"ოქროს წესი" ვირუსების დასამარცხებლად - კვირის პალიტრა

"ოქროს წესი" ვირუსების დასამარცხებლად

შემოდგომის ცვალებადი ამინდები გაცივებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. როგორ ავარიდოთ თავი ამ უსიამოვნო მოვლენას? - ვკითხეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსს, ბატონ შოთა ცანავას:

- წელიწადის ამ დროს რესპირატორული დაავადებების შემთხვევები მატულობს, რაც განპირობებულია ამ დაავადებების გამომწვევთა ბიოლოგიური აქტივობით. აქტიურდება გრიპი, რომელიც უპირველესად რესპირატორულ სისტემას აზიანებს, გართულებისას კი, სერიოზულ დაავადებებს იწვევს. უფრო საშიშია გრიპის შემდგომი გართულებები. ამიტომ, პრობლემას სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

- ბატონო შოთა, ვიცით, რომ გაცივება სხვაა და გრიპი - სხვა. როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან?

- გაცივება გამოწვეულია განსხვავებული წარმოშობის რესპირატორული ვირუსებით. ის არ იწვევს ისეთ გართულებებს, როგორსაც გრიპის ვირუსი, თანაც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ორივე შემთხვევაში საკუთარ თავს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ექიმმა უნდა განსაზღვროს, რა არის ეს - გაცივება, სხვა ტიპის რესპირატორული ინფექცია, თუ გრიპის ვირუსი.

- გრიპი უფრო საშიშია თუ გაცივება...

- გრიპი. მაგრამ გაცივებაც შეიძლება ცუდად დამთავრდეს, თუ არ გავერკვევით, საიდან მოდის და რა იწვევს მას. სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორის ზემოქმედებით ორგანიზმში აქტიურდებიან ბაქტერიები ან ვირუსები. სწორედ ეს ვირუსები იწვევს ფილტვების ანთებას და სხვა სახის გართულებებს. რესპირატორული ვირუსები დაფრინავენ და გვხვდებიან წვეთებში, რომელსაც დაავადებული ადამიანი გამოყოფს. შემოდგომაზე ჰაერწვეთოვანი გადაცემის გზა უფრო აქტიურდება, რადგან ამ დროს რესპირატორულ ტრაქტში მობინადრე ბაქტერიები და ვირუსები აქტიურდებიან და ამის გამო ბევრი ადამიანი ინფიცირდება.

- სად არის ყველაზე მაღალი რისკი ვირუსის შეყრისა?

- მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიძლება ადვილად დავინფიცირდეთ. ვირუსები და ბაქტერიები შემოდგომაზე და ზამთარში ძალიან კარგ ნიადაგს პოულობენ ჩვენს ორგანიზმში გასამრავლებლად. ამიტომ, მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონენი განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ასეთ ადგილებს. უნდა მივიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები, ბევრი სითხე, რომელიც გვეხმარება ორგანიზმიდან ვირუსებისა და ბაქტერიების გამოდევნაში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გაკაჟება და სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, რომ ვირუსი არ გადავდოთ ოჯახის წევრებს და სხვებსაც - ეს არის ყველაზე ეფექტიანი "ოქროს წესი", რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

- ვრცელდება თუ არა ეს "ოქროს წესი" ებოლას ვირუსზე?

- ეს მართლაც ყველაზე საშიში ვირუსია, რომელიც არა მარტო აფრიკაში, არამედ უკვე ევროპასა და აშშ-შიც აღინიშნა. საფრთხე არსებობს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყნებს შორის მიმოსვლა ძალიან გააქტიურებულია. მსოფლიოში უკვე 8 ათასი შემთხვევაა აღნიშნული და აქედან 50%-ზე მეტი ლეტალური შედეგით დასრულდა. ვირუსს ჩვენ ვერ დავაკავებთ, რადგან მან საზღვარი არ იცის, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დროულად გამოვლინდეს და არ გავრცელდეს ქვეყნის ტერიტორიაზე. ამაზე სახელმწიფოც ზრუნავს.

ხათუნა ჩიგოგიძე