გულის "მტრები"
25-05-2015
გულის "მტრები"
მედიცინის ექსპერტების მონაცემებით, სხვადასხვა დაავადებას შორის პირველი ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, რომელთა პროვოცირების ფაქტორები საკმაოდ ცნობილია: ჰიპერტონია, ქოლესტერინის მაღალი დონე, სიმსუქნე, ჰიპოდინამია, სტრესი, მავნე ჩვევები.

ერთი სიტყვით, გულს ძალიან ბევრი "მტერი" ჰყავს. მათგან თავი რომ დავაღწიოთ და გული შეუფერხებლად გვემსახუროს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უპირველესად, უნდა მივხედოთ კვებას. ძალიან ბევრი, რათა არ მოიმატოს წონაში, ჭამს მხოლოდ უცხიმო პროდუქტს, რითაც აკლებს ორგანიზმს გულისთვის მნიშვნელოვან პოლიუჯერ ცხიმებს. მაგალითად, ცხიმმჟავებით მდიდარია ზღვის ცხიმიანი თევზები
- კალმახი, სკუმბრია, თინუსი, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმს მჟავებით, ომეგა-3-ით და ომეგა-6-ით, რომლებიც ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას. ამავე ფუნქციას ასრულებს კაკალი და მცენარეული ცხიმი. ხოლო კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი შეუცვლელია გულის დაავადებათა პროფილაქტიკისა და არითმიის სხვადასხვა სახის მკურნალობის დროს. გარდა ამისა, სისხლძარღვების კედლებს უნარჩუნებენ ელასტიკურობას.
მაგნიუმითა და კალიუმით მდიდარია აირღუმელში შემწვარი კარტოფილი, ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ბადრიჯანი, მწვანილი, სალათა.

რაციონში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩ ვიტამინით მდიდარი ციტრუსები, ვაშლი და კენკრა, რომლებიც ხელს უწყობენ "ცუდი" ქოლესტერინის შემცირებასა და "კარგი" ქოლესტერინის დონის მომატებას. გარდა ამისა, ჩ ვიტამინი აფერხებს თრომბის წარმოქმნას, ათხელებს სისხლს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აქვს ანტიოქსიდანტური თვისება. მიირთვით პარკოსანი, ბურღულეული, ფაფები და ჩირი. გულს უხდება კალიუმით მდიდარი რძის პროდუქტები.

გირჩევთ, გული რომ არ გადაიტვირთოს, სასურველია, თავი შეიკავოთ ნერვიულობისა და სტრესებისგან, რადგან ნათქვამია: "ყველა დაავადების მიზეზი ნერვიულობაა".
ჰიპერტონიკებმა სისტემატურად უნდა გაიზომონ წნევა (დილას და საღამოს). გაზომვის წინ ერთი საათის განმავლობაში არ დალიოთ ჩაი, ყავა, არ მოსწიოთ. ექიმის გამოწერილი წამლების გარდა, წნევის დასაწევად შეიძლება მიიღოთ მცენარეული ნაყენები (ძახველის, შტოშის).

გულ-სისხლძარღვებს ტონუსს უნარჩუნებს ფიზიკური აქტიურობა. გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა აერობიკა, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა, ფიტნესი, რეგულარულად ფეხით სეირნობა. შეეცადეთ, ლიფტით არ ისარგებლოთ მე-5 სართულამდე მაინც. რაც შეეხება ძალისმიერ ვარჯიშებს - არ გირჩევთ.
სპეციალისტების აზრით, გულ-­­სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები უსიმპტომოდ და სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ამიტომ, მაშინაც კი, თუ არ გაწუხებთ, საჭიროა წელიწადში ერთხელ ექოსკოპიის გაკეთება, ქოლესტერინისა და არტერიული წნევის კონტროლი. თუმცა, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება: კარდიოლოგს უნდა მიმართოთ, როდესაც ფიზიკური დატვირთვის დროს გრძნობთ გულის არეში და მკერდის უკან ტკივილს ან გულის რიტმი დაგერღვათ და გიჭირთ სუნთქვა, ან გიჭერთ მკერდის არეში, აჩქარებულია ან შენელებულია პულსი, შეშუპებულია ფეხები, გეწყებათ ქოშინი...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით