მოსკიტების წინააღმდეგ ჩვენთან არანაირი ღონისძიებები არ ტარდება - კვირის პალიტრა

მოსკიტების წინააღმდეგ ჩვენთან არანაირი ღონისძიებები არ ტარდება

ზაფხულობით თბილისსა და მის შემოგარენშიც უამრავი მწერია, მათ შორის დაავადებათა გადამტანებიც. მოსახლეობა მათგან თავის დაცვას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს, მაგრამ არავინ მეგულება, ზაფხულში კოღოს ერთხელ მაინც არ ეკბინოს.

სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ამჟამად 15 პაციენტი მკურნალობს. მათი დაავადების მიზეზი ლეიშმანიოზის გადამტანი მწერის, მოსკიტის ნაკბენი გახდა.

გუგული გუგუშვილი, ტრანსმისიურ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი: - ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბუნებაში სისხლისმწოველი მწერები აქტიურდებიან. ისინი მთელი რიგი ტრანსმისიული დაავადების გადამტანები არიან, მათ შორის მალარიის, ლეიშმანიოზის, ბორელიოზისა და სხვ. მათ სხვაგვარად ობლიგატიურ ანუ აუცილებელ გადამტანებსაც უწოდებენ, რადგან, მაგალითად, მალარია არ გავრცელდება, თუ ადამიანს მალარიის გადამტანმა კოღომ არ უკბინა. საგულისხმოა, რომ 1970 წელს საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები ლიკვიდირებული იყო და მხოლოდ შემოტანილი დაავადება აღირიცხებოდა. მაგალითად, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის ომში გაიწვიეს, იქიდან რამდენიმე მალარიით დაავადებული დაბრუნდა. ამას გარდა, დაავადების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთში, ხოლო მიგრაციული პროცესები საქართველოში მის შემოტანას უწყობდა ხელს. ამას ისიც დაემატა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, 1996 წლიდან შეწყდა პროფილაქტიკური ღონისძიებები როგორც მალარიის გადამტანის წინააღმდეგ, ისე პარაზიტმატარებელი პაციენტების გამოსავლენად და შედეგმაც არ დააყოვნა. ჯერ იყო და ლაგოდეხის რაიონში, სასაზღვრო ჯარის ნაწილებში მალარიით დასნებოვნების 4 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მალარიამ საქართველოში 2002 წელს მიაღწია, როდესაც 447 კაცი დაავადდა. ამის შემდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებები განახლდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეისათვის მალარიით დაავადების არც ერთი ადგილობრივი შემთხვევა არ გვაქვს.

- სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მალარიის შემთხვევები თუ იყო?

- წელს ტროპიკული მალარიის 3 შემთხვევა გვქონდა. დაავადება აღმოაჩნდათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე იმყოფებოდნენ. მაგრამ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტროპიკული მალარიის შემთხვევები ჩვენთან ზამთარში გამოვლინდა, იმ დროს, როდესაც დაავადების გავრცელების საშიშროება არ არსებობს. წელიწადის ამ დროს, კოღო ანოფელესის პოპულაცია, რომელიც ამ დაავადების გადამტანია, თითქმის არ აღირიცხება. კოღოების რიცხოვნობის მატება მაის-ივნისიდან იწყება. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, თბილისში, ისიც მხოლოდ დიღმის მასივში, სულ რამდენიმე ანოფელესი ნახეს. ასეთი მცირე რიცხვი კი მალარიის გავრცელების თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს.

- მალარიის სიმპტომები როგორია?

- მაღალი სიცხე, შემცივნება... შესაძლოა, ავადმყოფს აღენიშნებოდეს ყოველდღიური შემცივნება. ამ დაავადებისთვის ასევე დამახასიათებელია სახსრებისა და თავის ტკივილი.

- მალარიისგან მეტ-ნაკლებად დაცული ვართ, სხვა რა დაავადებებია გავრცელებული თბილისსა და საერთოდ, საქართველოში, რომლის გადამტანებიც მწერები არიან?

- პირველ რიგში, ლეიშმანიოზი. მისი გადამტანები თბილისის თითქმის ყველა რაიონში გვხვდება. ლეიშმანიოზით დაავადებული 15-16 პაციენტი გვყავს კლინიკაში და თითქმის ყველა თბილისში მცხოვრებია. სამწუხაროდ, ლეიშმანიოზის გადამტანების, მოსკიტების წინააღმდეგ ჩვენთან არანაირი ღონისძიებები არ ტარდება.

