რას გვიამბობს ენის ფერი - კვირის პალიტრა

რას გვიამბობს ენის ფერი

ჩინელი და ევროპელი ექიმების აზრით, ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ენას. ენა კუნთოვანი ორგანოა, რომელიც კეტავს ცხვირ-ხახასა და ტრაქეაში შემავალ გზას, უზრუნველყოფს მეტყველებას, ანაწილებს საკვებს პირის ღრუში. ენის განსაზღვრული მონაკვეთების მდგომარეობა და გარეგნული სახე მიგვანიშნებს, თუ როგორ მდგომარეობაშია ესა თუ ის შინაგანი ორგანო.

ნორმალური ენა მკრთალი ვარდისფერია, ნალექი თხელია, თითქმის შეუმჩნეველი, ზომიერად ნოტიო. ენის მდგომარეობის ცვლა დამოკიდებულია წელიწადის დროსა და კლიმატზე. შესიებული ენა, რომელიც ჩვეულებრივ უფრო დიდია და სქელი - მეტყველებს თვით ენის ქსოვილების ანთებაზე, სხეულში შეშუპებებზე. გაუხეშებული და დანაოჭებული ენა მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმი გაუწყლოებულია და დასუსტებული. ენა "სარკისებურია" ანემიის ან კუჭის მძიმე დაავადების დროს. კბილების ანაბეჭდი ენის გვერდზე ხშირად მიანიშნებს ელენთის მუშაობის დარღვევაზე.

განსაზღვრული დაავადებების დროს იცვლება ენის ფერიც. ძალიან მკრთალი ფერის ენა დამახასიათებელია ანემიისათვის. მუქი წითელი - ფილტვების ანთების, მძიმე ინფექციური დაავადების, მაღალი სიცხის, იშემიის ან მოწამვლის შედეგია, მუქი - უფრო მძიმე ფორმის იმავე დაავადებებზე მიგვანიშნებს. რაც უფრო მუქია ენა, მით ინტენსიურია დაავადება.

ენაზე თხელი ნალექი არის მსუბუქი დაავადების მიზეზი. ის გამოწვეულია ინფექციით, რომელმაც ვერ მოასწრო ორგანიზმში მყარად დამკვიდრება. სქელი ნალექი ნიშნავს უფრო მძიმე დაავადებას, რომლის დროსაც ინფექციამ უკვე შეაღწია ორგანიზმში.

თეთრი ფერის სქელი ნალექი მოწმობს ყაბზობას, რომელიც ჯერ არ გადასულა ქრონიკულში. ყვითელი მიანიშნებს საჭმლის მონელების სერიოზულ დარღვევაზე. ნაცრისფერი - კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადების მანიშნებელია.