"ბავშვის ძილის რეჟიმი და მისი სიმშვიდე ჩვენს ხელშია" - კვირის პალიტრა

"ბავშვის ძილის რეჟიმი და მისი სიმშვიდე ჩვენს ხელშია"

როცა ბავშვს კარგად არ სძინავს, სერიოზული პრობლემაა მშობლისთვისაც - გარდა იმისა, რომ პატარა გაღიზიანებულია, უძილობა ხშირად მოქმედებს მის გონებრივ მონაცემებზეც... კერძოდ, რას იწვევს უძილობა და რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს, ამის შესახებ პედიატრი ნანა ხომასურიძე მოგვითხრობს:

- ბრიტანელ მკვლევართა დასკვნით, პატარებს, რომელთაც ძილი მოწესრიგებული არ აქვთ, ცოდნის შეთვისების ხარისხიც დაბალი აქვთ. ძილის ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის ბუნებრივი განვითარების რიტმის დარღვევას და აზიანებს ტვინს, რაც ბავშვს ხელს უშლის ინფორმაციის ათვისებაში. ძირითადად ბავშვების უძილობის მიზეზი ოჯახში არსებული ქაოსია, როცა მშობელი ვერ ახერხებს ბავშვი ძილის რეჟიმს შეაჩვიოს...

- რა ასაკის ბავშვმა რამდენი უნდა იძინოს?

- თითოეულ ბავშვს საკუთარი "ბიოლოგიური საათი" აქვს, თუმცა, დადგენილია, რომ ვიდრე ბავშვი სკოლაში მივიდოდეს, მისთვის 10-12-საათიანი ძილია საჭირო. შუადღის ძილი კარგია, მაგრამ ის ღამის ძილს ვერ აანაზღაურებს, მით უფრო, რომ საბავშვო ბაღებში 3 წლამდე ასაკის ზემოთ შუადღის ძილი არც არის გათვალისწინებული.

უმცროსი სასკოლო ასაკის (6-9 წლის) ბავშვებისთვის ნორმალურია დაახლოებით 10-საათიანი ძილი, უფრო მოზრდილებს (10-12 წლისებს) - 9 საათიც შეუძლიათ ეძინოთ.

- წლამდე ასაკის ბავშვები თითქოს ძილს საგანგებოდ ებრძვიან...

- 6 თვემდე ბავშვის ძილი მშობელს გამოცდის წინაშე აყენებს - ბავშვი ხელში აყვანას და რწევას ითხოვს. ეს აუცილებელი არ არის, უცხოელი პედიატრები ამბობენ, რომ ამ დროს სჯობს პატარამ იტიროს, მერე მას თავად ჩაეძინება. სჯობს, როცა ბავშვს ღამით ეღვიძება, საწოლიდან არ ამოიყვანოთ, იქვე ჩუმად მიეფეროთ, მიეალერსოთ და შემდეგ ცოტა ხნით დატოვოთ, რომ იქნებ თავად ჩაეძინოს, - თუკი ასე მივაჩვევთ, პატარა დაგემორჩილებათ. ტირილისთვის სერიოზულ მიზეზს დედა ადვილად მიხვდება. ამ ხნის ბავშვს ღამით 11-12 საათი უნდა ეძინოს, დღისით - 3 საათი. 9-10 თვის ასაკიდან ბავშვის ძილი მოულოდნელად იცვლება. სწორედ ამ ასაკში იწყებს ის ძილთან ბრძოლას, რადგან თითქოს ხვდება, რომ ძილი დედასთან განშორებას ნიშნავს, საწოლში წრიალებს, თვალებს ხუჭავს და ახელს, ითხოვს წყალს და ასე გაჰყავს დრო.

- როცა ბავშვი ძილში მოუსვენრად მოძრაობს...

- ძილში კიდურების შეკრთომა ჩვილთა უმრავლესობას ახასიათებს. იშვიათად შეიძლება ეს  ეპილეფსიის გამოვლინებაც იყოს, ამიტომ დედამ ექიმს უნდა მიმართოს. იგივე სიმპტომი სკოლამდელ ასაკშიც გვხვდება. ამავე ასაკში ხშირია ძილში ლაპარაკიც, რაც ასაკთან ერთად იკლებს. თუ ღამის დარღვევებს თან ახლავს მენტალური, ემოციური დარღვევები, რომლებიც დღისითაც შეინიშნება და თავის ტკივილი, ექიმს უნდა მიმართოთ.

- ბავშვები ხშირად ხვრინავენ...

- ბავშვის ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ადენოიდები, ცხვირში მშრალი ლორწო, საძინებელი ოთახის მშრალი ან მტვრიანი ჰაერი. თუკი ბავშვმა ხვრინვა გაცივებისას დაიწყო, ექიმები წვეთებს ნიშნავენ... ზოგჯერ რაც უფრო დაღლილია ბავშვი, მით უფრო მეტად ამბობს უარს დაძინებაზე, ამ დროს ძილის დრო ოდნავ გადავუწიოთ. სასურველია, ძილის წინ ბავშვი არ გავაღიზიანოთ, მცირე ულუფაზე გადავატაროთ და ნაკლებად დავტვირთოთ ფიზიკურად. ასე რომ, პატარას ძილის რეჟიმი და მისი სიმშვიდე ჩვენს ხელშია.