ლეიშმანიოზის გადამტანი მოსკიტი რომ უკბენს ადამიანს, დაახლოებით 6 თვიდან ერთ წლამდე გრძელდება დაავადების საინკუბაციო პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში დაავადება თითქოს სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ზოგჯერ ტემპერატურის მატებით ხასიათდება და არანაირ სიცხის დამწევ პრეპარატებს არ ექვემდებარება.

- ყველაზე ხშირად ეს დაავადება რა ასაკში ემართებათ?

- ლეიშმანიოზი უფრო მეტად ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგრამ უკანასკნელ წლებში მოზრდილებშიც ძალიან გავრცელებულია. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, მკვეთრი მატება გვაქვს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში წელიწადში დაახლოებით 170-მდე შემთხვევა აღირიცხება. ხშირია შემთხვევები, რომ მანამ, სანამ ლეიშმანიოზით დაავადებული ჩვენს კლინიკაში მოვა, ყველა სამედიცინო დაწესებულებას შემოივლის და სწორი დიაგნოზის დასმა ჭიანურდება.

- მოსკიტებისგან თავის დაცვა შესაძლებელია?

- სასურველია კარ-ფანჯრებზე დამცავი ბადის გაკეთება და მწერების დამაფრთხობელი საშუალებების გამოყენება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დღისით მოსკიტები არ იკბინებიან, მხოლოდ საღამოს, შებინდების შემდეგ და გარიჟრაჟამდე არსებობს მათგან დაკბენის ალბათობა. დღისით ისინი ბნელ და გრილ ადგილებში იმალებიან.

- კიდევ რა დაავადებებია ახლა გავრცელებული, რომელიც ადამიანზე მწერების ნაკბენით გადადის?

- ძალიან გავრცელებულია ტკიპისმიერი ბორელიოზი. ბოლო დროს ტკიპით დაკბენილი ბევრი მოქალაქე მოგვმართავს. ისინი საშიში ვირუსების, ბაქტერიების, ბორელიების, შავი ჭირის გამომწვევი მიკრობებისა და ტულარემიის გადამტანები არიან. რაც ყველაზე საშიშია, ტკიპას ადამიანზე ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის გადატანა შეუძლია. ამ ვირუსს ტკიპა თავის ორგანიზმში ინახავს და მთელ თავის შთამომავლობას გადასცემს. არც მათ წინააღმდეგ ტარდება ჩვენთან სათანადო ღონისძიებები. ტკიპები ღია ცის ქვეშ, ტყის მასივებში,  მცენარეების ქვეშ, ხის ქერქში, ნიადაგის ნაპრალებში ცხოვრობენ. აღნიშნულის მთლიანად დამუშავება კი ტექნიკურად შეუძლებელია. ცოტა ხნის წინ, კლინიკაში ტკიპისგან დაკბენილმა ქალბატონმა მოგვმართა. გერმანიიდან სტუმრად ყოფილა ჩამოსული და მასპინძელმა წყნეთის ტყეში გაასეირნა, ტკიპამაც სწორედ იქ უკბინა. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ბიოლოგია და კარგად იცოდა, რა ვირუსის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო პარაზიტი მწერი. როგორც გვიამბო, გერმანიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია ტკიპისმიერი ენცეფალიტი. ჩვენთან ამ დაავადების გადამტანი არის, მაგრამ საბედნიეროდ ჯერ დაავადების შემთხვევა არ ყოფილა. ამას გარდა, კლინიკაში მოგვაკითხა პაციენტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ აფრიკიდან ჩამოვიდა და სხეულზე აფრიკული ტკიპა ჰყავდა მიკრული. ხშირად მოდიან კრაზანისგან დაკბენილები. კრაზანის ნაკბენი საშიშია ალერგიულებისთვის. ალერგიული ადამიანი კრაზანის ნაკბენმა შეიძლება რამდენიმე წუთში მოკლას, ამიტომ მან, ვისაც ალერგიული ფონი აქვს, აგარაკზე გამგზავრებისას თან უნდა იქონიოს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები. კრაზანის კბენის შემდეგ კი ყველაზე ეფექტიანია პრედნიზოლონის ინიექცია.