თიაქრისას უთუოდ მიმართეთ ექიმს! - კვირის პალიტრა

თიაქრისას უთუოდ მიმართეთ ექიმს!

პატარას ზოგჯერ ისეთი დაავადებაც შეიძლება ჰქონდეს, რასაც მშობლები ნაკლებად ვარაუდობენ. ეს თიაქარია, რომელიც უმეტესად თანდაყოლილია. თიაქარი ბიჭებს უფრო ხშირად აქვთ. ბავშვებში ძირითადად ჭიპის ანუ მუცლის წინა ფარისა და საზარდულის თიაქარია გავრცელებული. მათგან ყველაზე მეტად - საზარდულის თიაქარი. დაავადება უფროსებსაც არ აკლებს ხელს - ყოველ მე-5 კაცს აქვს. საზარდულის თიაქარი გვხვდება 75%-ში, ბარძაყისა - 8%-ში, ჭიპის თიაქარი - 4%-ში, მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციის შემდგომ განვითარებული თიაქრები კი 12%-ში. როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადებას, ამის შესახებ ქირურგი დავით სანოძე გვესაუბრება:

- დაავადება თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც, ანუ ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. მას იწვევს, მაგალითად: ასაკი, მემკვიდრეობა, სიმსუქნე, მუცლის კედლის ტრავმა... ამას დავუმატოთ ის ფაქტორები, რომელიც მუცლის შიდა წნევას ზრდის: მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე მშობიარობა, შეკრულობა, შარდვის გაძნელება, ხანგრძლივი ხველა, ორსულობა. ბავშვებში კი სარისკოდ შეიძლება მივიჩნიოთ: ფაღარათი, შეკრულობა, ყივანახველა... გამოკვეთილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამაკაცებში საზარდულის თიაქარი ჭარბობს, ქალებში კი ჭიპის და ბარძაყისა.

- თანდაყოლილი თიაქრის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

- მუცლის კედლის შედარებით განუვითარებლობა მუცლადყოფნის პერიოდში. სწორედ ამ ფაქტორის გამო გამოდის თიაქრის პარკი მუცლის კედლის ბუნებრივ ან პათოლოგიურ ხვრელში და იბერება. პატარას ეს ადგილი სტკივა გაჭინთვის, ხველის და ფიზიკური დაძაბვის დროს. ბავშვებში ყველაზე ხშირი, საზარდულის თიაქარი წლამდე ვლინდება და უფრო ხშირად ახალშობილობის პერიოდში იჭედება. ამიტომ საზარდულის თიაქრის არსებობისას წლამდე ბავშვს ოპერაცია უტარდება; თუმცა, ზოგჯერ შეიძლება თიაქარი არ ჩაიჭედოს და მკურნალობასაც დაემორჩილოს. იშვიათად საზარდულის თიაქარი თავისთავად ქრება, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე ორიენტირება არ შეიძლება. პატარის ექიმთან მიყვანა აუცილებელია.

- როცა პატარას თიაქარი ეჭედება, რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს?

- ბავშვი თბილ აბაზანაში უნდა ჩასვას ან საზარდულის მიდამოზე თბილი სათბური დაადოს, აუწიოს საჯდომი ტანზე მაღლა. თიაქარზე ხელის დაჭერა არ შეიძლება. შემდეგ კი აუცილებლად მიმართოს ექიმს. ის გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს: თუ ბავშვი ნაავადმყოფარია, ქირურგი შეეცდება თიაქარი დროებით ჩაასწოროს. თუკი კონსერვატიული მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ ოპერაცია სწრაფად უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში ნაწლავის დანეკროზება მოზრდილებზე ბევრად ნაკლები სისწრაფით მიმდინარეობს. თიაქრის ჩაჭედვა არ უნდა გაგრძელდეს ორ საათზე მეტხანს.

- სხვა რა ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას?

- თიაქრის დროს ძალიან მოქმედებს ემოციური მომენტიც - როცა ადამიანი ნახავს, რომ მუცელზე უცებ რაღაც ებერება, გუნება უფუჭდება. ექიმთა კონსულტაცია ამ დროს ნამდვილად დამამშვიდებელია, რადგან შესაძლებელია პრობლემის დროულად მოგვარება. ამ დაავადებისას ადამიანი გრძნობს ტკივილს, აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა. უჩივის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. თიაქრის ყველაზე საშიში გართულება ჩაჭედვაა, რადგანაც ჩაჭედილი ორგანოები (წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, დიდი ბადექონი, იშვიათად - შარდის ბუშტი, საკვერცხეები და სხვა ორგანოები) დიდ ზეწოლას განიცდიან; ამ დროს თიაქრის ფარის კუნთები სალტისებურად შემოეჭდობა პარკში მდებარე ორგანოებს და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. მათი მკვებავი სისხლძარღვების სანათურები იხშობა, რაც იწვევს ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზს - ეს კი ექიმის ჩაურევლობის შემთხვევაში შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. ზოგჯერ თიაქარი ნაწილობრივ ჩასწორებადია და შიგთავსი არ ნეკროზდება.

თიაქრის გართულებებს მიეკუთვნება: ჩაუსწორებლობა, განავლოვანი მასების შეყოვნება მსხვილ ნაწლავში, ანთება, რაც ართულებს მის მკურნალობას...

- შეიძლება იყოს თუ არა თიაქარი გენეტიკური?

- დიახ. ზოგადად ამ დაავადების წინასწარგანწყობის ფაქტორებს სხვა შეძენილ ნიშნებთან ერთად მიეკუთვნება: მემკვიდრეობა, მენჯის აგებულების თავისებურება და ბარძაყის რგოლის დიდი ზომები ქალებში, საზარდულის მიდამოს სისუსტე და საზარდულის არხის თავისებურება - კაცებში, რაც მემკვიდრეობითიც შეიძლება იყოს...

- არსებობს თუ არა თიაქრის პროფილაქტიკა?

- არსებობს. თუკი ჩვილების ჭიპის მიდამოს სწორად მოვუვლით, ბავშვს სწორად ვკვებავთ, კუჭის მოქმედება მოწესრიგებულია, თიაქრის განვითარების რისკი ნაკლებია. მოზრდილებში აუცილებელია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რაც მუცლის კუნთებსაც აძლიერებს და ორგანიზმისაც. ჯანსაღი ცხოვრების წესი თიაქრისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.