სამიზნეა თირკმლები... - კვირის პალიტრა

სამიზნეა თირკმლები...

პატარები ხშირად ავადმყოფობენ პიელონეფრიტით. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ცისტიტის დროს შარდის ბუშტის ანთებამ. ეს რომ არ მოხდეს, მშობელმა არ უნდა დაუშვას - ბავშვმა ითამაშოს ცივ იატაკზე, ცივ ამინდში დიდხანს იჯდეს პარკში სკამზე, ქვის საფეხურებზე, წვიმასა და თოვლში დაუსველდეს ფეხები. მშობელმა არ უნდა დაუშვას, რომ ბავშვს შარდის შეუკავებლობის დროს სველი შარვალი დიდხანს ეცვას. ყოველივე ამას შეუძლია გამოიწვიოს ცისტიტი ან პიელონეფრიტი.

პიელონეფრიტი ბავშვის ორგანიზმს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (თვეობით) ისე აზიანებს, რომ არ აისახება ბავშვის გუნება-განწყობილებაზე. მშობლების უმეტესობა ვერ ამჩნევს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს და ეს შესამჩნევი ხდება, როდესაც დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში.

მშობლებს ვურჩევთ პროფილაქტიკის მიზნით ბავშვის შარდის ანალიზი წელიწადში 1-2-ჯერ მაინც გააკეთონ.

პიელონეფრიტით დავადებისას ბავშვი ფერმკრთალი, გაღიზიანებული და უკონტაქტოა, სწრაფად იღლება, სულ ძილი სურს. ამ დროს თირკმლებს უჭირს თავისი მოვალეობის შესრულება, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას.

შეიძლება პატარას დაეწყოს ხშირი შარდვა, ზოგჯერ წელის ტკივილი და თავს იჩენს მთავარი სიმპტომი - არცთუ მაღალი ტემპერატურა (37,1-37 0ჩ), რომელიც დიდხანს გრძელდება.

თუ შარდის ანალიზით დიაგნოზი დადასტურდება, აუცილებელია ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. მას უნდა ჩაუტარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის სრული კურსი. პიელონეფრიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სითბო, სიმშვიდე, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თირკმლები უკეთესად მარაგდება სისხლით, ფილტრავს სისხლს და გამოყოფს შარდს.

პიელონეფრიტით დაავადებულ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული დიეტა. რაციონიდან ამოღებულია ხორცისა და თევზის წვნიანი, ცხიმიანი, მარილიანი, მწარე, ცხარე, შებოლილი პროდუქტები, სანელებლები, ხახვი, ნიორი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, მდოგვი, პირშუშხა, ნიახური.