გადამდებ ბაქტერიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა
04-05-2015
გადამდებ ბაქტერიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა
"მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს"

დაახლოებით ორი კვირის წინ, თბილისში, გადამდებ ბაქტერიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, პაციენტები პნევმოკოკურ ინფექციას ემსხვერპლნენ, რომელიც მათ ორგანიზმში ბაქტერიის სახით მოხვდა.
„"კვირის პალიტრა" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძეს ესაუბრა:


- ბატონო პაატა, პნევმოკოკს უკვე ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
- პნევმოკოკის ბაქტერიის მატარებელი თითქმის ყველა ადამიანია. ორგანიზმში მისი პოვნა საკმაოდ რთულია. ადრე შეიძლება ისე დაღუპულიყო პაციენტი,
რომ მიზეზი ვერ გაეგოთ. ამ დროს ბაქტერია სისხლიდან არ გამოიყოფა, ვინაიდან ადამიანს ანტიბიოტიკები მიღებული აქვს, ხოლო ანტიბიოტიკები ბაქტერიებს შლის. თუმცა,
ძალიან იშვიათია, დაავადება ისეთი მძიმე ფორმით განვითარდეს, როგორც ეს ამ ორი გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში იყო.

ეს ბაქტერია ყველას გვაქვს. მოზრდილებში ორი კვირა, ხოლო ბავშვებში 4
კვირამდე გრძელდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რამე მოუვათ.
დღეს თბილისში ადამიანების 70% ამ ბაქტერიის მატარებელია.

- კონკრეტულად ორგანიზმის რომელ ნაწილში ბუდობს და რა შემთხვევაში შეიძლება გართულება მოჰყვეს?
- ამ ბაქტერიამ შეიძლება 10 000 ადამიანი მოიაროს და ბოლოს ერთი ამოირჩიოს და ყურის ანთების, ფარინგიტის ან პნევმონიის სახით გამოვლინდეს.
ძალზე იშვიათად, შესაძლოა სისხ­ლში გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ადამიანს იმუნიტეტი მკვეთრად დაქვეითებული აქვს.

- ზოგადად, ბავშვები ნებისმიერი დაავადების დროს მაღალ რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან. რა გზითაა შესაძლებელი მათი დაცვა?
- დაავადება განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წლის ასაკის ზემოთ მოხუცებში. პრაქტიკულად,
წელს დავიწყეთ აცრა პნევმოკოკზე. 2 თვის ასაკიდან იწყება და ერთი წლის ასაკში მესამე აცრის გაკეთებით სრულდება.
მაღალი ასაკისთვის რისკები გაცილებით დაბალია. პრაქტიკულად, 5 წლის ასაკში ბავშვებს ეს მიკრობი არ ემუქრებათ, თუ რა თქმა უნდა, ბავშვს თავად სხვა დაავადება არა აქვს, რომელიც იმუნიტეტის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს.

- რა გზით გადადის პნევმოკოკი და როგორი სიმპტომები ახასიათებს?

- წვეთოვანი გზით, ძალიან ახლო კონტაქტზე, ერთი ხელის გაწვდენაზე გადადის. თუმცა, გადადება არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი აუცილებლად დაავადდება. ეს ბაქტერია მის ცხვირ-ხახაში მოხვდება, მაგრამ უმეტესწილად გართულებას არ გამოიწვევს. სიმპტომებს რაც შეეხება, ვლინდება ყურის ანთებით, ყელის ტკივილით, პნევმონიის სახით. ასე რომ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს. მსგავსი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, უბრალოდ, ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხდებოდა.

სალომე გოგოხია
mikluxo maklai
05 მაისი 2015 11:37
ესეც ,,წარმატებული,, ექსპერიმენტიიიი...
მაშ არადა ტყუილად დაგვიდგეს აქ ,,ის,, ლაბორატორია

რედაქტორის რჩევით