რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა - კვირის პალიტრა

რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა

"დედა მიწევს რეანიმაციაში, სასწრაფომ კლინიკური ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიგვიყვანა ორი სავარაუდო დიაგნოზით: ფარული სისხლდენა და ინსულტი. საბედნიეროდ, არც ერთი არ დადასტურდა, მაგრამ ისეთმა პრობლემამ იჩინა თავი, რომელიც საავადმყოფოში შეყვანისას არ ჰქონია. ამიტომ სხვა კლინიკაში გადასაყვანად ვეძებ ფართო პროფილის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების რეანიმაციას, კარგი რეანიმატოლოგით, რომელიც მიხვდება, რატომ შეექმნა დედას პრობლემა... დავიარე თბილისის საავადმყოფოები და აღმოჩნდა, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილი არ იყო. რა ხდება, სრულიად საქართველო რეანიმაციაშია?" - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ წერილის ავტორი ერთადერთი არ არის, ვინც სანთლით დაეძებს ექიმს, რომელსაც ზუსტი დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობა შეუძლია.

მსოფლიოში ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ კილაძე:

- ამერიკაში ჩაატარეს ექსპერიმენტი: რეზიდენტებს მისცეს 20 პაციენტის ლაბორატორიული ანალიზის პასუხები და აპარატურით ნაჩვენები მასალები. დიაგნოზი მათ 25%-იანი სიზუსტით დაადგინეს... გამოცდილმა ექიმებმა იმავე პაციენტებთან მხოლოდ გასაუბრებით 85%-იანი შედეგი მიიღეს, დიაგნოსტიკური კვლევით კი 99%-იანი სიზუსტით დასვეს დიაგნოზი. კვალიფიკაციისთვის აუცილებელია მაღალი დონის განათლება და გამოცდილება. თუმცა, 20-25 წლის წინ მიღებული ცოდნა არ კმარა. თანამედროვე მედიცინა უსწრაფესად ვითარდება და თუ ფეხდაფეხ არ მიჰყევი, კონკურენტუნარიანი ვერ იქნები. ამერიკაში, უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკაში, სტუდენტს არავინ მისცემს 25 წლის წინ გამოცემულ წიგნებს, რადგან მათი კითხვა დროის დაკარგვად მიაჩნიათ, ჩვენთან კი განათლებას ხშირად ძველი სახელმძღვანელოებით იღებენ. თანამედროვე განათლების მიღებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც საკუთარი სახსრებით შეძლო უცხოეთში წასვლა.

ჩვენთან ზუსტი დიაგნოზის დასასმელად არ არსებობს უმაღლესი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები, უახლესი ტექნოლოგიები.

ეს არის ფუფუნება, არც ერთ კლინიკას არ შეუძლია ორმილიონევროიანი დანადგარის შეძენა. რომც შეიძინონ, კვლევებს იმ ფასს ვერ დაადებენ, რომ დანახარჯი კი არა, ექსპლუატაციის ხარჯები მაინც ამოიღო.

2002 წელს თურქეთში კერძო კლინიკამ მიიწვია ცნობილი ამერიკული ორგანიზაცია, რომელსაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის მენეჯმენტი უნდა შეეცვალა. კლინიკა ნელ-ნელა დასავლურ სტანდარტებზე გადაეწყო და ძალიან პოპულარული გახდა. სახელმწიფომ გადაწყვიტა, ეს სტანდარტები სავალდებულო გაეხადა  ყველა თურქული კლინიკისთვის. შედეგად მიიღეს უაღრესად განვითარებული სამედიცინო სფერო.

ცოტა ხნის წინ ირანში გახლდით, კონფერენციაზე. წარმოუდგენელი რამ ვნახე: უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური დანადგარების 90%-ს თვითონვე ამზადებენ. ამასთან, ჰყავთ საუკეთესო ექიმები. თურქეთის და ირანის ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ექიმებმა ბრიტანეთსა თუ ამერიკაში მიიღონ სამედიცინო განათლება და პრაქტიკული გამოცდილება. რუს მედიკოსებს ამპარტავნებამ სძლია და მიიჩნევენ, რომ ისედაც ყველაფერი იციან. შესაბამისად, რუსი სპეციალისტების მუშაობის ხარისხიც შესუსტდა, რუსი პაციენტები კი საქართველოში ჩამოდიან ოპერაციის გასაკეთებლად. მათ აქვთ ინფორმაცია ჩვენი საუკეთესო სპეციალისტების შესახებ.

