კანის დაავადება, რომელიც ფსიქიკას აზიანებს - კვირის პალიტრა

კანის დაავადება, რომელიც ფსიქიკას აზიანებს

ფსორიაზი საკმაოდ რთული ქრონიკული დაავადებაა და ზოგჯერ მწვავდება, რასაც შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო განცდები, ძილის დარღვევა და სტრესი. ასეთ დროს აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი და დამატებითი მკურნალობა. გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობა ხშირად იწვევს სევდიან, უიმედო განწყობილებას, სწორედ ამიტომ ფსორიაზით დაავადებულებში დეპრესიის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. ამ დაავადების შესახებ ვესაუბრეთ დერმატოლოგ ალექსანდრე ტყემალაძეს:

- დიდად მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა ეს დაავადება პაციენტის წინაპარს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შთამომავლებსაც აუცილებლად ექნებათ. საშუალოდ, ფსორიაზი მოსახლეობის 2%-ში გვხვდება, ანუ 100 კაციდან ორს მაინც აქვს რაღაც ფორმით. ფსორიაზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს - ჩვილბავშვობიდან სიბერემდე. ის მეტ-ნაკლებად აწუხებს ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგანაც პრეპარატი, რომელიც ფსორიაზს საბოლოოდ განკურნავს, არ არსებობს. თუმცა, ამ დაავადებას სასიკეთო თვისებებიც აქვს: არ არის გადამდები, არც სიცოცხლისათვის საშიში და გარდა კოსმეტოლოგიური დეფექტისა, სხვა რაიმე მავნე ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე არ ახდენს.

- როგორ დგინდება ფსორიაზის დიაგნოზი?

- დიაგნოზი დგინდება მხოლოდ სიმპტომების მიხედვით. არსებობს ფსორიაზის სხვადასხვა ფორმა და ყველა მათგანი ძალიან განსხვავებულია, მაგრამ გამოცდილი ექიმი ნებისმიერ ფორმას დაკვირვების შემდეგ დაადგენს. დასაწყისში, როდესაც დაავადება ბოლომდე არ არის გაშლილი, შეიძლება დარწმუნებით ვერ თქვა, რომ ეს მართლაც ფსორიაზია, მაგრამ თუ მას ახასიათებს ქრონიკული გამოვლინება და მკურნალობის მიმართ შეუპოვრობა, ვადგენთ, რომ ეს მართლაც ფსორიაზია.

- შეუპოვრობაში რას გულისხმობთ?

- კანზე გაჩენილი ლაქები და სიწითლე მკურნალობის შედეგად შეიძლება გაქრეს, მაგრამ როგორც კი მკურნალობა შეწყდება, მაშინვე გაჩნდება. გამოცდილ ექიმს შეუძლია თვალითაც დასვას დიაგნოზი, როგორც კი პაციენტის კანს შეხედავს. ფსორიაზის დროს კანზე ჩნდება სიწითლე, გამონაყარი, იქერცლება კანი. ეს დაავადება შეიძლება სხვა ფორმებითაც გამოიხატებოდეს, მეტიც, შესაძლოა ფსორიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მძიმე ფორმის დროს მთელი კანი მოცულია ფსორიაზული კერებით და ავადმყოფი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. უფრო ხშირად ეს დაავადება დუნედ მიმდინარეობს. კანზე ფსორიაზული კერები ყველგან შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ "საყვარელი" ადგილებია: იდაყვები, მუხლისთავები და წელის არე. არსებობს ხელისა და ფეხისგულების ფსორიაზი, რომელიც მხოლოდ ამ ადგილებში ჩნდება. ზოგიერთ შემთხვევაში წითელი ლაქების სახით ლორწოვან გარსზეც ვლინდება, მათ შორის სასქესო ორგანოებზეც. ამ დაავადების დროს ხშირია სახსრების დაზიანებაც - ძირითადად წელის არისა და წვრილი სახსრებისა - ზედა კიდურებზე.

- რემისიას ყველაზე მეტად რა იწვევს?

-  ფსორიაზის მკურნალობის მეთოდი მრავალნაირია, მაგრამ არც ერთი მათგანი სრული განკურნების გარანტიას არ იძლევა. შეიძლება კანის დაზიანება ერთხანს გაქრეს, მაგრამ მერე ისევ გაჩნდება. ამ დროს პაციენტზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული: ის უნდა დააკვირდეს, რა უხდება და რა ვნებს. სხვათა შორის, ძალიან ბევრ პაციენტს უხდება აგარაკზე დასვენება, ზღვაზე გარუჯვა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზომიერად. ძალიან სასარგებლოა ხარაგაულის რაიონში, ნუნისის სამკურნალო წყალი. პაციენტებს, რომლებიც სამი-ოთხი კვირის განმავლობაში მაინც იღებენ ნუნისის აბაზანებს, ხანგრძლივი რემისია უვითარდებათ. ნუნისი, ზღვა და გარუჯვა -  ფსორიაზის ყველაზე უვნებელი და ეფექტიანი მკურნალობაა. ფსორიაზი სპეციფიკურ დიეტას არ საჭიროებს. პაციენტი კანის ზედმეტ გაღიზიანებას უნდა ერიდოს, კერძოდ, უნდა მოერიდოს ქავილს, ძალიან ცხელ წყალში ბანაობას, კანის გახეხვას და ა.შ...

- ფსორიაზი ცუდად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

- როცა ადამიანს კანზე რაღაც აქვს და ყველას ვერ უხსნის, რომ ეს დაავადება გადამდები არ არის, იწვევს უსიამოვნებას, დისკომფორტს, სირთულეებს ადამიანებთან ურთიერთობაში, ამიტომ ფსორიაზით დაავადებულებს ჯარიდანაც ათავისუფლებენ. ფსორიაზის მძიმე ფორმა ადამიანის მთელ ცხოვრებაზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს - ის ვერ ცხოვრობს ისე, როგორც სხვები. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს დაავადება გარშემო მყოფთათვის საშიში არ არის. სამწუხაროდ, ფსორიაზის დამარცხება თანამედროვე მედიცინამაც ვერ შეძლო. მიმდინარეობს კვლევები, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი პრეპარატიც გაჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით 100%-იან შედეგს ვერც ერთი ვერ გვაძლევს.  ფსორიაზის დროს კარგად გააზრებული, გონივრული მკურნალობაა საჭირო, რომ რემისია დადგეს და პაციენტმა შვება იგრძნოს.

ხათუნა ჩიგოგიძე