ცრუ კრუპი - საბავშვო დაავადება - კვირის პალიტრა

ცრუ კრუპი - საბავშვო დაავადება

სიმპტომი, რომელიც ამ დაავადებას ახლავს, არაერთ მშობელს აშფოთებს. ცრუ კრუპი ყოველი 100 ბავშვიდან დაახლოებით 15-ს უვითარდება. დაავადება ღამით, უმეტესად, გამთენიისას იწყება - პატარა მოულოდნელად იღვიძებს, ყეფისმაგვარ ხველას იწყებს და უჰაერობით შეწუხებული საწოლზე ჯდება. ხველა მშრალია, სუნთქვა კი ხშირი. ეს ცრუ კრუპია! მიუხედავად ამ სიმპტომებისა, მისი გადალახვა ადვილად შეიძლება. რა უნდა ვიღონოთ ამ დროს, ამის შესახებ პედიატრი მანანა ძინძიბაძე გვესაუბრება:

- კრუპის მიზეზად შეიძლება ის მწვავე ვირუსული ინფექცია მივიჩნიოთ, რომელიც პატარას ამ შეტევამდე 1-2 დღით ადრე ეწყება. ცრუ კრუპი შესაძლოა განვითარდეს ყივანახველის, წითელასა და ქუნთრუშისას.  მსუბუქი კრუპი შედარებით მარტივია, ამ დროს ბავშვი ზოგჯერ ჭამასაც ითხოვს, გარემო მოვლენების მიმართ ინტერესს იჩენს, მაგრამ თუკი შეტევისას ხახისა და ზემო სასუნთქი გზების ანთებაც აქვს, კრუპს მსტვინავი სუნთქვა და მძიმე შემთხვევებში - ძლიერი ქოშინიც ერთვის, შესაძლოა, გონებაც დაებინდოს,  აღენიშნოს ციანოზი... თუმცა, საბედნიეროდ, ცრუ კრუპის მძიმე შემთხვევაც არ არის უმართავი - პირველი ნიშნებისთანავე  უნდა გამოვიძახოთ ექიმი.

- მშობლისთვის მთავარია, იცოდეს, რა უნდა გააკეთოს ექიმის მოსვლამდე...

- უპირველესად, ბავშვის დამშვიდებაა საჭირო, - ბავშვები ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ რეაგირებენ ჰაერის უკმარისობაზე და ზოგჯერ ისტერიკაც ემართებათ. ეს კი შეტევას მხოლოდ აძლიერებს. ამ დროს მშობელი პატარას უნდა მოეფეროს, დაამშვიდოს და ანტიჰისტამინური საშუალებები მისცეს - დიმედროლი, სუპრასტინი, ფანჯარა გამოაღოს (თუ გარეთ არ ყინავს), რათა ბავშვმა სუფთა ჰაერით ისუნთქოს, მიაშველოს თბილი სითხე (მაგალითად, უგაზო მინერალური წყალი), პატარას ხელ-ფეხი დაუთბილოს. ექიმი, თუ საჭიროა, ბავშვს საავადმყოფოში გადაიყვანს. ზოგჯერ, ცრუ კრუპის მძიმე ფორმების დროს, მის მიღმა არ უნდა გამოვრიცხოთ კრუპის სინდრომის (კვინკეს სინდრომი, უცხო სხეულის ასპირაცია და ა.შ.) მქონე დაავადებები, რომელთა არასწორმა მკურნალობამ შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ცრუ კრუპის დროს საავადმყოფოში პატარების დაახლოებით 40% გადაჰყავთ.

- რა ასაკის ბავშვებს ემართებათ ცრუ კრუპი?

- მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ჩვილებს ის ძალზე იშვიათ შემთხვევაში ემართებათ. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ასაკში ხორხი შედარებით ვიწროა, კარგად განვითარებული არ არის ლიმფური კვანძები (ორგანიზმში ვირუსების შეჭრაზე პირველად სწორედ ლიმფური კვანძები რეაგირებს). დადგენილია, რომ არსებობენ ცრუ კრუპის მიმართ უფრო მეტად განწყობილი პატარები, კერძოდ, დღენაკლულნი და ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილნი, რაქიტიანები ან ადენოიდების მქონენი, რომელთაც ცრუ კრუპი შეიძლება ნებისმიერი მწვავე ინფექციის ნებისმიერ სტადიაში განუვითარდეთ.

- არსებობს თუ არა პროფილაქტიკური ღონისძიებები ცრუ კრუპის წინააღმდეგ?

-  როცა ბავშვი კრუპისადმი მიდრეკილია, შესაძლოა, შეტევა განმეორდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, გაცივების პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი), ბავშვი უნდა მოვარიდოთ ცივ ჰაერსა და ცივ სითხეს; იმ ოთახში კი, სადაც პატარას სძინავს, გამათბობელთან წყლით სავსე თასი უნდა იდგეს, ჰაერი რომ არ გამოშრეს. თუ ბავშვი ადვილად იღლება, აქვს ასაკისათვის უჩვეულოდ დიდი წონა, არის ნაკლებად მოძრავი და ა.შ., უნდა მოვარიდოთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. შინ აუცილებლად უნდა ვიქონიოთ დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი. ასაკის მატებასთან ერთად, ცრუ კრუპის პრობლემა თავისთავად, შეუმჩნევლად მოიხსნება.

- ნამდვილ კრუპზე რას იტყვით?

- ნამდვილი კრუპი ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების, დიფტერიის დროს. მას იწვევს ხორხში წარმოქმნილი ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება. ეს კი საშიშია, რადგან შეიძლება, თუ მაშინვე არ მივხედეთ, ფატალურადაც დამთავრდეს. საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი პრაქტიკულად აღარ გვხვდება, რადგან მისი განვითარების მიზეზი დიფტერიაა, რისი პროფილაქტიკაც საყოველთაო იმუნიზაციის გამო მაღალ დონეზე დგას.