რა ვიცით სიცივის ალერგიის შესახებ - კვირის პალიტრა

რა ვიცით სიცივის ალერგიის შესახებ

პრობლემამ, რომელმაც უჩვეულოდ ცივ შემოდგომაზე უკვე თავი შეგვახსენა - თავისი ნიშნები არაერთ ჩვენგანზე გამოამჟღავნა - ტუჩების აქერცვლა-დასკდომა არა მხოლოდ სიცივეში, არამედ ცივი წყლის დალევისას, გამონაყარი და ქავილი სახეზე, ხელებზე, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათის შემდეგაც კი შეწყდეს... მაგრამ ერთი შეხედვით ამ უხიფათო ალერგიას საკმაოდ უსიამოვნო შედეგები მოსდევს, რომელთა აშორება ექიმის კონსულტაციით იოლად შეიძლება... ამის შესახებ ექიმი-დერმატოლოგი მაკა გოქსაძე გვესაუბრება...

- ჩვენს სისხლში არის ცილა კრიოგლობულინი, რომლის ძირითადი ფუნქციაა, ებრძოლოს ტემპერატურის დაცემას. როცა იმუნური სისტემის ფუნქციის შეფერხებისას ამ ცილის რაოდენობა სისხლში მნიშვნელოვნად მატულობს, ის თავად თრგუნავს იმუნურ სისტემას და ორგანიზმი მასთან ბრძოლას იწყებს. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ალერგიული რეაქციებიც. თუმცა თბილ ამინდში კრიოგლობულინი ჩვეულ რაოდენობას უბრუნდება და მოკლე ხანში ალერგიის სიმპტომებიც ქრება.

- სიცივის ალერგია ალბათ უფრო ბავშვებს ემართებათ.

-  ეს ალერგია ყველას შეიძლება დაემართოს. თუმცა ამ მხრივ უფრო "სარისკო" არიან დაახლოებით 25-30 წლის ქალბატონები. სიცივის ალერგიის გამონაყარი სიცივეში სიარულის სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ჩნდება. ეს არის თეთრი ან მოვარდისფრო ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ ძლიერ ქავილს იწვევს. სწორედ ეს არის ე.წ. ცივი დერმატიტი. ზოგჯერ ძლიერი ყინვისას სახეზე, ყურებზე, ხელის მტევნებზე ჩნდება წითელი ლაქები, რომლებიც ძლიერ ქავილს და სერიოზულ დისკომფორტს იწვევს, ტუჩები კი კუთხეებში სკდება და კანი იქერცლება. სიცივემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივიტი - თვალების წვა და ცრემლდენა, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, რომელიც სითბოში გაივლის; თავის ტკივილი, შაკიკი, რომელიც სიცივეში უქუდოდ სიარულისას შეიძლება დაიწყოს... ძლიერი გადაცივებისას შესაძლოა ე.წ. კვინკეს შეშუპებაც აღინიშნოს.

- საკმაოდ უსიამოვნო ნუსხაა. როგორ უნდა შევატყოთ, რომ ეს სიცივის ალერგიაა და არა სხვა დაავადების მოულოდნელი ნიშნები...

- უპირველესად, ნებისმიერი ასეთი "მოულოდნელი" გამონაყარისას უნდა მიმართოთ ექიმს, რათა გართულებები დროულად აიცილოთ თავიდან. გარდა სამედიცინო კვლევისა, არსებობს სიცივის ალერგიის გამოკვლევის საკმაოდ მარტივი მეთოდი. ყინულის ჩვეულებრივი ნატეხი დავიდოთ კანზე  და დაახლოებით 4 წუთის შემდეგ დავაკვირდეთ, კანზე გაჩნდება თუ არა გამონაყარი, ან დაგვეწყება თუ არა ქავილი. თუ ეს ნიშნები შევამჩნიეთ, უნდა ვიფიქროთ, რომ მიდრეკილნი ვართ სიცივის ალერგიისადმი. მაგრამ ეს ხერხი მხოლოდ სიცივისმიერი ალერგიის მსუბუქი ფორმის დროს გამოგვადგება.

- ბუნებრივია, სიცივის ალერგიის ასაცილებლად თბილად ჩაცმაა საჭირო, თუმცაღა, ალერგიულებს შალი ან სინთეტიკური ქსოვილი ალერგიას უმწვავებს...

- დიახ. მაგრამ ხომ არსებობს სხვა ნატურალური ქსოვილებიც, მაგალითად, ბამბის თბილი და მოსახერხებელი ქსოვილები? სიცივისაგან დაუფარავ ადგილებზე - სახესა და ხელებზე ცხიმიანი მკვებავი მალამო უნდა წავისვათ, ტუჩებზე - საგანგებო სიცივისაგან დასაცავი ბალზამი.

- თუ არსებობს მემკვიდრეობითი სიცივის ალერგია?

- არსებობს და მას ოჯახური სიცივის ურტიკარია ეწოდება.

- კვებაში შეზღუდვა თუ არის საჭირო სიცივის ალერგიის დროს?

- სასურველია, წლის ცივ პერიოდში ალერგიულებმა არ მიიღონ ციტრუსები, შოკოლადი, თაფლი, თხილი, ნიგოზი - ზამთარში უამრავი პროდუქტი არსებობს, რომელიც სასიამოვნოც არის და სასარგებლოც. სიცივის ძლიერი ალერგიის დროს კი შინიდან გასვლისას ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღებაც შეიძლება. კონიუნქტივიტის ასაცილებლად სათვალის ტარებაც შეიძლება გამოგვადგეს. გადაცივებული ადამიანის უცებ გათბობა კი არაფრით არ შეიძლება; ამ დროს ორგანიზმი ნელ-ნელა უნდა შევათბოთ; შხაპი კი 400ჩ-იანი წყლით დავიწყოთ და თანდათან ავიყვანოთ სასურველ ტემპერატურამდე.