გრიპი ჯერ არ გვიტევს?! - კვირის პალიტრა

გრიპი ჯერ არ გვიტევს?!

ბოლო დღეებში რედაქციაში გვირეკავენ და გვთხოვენ, გავარკიოთ, რატომ არის გადავსებული ბავშვთა საავადმყოფოები. "ფაქტობრივად, თავისუფალი ადგილი არ მოიძებნება. მოზარდების უმრავლესობა გრიპის გამო გადის სტაციონარულ მკურნალობას, უამრავ ბავშვს აქვს ფილტვების ანთება", - ამბობენ მშობლები. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოზარდებში გრიპის ეპიდემია დაიწყო?

"კვირის პალიტრა" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა:

- მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებში პაციენტთა რიცხვი გაზრდილია, უჩვეულო არაფერი ხდება. არც ის არის შეშფოთების საფუძველი, რომ საავადმყოფოებში ხშირად მოზარდებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ. ასევე ხშირია მძიმედ მიმდინარე რესპირაციული დაავადებები, მაგრამ ეს ჯერ არ არის გრიპის ვირუსი. როგორც ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, გვაქვს მხოლოდ ერთეული შემთხვევები. დღეს საავადმყოფოებს, სავარაუდოდ, აკითხავენ გრიპის მსგავსი სხვა ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც გართულებულია ექიმთან გვიან მისვლის გამო.

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ ტიპის დაავადებებს?

- გრიპისგან განსხვავებით, ეს დაავადებები თავიდან ნაკლები ინტოქსიკაციით მიმდინარეობს და ავადმყოფები, უფრო კი მოზარდები, არ იცავენ წოლით რეჟიმს, არ უფრთხილდებიან თავს, რასაც მოჰყვება პნევმონიით გართულება.

- საავადმყოფოებში ადგილი აღარ არისო, ამბობენ.

- ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. მეტიც, შარშანდელთან შედარებით ნაკლები ავადმყოფია სტაციონარში. ეს არ არის მოულოდნელი ან უჩვეულო მოვლენა ამ პერიოდისთვის. გრიპი ჯერ ნამდვილად არ გვიტევს, დაავადებულ მოზარდთა თუ მოწიფულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის.

ყოველი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მატულობს გრიპის შემთხვევები და ამის შესახებ მოსახლეობა ყოველთვის ინფორმირებულია. ზუსტად როდის გამოჩნდება გრიპის ვირუსი, სამწუხაროდ, არ ვიცით. ჯერჯერობით მთელ ევროპაშიც კი გრიპის ვირუსის ცირკულაციის ნაკლები ინტენსივობა ფიქსირდება. სავარაუდოდ, ზამთრის განმავლობაში დაავადებულთა რაოდენობა მოიმატებს, მანამდე კი, თუ გრიპის სიმპტომები გამოგაჩნდებათ, მით უფრო - ბავშვებს, დროულად უნდა მიაკითხოთ ექიმს და დარჩეთ სახლში. გრიპის სიმპტომებიანი ბავშვის სხვა ბავშვებთან ერთად ყოფნა სახიფათოა. ერთი მხრივ, საფრთხეს ვუქმნით საკუთარ თავს მდგომარეობის მოსალოდნელი გართულებით, მეორე მხრივ კი ვხდებით გარშემო მყოფთა დაინფიცირების წყარო.

- საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში განსაკუთრებით აქტუალურია გრიპისა და მისი მსგავსი ვირუსებით მოზარდების დაავადების შემთხვევები.

- ამიტომაც სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას. ბავშვებმა ხელები ხშირად უნდა დაიბანონ, ასევე ხშირად უნდა განიავდეს საკლასო ოთახები. ეს შეამცირებს ვირუსის კონცენტრაციას და ბავშვების ინფიცირების რისკს.