეული რინიტი ყველაზე მსუბუქია, რადგან ის უფრო მეტად სასუნთქი გზების სხვა ნაწილს აზიანებს.

სასუნთქი გზების კონკრეტული დაზიანების რეგიონის მიხედვით ზუსტად არ შეგვიძლია განსაზღვრა, რომელი ვირუსითაა გამოწვეული დაავადება. მართალია, სურდოს ყველაზე ხშირი გამომწვევი ადენოვირუსებია, მაგრამ რინიტი შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსებმაც. მაგალითად, პარაგრიპი ბავშვებში იწვევს ცრუ კრუპს. ცრუ კრუპი ძალიან მძიმე დაავადებაა და თუ დროულად დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერდება, ბავშვი შესაძლოა დაიღუპოს. ამიტომ, როცა ბავშვს აქვს ცრუ კრუპი, ექიმი თითქმის დარწმუნებულია, რომ მას აქვს პარაგრიპული ვირუსული ინფექცია.

ზოგჯერ ვირუსულ რესპირაციულ ინფექციას სეზონურობით ვარჩევთ. მაგალითად, ზაფხულში არც ერთი რესპირაციული ვირუსი არ არის აქტიური, გარდა ენტეროვირუსებისა. ამიტომ თუ ზაფხულში გამოხატულია ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთების ნიშნები, მიმდინარე ცხელებით, უფრო მეტად ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა იყოს ენტეროვირუსი. მას ზაფხულის გრიპსაც უწოდებენ, რომელიც თვითგანკურნებით მთავრდება. ზამთრის თვეებში, ცივ სეზონზე ყველაზე მაღალია პიკი დანარჩენი რესპირაციული ვირუსული დაავადებებისა, მათ შორის გრიპისაც.

- გარდა H1N1-ისა, რა რესპირაციული ინფექციებია გავრცელებული დღეისათვის?

- ყველაზე ხშირად გვხვდება ფარინგიტი, უფრო ზუსტად კი ტონზილოფარინგიტი, რომელსაც უფრო პოპულარულ ენაზე ანგინას ეძახიან. ტონზილოფარინგიტის გამომწვევი ხშირ შემთხვევაში რესპირაციული ვირუსებია, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი არის ასევე A ჯგუფის სტრეპტოკოკი. A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ანგინა აუცილებლად საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, რადგან მართალია იშვიათად, მაგრამ ახლავს რევმატიზმით გართულება. როცა ექიმი ავადმყოფის ცხვირ-ხახას დაათვალიერებს, კლინიკურად რთულია დიაგნოზის დადგენა, ვირუსულია თუ A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული. დადგენილია, რომ ასეთ შემთხვევაში ექიმის მხრიდან დაახლოებით 40%-იანი ცდომილებაა მოსალოდნელი.

გარდა ანგინისა, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ბრონქიტი. ბრონქიტების უმრავლესობაც ვირუსულია, მაგრამ შესაძლებელია ბრონქიტი გამოიწვიოს ბაქტერიამაც. მიღებულია, რომ ჩვეულებრივად მიმდინარე მწვავე ბრონქიტი მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ბრონქიტმა შესაძლოა პროგრესირება განიცადოს და ფილტვებიც დააზიანოს, განვითარდეს პნევმონია.

სხვათა შორის, ექიმებიცა და თვითმკურნალობის შემთხვევაში პაციენტებიც, ხშირად ანტიბიოტიკების არასწორი დანიშვნისას უშვებენ შეცდომას. უმეტეს შემთხვევაში დაავადება ვირუსულია და ინიშნება ანტიბიოტიკი - პრეპარატი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიაზე და არა ვირუსზე. სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად, ამას ობიექტური მიზეზიც აქვს. ზოგჯერ კლინიკურად შეუძლებელია დიაგნოზის სწორად დასმა.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ან ყელის ნაცხის დათესვას ან მასში ანტიგენის აღმოჩენას გულისხმობს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელი დიაგნოსტიკური საშუალება და სწრაფი ტესტია, რომელიც პასუხს დაახლოებით 10-15 წუთში იძლევა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ასეთი ტესტის ჩატარების ტექნოლოგიური საშუალება საქართველოში არ არსებობს. რაც შეეხება კულტივაციას, ანუ დათესვას, სულ მცირე 2-3 დღეა საჭირო პასუხის მისაღებად. ამდენი დრო მკურნალობის დაგვიანებისთვის უკვე სერიოზულ ხარვეზებს იწვევს.

- ამ ახალმა გრიპმა გადაფარა მენინგიტების თემა, რომელიც წლის ამ მონაკვეთში ყოველთვის აქტუალური იყო.

- მენინგიტიც შესაძლოა იყოს ვირუსულიც და ბაქტერიულიც. მენინგოკოკურ მენინგიტს რაც შეეხება, ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე მძიმეა ბაქტერიულ მენინგიტებს შორის. გაცილებით მძიმე შეიძლება იყოს მაგალითად პნევმოკოკური მენინგიტი. ელვისებური მენინგიტი, როგორც ასეთი, არ არსებობს.

არსებობს მენინგიტი, რომელსაც თან ახლავს სეფსისი. ეს ყველაზე ხშირად ახასიათებს მენინგოკოკს, ამიტომ ეშინიათ ყველაზე მეტად ამ დაავადების.

ბავშვებში კიდევ ერთი ბაქტერია, ჰემოფილუს ინფლუანსა გვხვდება, რომელსაც იშვიათად შეუძლია გამოიწვიოს გენერალიზებული ანუ სეფსისით მიმდინარე დაავადება. მსოფლიო მაჩვენებლებით მენინგოკოქცემიით დაავადებული ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება.

საქართველოშიც ყოველ წელს გვაქვს მენინგოკოქცემიის შემთხვევები და არც გასული წელი ყოფილა ამ თვალსაზრისით განსხვავებული. ამ ახალ წელსაც გვქონდა მენინგოკოქცემიის შემთხვევები და მათ შორის ლეტალურიც.

ნებისმიერი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ჰოსპიტალური პნევმონიით რამდენიმე პაციენტი უწევთ. ამ დაავადების შემთხვევათა 50% კი, სამწუხაროდ, სიკვდილით სრულდება.