ჭინჭრის ციება - კვირის პალიტრა

ჭინჭრის ციება

ნერვებს მაგლეჯს და სიცოცხლეს მიშხამავს! - ასე შეიძლება დავახასიათოთ ის შეგრძნებები, რომელიც ჭინჭრის ციებას ახლავს და მსოფლიოს თითქმის ყოველ მესამე კაცს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია. ეს დაავადება უმეტესად 20-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს ემართებათ. რა არის ეს დაავადება, რომელსაც სამედიცინო ენაზე ურტიკარია ჰქვია და როგორ ვუშველოთ მას? ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი მაკა გოქსაძე:

- დაავადება კლინიკურად ვლინდება გამონაყარით, რომელიც წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. რახან ჭინჭრის ციებისას კანის მთლიანობა ირღვევა, ბუნებრივია, პროცესს ტკივილიც ახლავს - კანი ხდება ორგანიზმის ე. წ. `შოკური~ ნაწილი, რომელზეც ალერგიული რეაქციები ვითარდება: სხეულის სხვადასხვა ნაწილში კანზე მოულოდნელად ჩნდება სიწითლისა და წვის შეგრძნება და სწრაფად იფარება გამონაყარით, რომელიც სხვადასხვა ზომისაა, რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა. გამონაყარზე ჩნდება ერთი ან მრავლობითი ბებერები (მოწითალო, ფერუცვლელი ან თეთრი). ბებერა ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება და არ ტოვებს კვალს. სხვათა შორის, გამონაყარი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაქრეს. არც ის არის გამორიცხული, ჭინჭრის ციებისას ტემპერატურული რეაქცია გამოვლინდეს, ან სახსრების ტკივილი და არტერიული წნევის დაწევა ახლდეს თან, გააჩნია, დაავადება რა სირთულის არის. ჭინჭრის ციებას ქავილიც ახლავს, რადგანაც ის ვითარდება ეპიდერმულ შრეში, სადაც ნერვული რეცეპტორებია განთავსებული. ეს დაავადება მოსალოდნელია, მიმდინარეობდეს მწვავედ ან ქრონიკულად. ჭინჭრის ციებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა (გაზაფხული-ზაფხული). მზეზე ხანგრძლივი ყოფნისას გამონაყარს შესაძლოა დაერთოს ორგანიზმის ზოგადი რეაქცია სუნთქვისა და გულის მოქმედების დარღვევებითაც კი. თუმცაღა, მსუბუქ შემთხვევაში ჭინჭრის ციებამ შეიძლება თავისითაც კი გაიაროს, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში - ქრონიკულადაც კი გადაიქცეს, ანუ 6 კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს.

- თუ ეს ალერგიული რეაქციაა, რამ შეიძლება ასეთი მძაფრი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს?

- დაავადების წარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის დარღვევები... ქოლინერგული ჭინჭრის ციება ნერვული აღგზნების დროს ვითარდება და გამოწვეულია ქსოვილში აცეტილქოლინის გამოყოფით, რაც ხდება სტრესის და მღელვარების ფონზე ნერვული სისტემის გაღიზიანებისას.

ზოგადად, დაავადების ხელშემწყობია ქრონიკული ანთებითი პროცესები, ფიზიკური ფაქტორები (სითბო, სიცივე), სამკურნალო საშუალებები, მტვერი, მწერის ნაკბენი, სიცივე, სიცხე, მზის სხივები... გარდა ამისა, ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს აუტოიმუნური, ზეწოლის შედეგად განვითარებული, იდიოპათიური (როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება) და არაალერგიული, - უპირატესად მემკვიდრეობითი...

- რა მიზეზით შეიძლება იქცეს ჭინჭრის ციება ქრონიკულ პროცესად?

- ქრონიკული მორეციდივე ჭინჭრის ციება ვითარდება ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციის კერების არსებობისას. მაგალითად,  ტონზილიტის, ქოლეცისტიტის... ასეთ ციებას ზოგჯერ თავის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატებაც ახლავს... ქავილთან ერთად იმატებს ნევროზული პროცესებიც. ზოგჯერ ჭინჭრის ციება იმდენად რთულდება, რომ მოსალოდნელია, კვინკეს შეშუპებაც განვითარდეს, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში - დაერთოს ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება და მოხრჩობის შეგრძნება. ასეთ დროს პირველი დახმარება ანტიჰისტამინური პრეპარატებია (დიმედროლი, ტავეგილი, სუპრასტინი, ჰიდროქსიზინი) და, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ ექიმისთვის მიმართვა. საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროულად მკურნალობა, ბავშვთა ასაკში - პერიოდული გამოკვლევების ჩატარება. ურტიკარიისას ნებისმიერი ალერგენი უნდა გამოირიცხოს, მათ შორის ალერგიული საკვებიც, უნდა მოვიშოროთ ქიმიურად აგრესიული ნივთიერებები, ნივთები, რომლებიც მტვერს აგროვებენ - ხალიჩა, წიგნები, რბილი სათამაშოები, ბალიშები, რადგან მტვერი პირველი ალერგენია. ყოველდღიურად სველი ნაჭრით უნდა გაიწმინდოს საგნები, კარგად განიავდეს შენობა. ჭინჭრის ციება მკურნალობას ემორჩილება, მაგრამ სრულად განკურნებადი არ არის. ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდა ურტიკარია, დიდი შანსია, მკურნალობის მიუხედავად, გაუმეორდეს. მისგან დაცული არავინაა და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაცაა.