როგორ ვებრძოლოთ კანზე გაჩენილ სისხლჩაქცევებსა და კაპილარებს
08-12-2014
როგორ ვებრძოლოთ კანზე გაჩენილ სისხლჩაქცევებსა და კაპილარებს
"ოციოდე წლის წინ ძალიან სუფთა და ლამაზი კანი მქონდა, მაგრამ წლების განმავლობაში გაჩენილმა კაპილარებმა კანი დამიზიანა, სახის ფერი იმდენად შემეცვალა, სარკეში რომ ვიხედები, საკუთარ თავს ვეღარც ვცნობ, თითქოს სარკიდან უცხო ადამიანი მიყურებს", - შემომჩივლა ქალბატონმა. კაპილარების წარმოქმნის მიზეზებსა და მკურნალობის თავისებურებებზე დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე გვესაუბრება:

- კაპილარები ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით - პოსტმენოპაუზის დროს, როცა ორგანიზმში ჰორმონული დარღვევები აღინიშნება. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ კაპილარები კანზე ახალგაზრდულ ასაკშიც გაჩნდეს
ვარდისფერ და ჩვეულებრივ ფერიმჭამელებთან ერთად. შეიძლება ეს უსიამოვნო მოვლენა პროფესიული ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული. ის ხშირად უჩნდება მათ, ვინც დიდხანს დგანან ცხელ ღუმელთან. სახეზე კაპილარების გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგჯერ კუჭის დაავადებით და სხვა პათოლოგიებითაც - მაგალითად, დაბალი წნევით, მაგრამ შეიძლება გენეტიკურიც იყოს. ზოგჯერ კაპილარები კანზე
ზედაპირულად არის განლაგებული და ამის გამო ადამიანს სახე ადვილად უწითლდება. კაპილარების გაფართოებას ხშირად მოჰყვება ანთება და ორივე ერთად ქმნის სურათს, რომელსაც ექიმები ვარდისფერ ფერიმჭამელას ანუ აკნე როზაციას უწოდებენ. ამ დროს კანზე აღინიშნება სიწითლე, რასაც ჩირქოვანი ანთება ემატება.

- რა შეიძლება ვურჩიოთ ადამიანს, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს?

- ასეთ დროს ზოგადი რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა ძნელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე დაუწერელი კანონი: ამ სიმპტომების დასამარცხებლად ჯერ კუჭის პათოლოგია უნდა გამოვრიცხოთ - ადამიანს არ უნდა ჰქონდეს გასტრიტი ან წყლული. თუ ასეთი დიაგნოზი აქვს, მკაცრი დიეტა უნდა დაიცვას და ისეთი საკვები მიიღოს, რომელიც კუჭის  ლორწოვან გარსს არ აღიზიანებს. მაწყინარია ცხარე და ცხელი, შემწვარი და მოხრაკული  საჭმელები. თუ საჭიროა, გასტრიტის ან კუჭის წყლულის მედიკამენტოზური მკურნალობაც უნდა ჩატარდეს. ასევე არ შეიძლება ღუმელთან ან ბუხართან სახით დგომა. პაციენტი უნდა მოერიდოს ცხელი ჩაის ან ყავის დალევას და სხვა სასმელებს, განსაკუთრებით კი - ალკოჰოლს...

მამაკაცებს უფრო ხშირად კაპილარები უჩნდებათ, თუკი ალკოჰოლი უყვართ. ე.წ. წითელი ცხვირიც სწორედ ალკოჰოლიკებისთვის არის დამახასიათებელი. ეს იმის ბრალია, რომ ალკოჰოლი ხშირად იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და თუ ადამიანი დროულად არ მიხედავს, შეიძლება ეს კაპილარები დარჩეს და აღარ შევიწროვდეს.
ასეთი გახლავთ რეკომენდაციები, დანარჩენი კი მედიკამენტოზურმა მკურნალობამ უნდა მოაგვაროს. სპეციალისტი დანიშნავს შინაგან და გარეგან მკურნალობას, მაგრამ რეციდივი გამორიცხული არ არის, თუ ადამიანი დროულად არ მიხედავს ამ პრობლემას. 

- დღეს პაციენტებს ხშირად სთავაზობენ ლაზერით მკურნალობას.
- ეს არის კაპილარების სამკურნალო სპეციალური ლაზერი. როდესაც კაპილარი გაფართოებულია, მას შეიძლება სხვა გზითაც ვუმკურნალოთ: კერძოდ, მოხდეს მისი კოაგულაცია ანუ მოწვა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ეტაპია მკურნალობისა. კოაგულაცია ძალიან გაფართოებულ კაპილარებს შველის, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ ეს კომპლექსური პროცესი უნდა იყოს: მკურნალობა მედიკამენტებით, შინაგანი თუ გარეგანი საშუალებებით, მთლიანობაში იწვევს სასურველ შედეგს. ძირითადად, სახეზე კაპილარების გაჩენას ვარდისფერი ფერიმჭამელი იწვევს. ამ დაავადების დროს ზოგჯერ თვალის კაპილარებიც წითლდება, რადგან ისინიც ფართოვდება.

- ბ-ნო ალექსანდრე, ხშირად კაპილარები ქვედა კიდურებზეც ჩნდება.
- კაპილარები და სისხლჩაქცევები ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ვენური უკმარისობა ანუ ვარიკოზი აწუხებს, რომელიც საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. ასევე ჩნდება მაშინ, როცა ვენებში სისხლის წნევა მატულობს, რაც კაპილარებში წნევის მომატებას და სისხლჩაქცევების გაჩენას იწვევს. ასეთ პაციენტებს განსაკუთრებით ურთულდებათ მდგომარეობა ზაფხულობით, ზამთარში ისინი თავს უკეთ გრძნობენ. გარდა ამისა, ქვედა კიდურებში სისხლჩაქცევებისა და კაპილარების გაჩენას შეიძლება სხვა მიზეზებიც ჰქონდეს, მაგალითად, ათეროსკლეროზი ან სხვა დაავადებები. თუ ფეხებზე გაჩენილი კაპილარები ვენების ბრალია, ვენებს უნდა ვუმკურნალოთ, თუ არტერიებისა - არტერიებს და თუ წნევის - მაშინ წნევას... ის, რაც უხდება სახეზე გაჩენილ, გაფართოებულ კაპილარებს, არ მოქმედებს ქვედა კიდურების შემთხვევაში. ეს სხვადასხვა დაავადებაა.

- რამდენად ეფექტიანია კაპილარების მოსაცილებლად მალამოს გამოყენება?

- მალამო მხოლოდ დამხმარე, გარეგანი საშუალებაა, მაგრამ ის მიზეზს ვერ მოსპობს. ვენების ვარიკოზის დროს მთავარი როლი რეჟიმს ენიჭება: არ შეიძლება დიდხანს დგომა და ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა, არ შეიძლება ქვედა კიდურების სიცხეში ყოფნა, ან ცხელი აბაზანის მიღება, სამაგიეროდ, კარგია სიარული, ყოველ ორ-სამ საათში ერთხელ წამოწოლა, 5-10 წუთით დასვენება და ვენების სამკურნალო პრეპარატების მიღება. ამ დროს მიზეზის დადგენა და კომპლექსური მკურნალობაა საჭირო. კაპილარები და სისხლჩაქცევები ნაკლებად ჩნდება იმიტომ, რომ ეს შედეგია და არა - მიზეზი. არც ლაზერი მკურნალობს მიზეზს, ის მკურნალობს შედეგს, ამიტომ ისიც სხვა მეთოდებთან ერთად უნდა გამოვიყენოთ, მარტო ლაზერი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

24 თებერვალი 2017 15:31
14 წლის ბავშვს აქვს ფეხზე წვრილ ზედაპირული კაპილარი.რა ანალიზი გავაკეთოთ?

რედაქტორის რჩევით