დაამარცხე C ჰეპატიტი
09-02-2015
დაამარცხე C ჰეპატიტი
29 არალეგალური სტომატოლოგიური კლინიკა გამოვლინდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩატარებული მონიტორინგისას დღემდე დაურეგისტრირებელი 29 ორგანიზაცია გამოავლინა, სადაც სავარაუდოდ, სანიტარიულ და ინფექციის საწინააღმდეგო ღონისძიებებსაც ისევე არ იცავდნენ, როგორც აუცილებელ ვალდებულებას, მოეპოვებინათ საქმიანობის ოფიციალური უფლება. მათ ასეთი რამ არც კი მოუთხოვიათ.


"კვირის პალიტრა" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიას ესაუბრა: - პრევენცია, ინფექციური მონიტორინგი ეხება არა მხოლოდ  სტომატოლოგიურ კლინიკებს, სილამაზის და ტატუს სალონებს, არამედ რისკის შემცველ
სხვა ორგანიზაციებსაც, სადაც სისხლის გადასხმა,  გემოდიალიზი და ოპერაციული ჩარევები ხდება. 

- დღემდე მგონია, რომ ყველა სტომატოლოგიურ კლინიკასა და კოსმეტიკურ დაწესებულებაში დაცული ვარ, კვლავ გვაქვს რისკები?
- შესაძლოა ყველაფერი რიგზე არის, მაგრამ, რადგან ჩვენ არ ვარეგულირებთ მათ,  არ ვიცით, სად რა ხდება. მთელი რიგი ორგანიზაციების ზუსტი
რაოდენობაც კი არ ვიცოდით. მონიტორინგის დროს  ნაპოვნი ხარვეზების გამოსასწორებლად კლინიკებს ორთვიან ვადას ვაძლევთ. 400-ზე მეტი სტომატოლოგიური კაბინეტი და კლინიკა შემოწმდა თბილისში. იმ ფაქტმა, რომ 29 სტომატოლოგიური კლინიკის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  უკანონო სამედიცინო საქმიანობას აწარმოებდნენ და შესაბამისად, უზარმაზარი საფრთხის ქვეშ აყენებდნენ ადამიანების სიცოცხლეს.  ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკას და კაბინეტს შეეხება ჩვენი მონიტორინგი. თუმცა, როდესაც ასეთი არალეგალური დაწესებულება რომელიღაც საცხოვრებელი კორპუსის მაღალ სართულზეა განლაგებული, თუ ვინმე არ შეგვატყობინებს, მის შესახებ ვერაფერს გავიგებთ. ამ კუთხით გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა.

- სილამაზისა და ტატუს სალონებში რა ხდება?
-  დღემდე არ გვაქვს უფლება, ეს დაწესებულებები შევამოწმოთ. არადა, ცივილიზებულ ქვეყნებში მათი მონიტორინგი აუცილებელია. დავიწყეთ  გაცნობითი ხასიათის ვიზიტები.  პარალელურად ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რათა მოგვეცეს ინფექციური მონიტორინგის უფლება. 

- როგორ ფიქრობთ, პრევენცია რა დროში გამოიღებს შედეგს?

- სტომატოლოგიურ კლინიკებში - 4-5 თვეში. სტომატოლოგიური ასოციაცია, კლინიკებიც გვეხმარებიან, რომელთაც კარგად ესმით, რომ მთელი რიგი ნორმების დარღვევა სარისკოა არა მხოლოდ პაციენტისთვის, მათთვისაც.  

- რამდენი ადამიანი არის C ჰეპატიტით დაავადებული?
- ზუსტი ციფრი დადგინდება სამთვიანი კვლევების თანახმად, რომელსაც მარტში დავიწყებთ. ექსპერტული გათვლებით კი, დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანი არის C ჰეპატიტის მატარებელი. მათ შორის დაახლოებით 40%-მდე წამალდამოკიდებულია. არიან მცირეწლოვნებიც, საბედნიეროდ, ძალიან ცოტა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავიწყებთ სკრინინგს, რაშიც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
- დადის ჭორები, რომ თითქოს მკურნალობა შერჩევით იქნება.

- ეს არის სრული სიცრუე. სამოქმედო პროგრამაში ჩასართავად მნიშვნელობა ექნება პაციენტის მდგომარეობას და არა სხვა კრიტერიუმებს, ნათესაობას, მეგობრობას და სხვას.  ამიტომაც ნუ აჰყვებიან  პაციენტები ვიღაცებს, როცა ეუბნებიან, აი, ჩვენთან დადექი აღრიცხვაზე  და  შეგიწყობთ ხელს, რომ სიაში წინ წაგწიოთო. არ არსებობს განსაკუთრებული სამედიცინო ორგანიზაციები, სადაც შეიძლება დადგე აღრიცხვაზე და  ამიტომაც პირველმა მიიღო მედიკამენტი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით