რას ამბობს დავით სერგეენკო კომპანია "ევექსსა" და შუახევში დატრიალებულ ტრაგედიაზე?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს დავით სერგეენკო კომპანია "ევექსსა" და შუახევში დატრიალებულ ტრაგედიაზე?!

დავით სერგეენკო: "კერძო კლინიკა ბიზნესის ნაირსახეობაა, მაგრამ მფლობელებს უნდა ესმოდეთ, რომ პირველი ღირებულება არა ფული, არამედ ადამიანის სიცოცხლეა"

4 მაისს შუახევის რაიონში, კომპანია "ევექსის" საავადმყოფოში 25 წლის დავით დავითაძე გარდაიცვალა. დაჭრილი პაციენტი საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, მაგრამ არც ქირურგი დახვდა და არც შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი. ახალგაზრდა კაცი დახმარების მოლოდინში, სისხლისგან დაიცალა. ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პაციენტი, ოთარ დავითაძეც გარდაიცვალა. ექიმი არც მას დახვედრია ადგილზე.

რაიონში არსებულ ერთადერთ საავადმყოფოში პრობლემები გასული წლის სექტემბრიდან დაწყებულა - მეპატრონეები აპირებდნენ აპარატურის გატანას, რაც მოსახლეობამ არ დაანება, მაგრამ ექიმები ვერ შეაჩერეს - ანაზღაურების შემცირების გამო, საუკეთესოები წავიდნენ.

"ნახევარ წელზე მეტია "ევექსისგან" სათანადო მომსახურების აღდგენას ვითხოვთ. გამოსავალი ტრაგედიის შემდეგაც არ ჩანს, აცხადებენ, რომ ადგილზე იქნება რეანომობილი, რომელიც მძიმე და გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტს ბათუმში გადაიყვანს. ეს სამედიცინო დახმარება კი არა, ადამიანის ბედით თამაშია! 35 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფლიდან ჩამოსული ორსული, რომელსაც მშობიარობა ეწყება, კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრი ბათუმამდე უნდა არბენინონ? დიდთოვლობისას რომ გზა ჩაიკეტოს, რას უპირებენ ადამიანებს? კომპანია ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე აკეთებს ეკონომიას - რაიონულ საავადმყოფოებში ოპერაციები ხშირად არ კეთდება, შესაბამისად, არ უღირთ რამდენიმე ადგილას ჰქონდეთ ქირურგის მომსახურება. ურჩევნიათ, ყველას ბათუმში მოგვხედონ, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე ცოცხლები ჩავაღწევთ. გამოდის, ადამიანთა სიცოცხლის დაცვა "ევექსისთვის" რენტაბელური არ არის", - აცხადებს შუახევის გამგებლის მოადგილე  ზვიად დიასამიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია„"ევექსმა" 27 აპრილს განაცხადა, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, კერძოდ, სტაციონარული პროექტებიდან გადიოდა და ამიტომ გააუქმა შუახევის საავადმყოფოს სტაციონარული მომსახურება. კლინიკა მხოლოდ ამბულატორიული პრინციპითა და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.

"კვირის პალიტრას" ევექსში" განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ელოდებიან ექსპერტიზის დასრულებას და შემდეგ გააკეთებენ კომენტარს. თუმცა,  ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრისას განაცხადეს, რომ პაციენტი თბილისშიც შეიძლებოდა გარდაცვლილიყო, მაშინაც კი, თუ ყველა ექიმი ადგილზე იქნებოდა...

"კვირის პალიტრა" ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ესაუბრა:

- "ევექსთან" და მის წინამორბედთან - "ჩემი ოჯახის კლინიკასთან" 2012 წლიდან  მაქვს დაძაბული ურთიერთობა ("ევექსი" საქართველოში 39 კერძო კლინიკის მფლობელია, მათ შორის "ნიუ ლაიფისაც", რომელიც 2014 წელს ხმაურით დატოვა დირექტორმა, ზაზა სინაურიძემ და სამედიცინო პერსონალმა. - ავტ.). ვუხსნი, რომ ჯანდაცვაში მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა. თავიდან ვდაობდით გაუმართავ სასწრაფო დახმარების სამსახურზე, რომელიც მათ მფლობელობაში იყო. რადგან ვერ შევთანხმდით იმ პირობებზე, რაც აუცილებელია სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სახელმწიფოს მართვაში დავიბრუნეთ.

რაც შეეხება რაიონებს, ცხრა რაიონში კერძო კომპანიამ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, რის გამოც ჩამოერთვათ მართვის უფლება და კლინიკები ჩვენ გადმოვიბარეთ. სხვა რაიონებში კი კერძო მფლობელმა გამოგვიცხადა, ვალდებული არ ვარ, სრული სამედიცინო სერვისები შევინარჩუნოო. ამიტომ გამოვისყიდეთ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მას უნდა ემართა...

სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და ველოდებით ექსპერტის დასკვნას, რათა ვერსიების დონეზე არ ვიმსჯელოთ.

- ფაქტია, ექიმი ადგილზე არ იყო.

- ადგილზე იყო, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციისა და სპეციალობის, რომელსაც შეეძლო ამ მდგომარეობის მართვა.

- "ევექსი" სამედიცინო კლინიკების ყველაზე მსხვილი მფლობელია, მათ შორის, მონოპოლისტია პედიატრიულ კლინიკებში. ხვალ რომ უარი თქვას პედიატრიული სტაციონარული სერვისების მიწოდებაზე, ხართ მზად?

- ამიტომაც ვქმნით საპირწონე კლინიკებს, რომლებიც მოსახლეობას დაიცავს კერძო სექტორის გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებებისგან. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ "ევექსი" ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. მან პირობა დადო, რომ შუახევში სრულფასოვან მომსახურებას აღადგენს. კერძო კლინიკა ბიზნესის ნაირსახეობაა, მაგრამ მფლობელებს უნდა ესმოდეთ, რომ პირველი ღირებულება არა ფული, არამედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

უკვე გამოვიყენეთ სწრაფი შედეგის მისაღწევი მოდელი გუდაურში, სადაც დაზიანებების მიღების მაღალი რისკები იყო. ორ თვეში ავაშენეთ გადაუდებელი დახმარების კლინიკა. თუ კერძო მფლობელებთან მოლაპარაკებით შედეგებს ვერ მივაღწევთ, ძალიან სწრაფად შევქმნით ალტერნატივას.

- "ევექსი" რეანომობილით აპირებს გადაუდებელი შემთხვევების მართვას. შორ მანძილზე რეანომობილით პაციენტების გადაყვანა დიდი რისკი არ არის?

- საომარი მოქმედებების დროსაც კი, ფრონტის ხაზზე უნდა იყოს ადამიანი, ვისაც სისხლდენის შეჩერება და პირველადი დახმარების გაწევა შეეძლება, არათუ რაიონში, სადაც ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა. ასეთი დაგეგმარება არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ჯანდაცვა უნდა დააგეგმაროს ამ საქმის სპეციალისტმა, ფინანსისტის ლოგიკა კი არ იძლევა კარგ შედეგს. უკვე მზად გვაქვს კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის მოდელის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ამის მიხედვით ვაპირებთ თბილისში სამი მსხვილი სამედიცინო დაწესებულების ამუშავებას, რაც დაგვიცავს ზემოთ აღნიშნული რისკებისგან.