"მალე საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი შემოვა" - კვირის პალიტრა

"მალე საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი შემოვა"

C ჰეპატიტის დამარცხება შესაძლებელია

"წინათ ერთწლიანი მკურნალობა 12 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა 4-4 500 დოლარია, ხოლო 6-თვიანი მკურნალობა, რომელიც ადრე 6 000 დოლარი იყო, ახლა 2-2 500 დოლარია."

მალე საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ შემოვა ახალი მედიკამენტი, რომელიც განკურნების თითქმის 100%-იან გარანტიას იძლევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მედიკამენტზე 60%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, მკურნალობა ძვირი დაჯდება. მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი პრეპარატი ყველა ფენის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

როგორი მდგომარეობაა საქართველოში, არსებობს თუ არა დაავადებულთა ზუსტი სტატისტიკა, როდის გამოჩნდება სამედიცინო ბაზარზე ახალი პრეპარატი,„"კვირის პალიტრას" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ესაუბრება.

- C ჰეპატიტი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვლინდება, როცა გართულება შორს არის წასული. ძირითადად C ჰეპატიტის გამოვლენა შემთხვევით ხდება, როცა პაციენტი სხვა დაავადების გამოსაკვლევად მიდის ან საოპერაციოა. C ჰეპატიტის გამოვლენა ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია, ლაბორატორიული ანალიზის ფასი 8-დან 15 ლარამდე მერყეობს. თუმცა, შემდგომი გამოკვლევები ძვირია - 500-დან 1 000 ლარამდე. ამ გამოკვლევებს საყოველთაო დაზღვევა და კერძო სადაზღვევო კომპანიები არ აფინანსებენ. 2-3 წლის წინ მკურნალობა იმდენად ძვირი ჯდებოდა (10-12 000 დოლარი), რომ პრაქტიკულად, ძალიან ცოტასთვის იყო ხელმისაწვდომი.

დღეს სამი სერიოზული პროექტი ხორციელდება. 2011 წელს დავიწყეთ პროექტი - C ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობა შიდსით დაავადებულებში. "გლობალური ფონდის" დაფინანსებით ეს პროექტი დღესაც წარმატებით ხორციელდება. მეორე პროექტი 2014 წელს განხორციელდა - C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში. პატიმრებს გამოკვლევები და მკურნალობა უფასოდ უტარდებათ. ამ პროგრამის ფარგლებში 200 პატიმარი ჩაერთო და უმრავლესობა უკვე განიკურნა. თუმცა, ორივე პროგრამა მაინც ვიწრო ჯგუფებს ეხებოდა. 2014 წლის ივლისში C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროგრამა ამოქმედდა. შესაბამისი სამედიცინო დასკვნით პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდა, სადაც მის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავდა. თუ პაციენტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, მას ვაუჩერს აძლევდნენ, რომლითაც ის აფთიაქში მედიკამენტს 60%-იანი ფასდაკლებით ყიდულობდა. ამ პროგრამის ამოქმედებამდე ინტერფერონის ერთი დოზა 200-220 დოლარი ღირდა. ამჟამად 92 დოლარია. გენოტიპის მიხედვით პაციენტს 6-თვიანი ან ერთწლიანი მკურნალობა სჭირდება.

წინათ ერთწლიანი მკურნალობა 12 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა 4-4 500 დოლარია, ხოლო 6-თვიანი მკურნალობა, რომელიც ადრე 6 000 დოლარი იყო, ახლა 2-2 500 დოლარია.

- რამდენმა პაციენტმა ისარგებლა 60%-იანი ფასდაკლებით?

- დაახლოებით 840-მა პაციენტმა. თუმცა, ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან უწინ მხოლოდ 100-200 კაცი ახერხებდა მკურნალობას.

- ინტერფერონი და რიბავერინი C ჰეპატიტის სამკურნალოდ აღიარებული მედიკამენტებია. ეფექტურია მკურნალობის შედეგი?

- ინტერფერონი და რიბავერინი განკურნების სრულ გარანტიას არ იძლევა. პირველი გენოტიპის დროს საშუალოდ იკურნება 40-50%, ხოლო მე-2 და მე-3 გენოტიპის შემთხვევაში - 60-70%. ამ პრეპარატებს სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს, რის გამოც ბევრს უჭირდა მისი გადატანა.