საბედნიეროდ, ასეთებიც გვყავს და ისეთივე ოპერაციებს აკეთებენ, როგორიც ევროპის საუკეთესო კლინიკებში კეთდება, მაგრამ მინიმალურ ფასად. აქ ხომ ექიმის ანაზღაურება მიზერულია, პაციენტის გადახდილი თანხის მეტი წილი კი ოპერაციის ტექნიკური ხარჯების ანაზღაურებას ხმარდება.

ამ პირობებში არც ერთ კლინიკას არ შეუძლია, შემოიტანოს ძვირად ღირებული სადიაგნოსტიკო აპარატურა. მით უფრო, არ შეუძლიათ შეიძინონ რობოტი, რომელიც ლაპარასკოპიულ ოპერაციებს ატარებს.

- რობოტის ჩატარებული ოპერაცია ქართველებისთვის ფანტასტიკის სფეროა.

- არადა, 2001 წელს სწორედ რობოტის საშუალებით აშშ-დან საფრანგეთში გაკეთდა პირველი კონტინენტთაშორისი ოპერაცია. პროფესორს შეუძლია დღის განმავლობაში რამდენიმე ქალაქში ოპერაციის გაკეთება - მოქმედებს რობოტის ე.წ. მკლავები, რომელსაც ექიმი დისტანციურად მართავს.

ჩვენთან კი კლინიკების დიდ ნაწილს კვლავ საბჭოური წესებით მართავენ და არა თანამედროვე, ადამიანის უფლებების კონვენციაზე დამყარებული სტანდარტებით.

საბჭოთა კავშირის დროინდელ საავადმყოფოებში მოქმედებდა ვერტიკალური მართვის ფორმა - მთავარი ექიმის დიქტატურა, ქვედა რგოლების დაშინება და მონური მორჩილება... გამიკვირდა, როდესაც მსოფლიოში ლაპარასკოპიის ფუძემდებელი, პროფესორი, დოქტორი ჯან ლუიჯი მელოტი ოპერაციის შემდეგ თავის სანიტრებს ინსტრუმენტების დაშლასა და გარეცხვაში ეხმარებოდა. მის კლინიკაში ვერ მიხვდები, ვინ არის უფროსი. ექიმები ერთმანეთს სტიმულს აძლევენ კეთილგანწყობით, ყველა მათგანი კი პაციენტს ემსახურება.

ასი კითხვა რომ დაგისვას პაციენტმა ან მისმა ახლობელმა, ვალდებული ხარ, ყველა კითხვას უპასუხო.

ექიმი უნდა ზრუნავდეს პაციენტზე, როგორც მეგობარზე. თუ პაციენტებთან ურთიერთობისთვის გამძლეობა არ გექნება, არაფერი გამოვა.

- ჩვენს კლინიკებში არსებული კვალიფიკაციისა და გულგრილობის პრობლემას თავი როგორ დავაღწიოთ?

- საქართველოშიც უნდა გაჩნდეს სამედიცინო მომსახურების სტანდარტი, რომლის ზღვარს ქვემოთ კლინიკა ვერ იარსებებს.

დაწესდეს ჯერ მცირე ზღვრული სტანდარტი და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად შეიცვალოს მისი მასშტაბი. ასეთ პირობებში ზოგიერთი კლინიკა და ექიმებიც მოჰყვებიან ბალასტში და მიხვდებიან, რომ მუშაობის სისტემა უნდა შეცვალონ ან სხვა გზას ეწიონ.

- თუ სახელმწიფო სტანდარტს დააწესებს, სავარაუდოდ, კლინიკების მეპატრონეები სამინისტროს ზეწოლაში დაადანაშაულებენ.

- მაშინ განაგრძონ არსებობა საბჭოთა სტანდარტებით და ერთ დღეს მაინც განწირული იქნებიან მარცხისთვის. კონკურენცია თავისას იზამს... ზოგიერთი კერძო კლინიკა, რომელიც დღესაც გამორჩეულია, განვითარდება და მათ გვერდით მოძველებულ მედიცინას არავინ გამოიყენებს. სახელმწიფომ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი კლინიკების შეიარაღებაშიც. ევროპასა და ამერიკაშიც სახელმწიფო და სხვადასხვა ორგანიზაცია ეხმარება კლინიკებს უახლესი ტექნოლოგიების შეძენასა და სრულყოფაში. ამის გარეშე ზუსტ დიაგნოზს ვერ დაადგენ. თურქულ კლინიკებში უკვე 35 რობოტი დგას, იტალიაში - 52 და ა.შ. ყველა ევროპულ ქვეყანაში რობოტებს უმაღლესი განვითარების ნიშნად მიიჩნევენ.

ჩვენთან ზოგ კლინიკაში ნორმალური სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიები აქვთ, მაგრამ ინფორმაციის ზუსტად წამკითხველები არ ჰყავთ.