თვითნებური დიეტების სავალალო შედეგები
01-06-2015
თვითნებური დიეტების სავალალო შედეგები
ზაფხული ახლოვდება. ზღვისა და გარუჯვის მოყვარულებისთვის უმთავრესი პირობა ლამაზი სხეულია. ზამთარში მეტ-ნაკლებად წონაში ვიმატებთ, ზაფხული საუკეთესო დროა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს რა მეთოდით მოხდება. უმრავლესობა მარტივ გზას ირჩევს - მოკლევადიან მკაცრ დიეტებს, რაც, დიეტოლოგების თქმით, დაუშვებელია. მან ჩვენი ორგანიზმი შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს. რა შედეგები მოჰყვება თვითნებურ დიეტებს და როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ექიმი ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება:

- თვითნებური დიეტა რეკომენდებული არ
არის. თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა.
ადამიანის ორგანიზმს, ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ყოველდღიურად სხვადასხვა სახის მიკროელემენტებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობა სჭირდება. თვითნებურმა დიეტებმა კი შეიძლება მათი დეფიციტი გამოიწვიოს და სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

- ბევრს დიეტა შიმშილობაში ეშლება. რას ნიშნავს
დიეტა?

- დიეტა ნიშნავს სწორ, დაბალანსებულ, ჯანსაღსა და რაციონალურ კვებას. თუ პაციენტს რაიმე ტიპის დაავადება არ აქვს, ნებისმიერი სახის პროდუქტის მიღება შეუძლია, მათ შორის, ტკბილისაც. აქედან გამომდინარე, არ ხდება არც ერთი პროდუქტის შეზღუდვა. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი პროდუქტი რა რაოდენობით მივიღოთ.

- წონის დასაკლებად ზოგიერთი დიეტოლოგს მიმართავს. ბევრისთვის ულუფის გრამობით მიღება
არაკომფორტულია, ამიტომ კვების საკუთარ მენიუს ადგენს: კვირის მანძილზე ერთი სახეობის პროდუქტს იღებს - წიწიბურას, მაწონს, უმარილო ბრინჯს და ა.შ. რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი გადაწყვეტილება?

- მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის მიღება არასწორია. ბუნებაში ბევრი პროდუქტი იმიტომ არსებობს, რომ თითოეულ მათგანს თავისი თვისება, შემადგენლობა და დანიშნულება აქვს. არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებს მთლიანად დააკმაყოფილებს და დღის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლა ნორმალურად წარიმართება. ორგანიზმმა რაიმე სახის დეფიციტი რომ არ განიცადოს, აუცილებელია მრავალფეროვანი პროდუქტის მიღება. გრამებით გათვლილი საკვების მიღებით კი ადამიანი ზომიერებას სწავლობს, რომ შემდეგში ულუფები თავად განსაზღვროს.

- გამართლებულია საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების შეზღუდვა?

- ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ადამიანის ცხოვრების რეჟიმი. თუ მისი დილა 6 საათზე იწყება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დასაძინებლად ემზადება, მაშინ საღამოს 6 საათის შემდეგ არ უნდა ჭამოს. თუმცა, თუ დილის 9-10 საათზე იღვიძებს და ღამის 2-3 საათზე იძინებს, დაუშვებელია 6-ის მერე საკვების შეზღუდვა.

- რას ურჩევთ წონაში დაკლების მსურველებს?

-  იკვებონ ჯანსაღად, ზაფხულში ბევრი სუფთა წყალი დალიონ, ფიზიკურად იაქტიურონ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დავიცვათ.  

სალომე გოგოხია
.
14 ივლისი 2015 09:05
მე ვეთანხმები სწორ კვებას და უაზრო დიეტები არ მიმაჩნია მართებულად. თქვენ მართალი ბრძანდებით.

რედაქტორის რჩევით