- ამასობაში ახალი პრეპარატი გამოჩნდა.

- 2013 წლის დეკემბერში ახალი მედიკამენტი გამოვიდა, რომელსაც ამერიკის წამლის სააგენტომ რეკომენდაცია მისცა. ე.წ. სოფოსბუვირი, რომლის გასაყიდი სახელია სოვალდი, დაახლოებით 90-95%-ით განკურნების გარანტიას იძლევა. ამ მედიკამენტს გვერდითი მოვლენები არა აქვს. დაავადების ყველაზე მძიმე სტადიაშიც კი მისი გამოყენება შესაძლებელია. 2014 წლის სექტემბერში მეორე ახალი მედიკამენტი - ლედიპასვირი გამოვიდა. ლედიპასვირი სოფოსბუვირთან დააწყვილეს და ერთ აბშია მოქცეული. ამ მედიკამენტს ჰარვონი ჰქვია. ეს კომბინაცია 100%-ით განკურნების გარანტიას გვაძლევს.

- ეს პრეპარატი რამდენად ხელმისაწვდომია?

- აშშ-ში, სადაც სოფოსბუვირი გამოიგონეს, სამთვიანი კურსი 88 ათასი დოლარი ღირს. საქართველოში მისი გასაყიდი ფასი 46 ათასი ევროა. პრაქტიკულად, მედიკამენტი არავისთვისაა ხელმისაწვდომი. საქართველოში ჯერჯერობით 15-16-მა ადამიანმა შეძლო ამ თანხის გადახდა და განიკურნა. დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენი ცენტრი, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი, რომლის წარმომადგენლობაც საქართველოშია, ინიციატივით გამოვედით, როგორმე დაგვეყოლიებინა ეს ფირმა და საქართველოსთვის მედიკამენტი დიდი ფასდაკლებით ან უფასოდ მოეწოდებინა. ჯერჯერობით ამის პრეცედენტი მსოფლიოში სულ ორი იყო. მათ მედიკამენტი ეგვიპტეს დიდი ფასდაკლებით მიაწოდეს, კურსი 900 დოლარი ღირს, ხოლო ინდოეთს, სადაც ასევე ბევრი დაავადებულია, მედიკამენტის წარმოების უფლება მისცეს, ოღონდ სხვა ქვეყნებში ვერ გაყიდის.

ჩვენ შევადგინეთ C ჰეპატიტის ალიმინაციის ანუ აღმოფხვრის პროექტი. თუ ფირმა საქართველოს სოფოსბუვირს დიდი ფასდაკლებით ან უფასოდ მიაწვდის (მაშინ სოფოსბუვირზე იყო საუბარი, ახლა ჰარვოლზეც, თუმცა, მეორეზე შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის), საქართველო ვალდებულებას იღებდა, რომ მხოლოდ დაავადებულებს კი არ უმკურნალებდა, არამედ ყველა რისკ-ჯგუფს გამოიკვლევდა და უმკურნალებდა. ფაქტობრივად, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული აღარ იქნება. ეს გეგმა დაახლოებით 5-7 წელიწადზეა გათვლილი. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უდიდესი მხარდაჭერით კომპანია დათანხმდა, რომ მედიკამენტი ძალიან დიდი ფასდაკლებით ან უფასოდ მოგვაწოდოს.

- ანუ ეს საკითხი ჯერ გარკვეული არ არის?

- ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ წინასწარი შეთანხმება არსებობს. სავარაუდოდ, მედიკამენტი მარტიდან შემოვა. თუმცა, მეორე თარიღიც სახელდება - ნოემბერი, რადგან შეიძლება ვერ მოესწროს. მკურნალობის დასაწყისში 3-5 000 პაციენტი შეირჩევა. კრიტერიუმები მკაცრად განსაზღვრული იქნება, რათა მედიკამენტის არამიზნობრივად გამოყენება არ მოხდეს. ყველა იმკურნალებს, მაგრამ ეს ეტაპობრივად მოხდება.

- ვინ დააფინანსებს?

- სავარაუდოდ, ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს. მცირე თანხას გადაიხდის პაციენტი; თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

სალომე გოგოხია