როგორ ვუმკურნალოთ ჭორფლს - კვირის პალიტრა

როგორ ვუმკურნალოთ ჭორფლს

"ჩემს 12 წლის გოგონას მთელი სახე ჭორფლით აქვს დაფარული, რის გამოც ძალიან ნერვიულობს. იქნებ გვირჩიოთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?" - ამ შეკითხვით მოგვმართა ქალბატონმა, რომელიც "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველია.

როგორც ექიმმა-დერმატოლოგმა ალექსანდრე ტყემალაძემ გვითხრა, ჭორფლის სრული გაქრობა შეუძლებელია, თუმცა, არსებობს ხერხები, რომლითაც შეიძლება შემცირება ან გაფერმკრთალება.

- ჭორფლი უფრო ჟღალ და წითურთმიან ადამიანებს უჩნდებათ (მოსახლეობის 2%-ს). მათ, დაბადებიდანვე, წითურ ფერთან ერთად, ჭორფლიც აქვთ ხოლმე. ზოგს ის ნაკლად მიაჩნია და აწუხებს, ზოგს კი, პირიქით, მოსწონს და არც უნდა მისი მოშორება, ზოგიერთს ჭორფლი კიდეც უხდება.

- მაინც რატომ ჩნდება ჭორფლი?

- ეს არის კანის თავდაცვითი რეაქცია მზის სხივებზე. როდესაც ორგანიზმი სრულყოფილად ვერ გამოიმუშავებს თავდაცვით პიგმენტს, ანუ მელანინს, რომელიც კანს მზის სხივებისაგან იცავს, ის ძალიან ადვილად იწვება. ასეთი ადამიანი ვერც ირუჯება და ნარუჯის ნაცვლად კანი ჭრელდება. ჭორფლი ძირითადად პირისახესა და ბეჭებზე ჩნდება, ანუ იქ, სადაც მზე უფრო მეტად ხვდება; თუმცა, მისი გაჩენა გამორიცხული არ არის სხვა ადგილებშიც. ზამთარში, როდესაც ინსოლაცია ნაკლებია, ჭორფლი მეტ-ნაკლებად ქრება, ზაფხულში კი ისევ იჩენს თავს. ჭორფლი ხშირად ქერათმიანებსაც აქვთ - წითურების შემდეგ ეს არის მეორე ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი ჭორფლისაკენ. ჭორფლისაკენ ნაკლებადაა მიდრეკილი შედარებით მუქი ფერის კანის მქონე, თუმცა, გამონაკლისი აქაც არსებობს. ჭორფლი არ არის პათოლოგიური რეაქცია, იგი გარკვეული კანის ტიპის საპასუხო რეაქციაა მზის სხივებზე. ამავე დროს ის გენეტიკურია.

- როგორ უნდა მოვიშოროთ ჭორფლი?

- ჭორფლისაგან დაცვის უმარტივესი საშუალება მზის სხივებისთვის თავის არიდებაა. არსებობს მეორე გზაც: ჭორფლის გაღიავება ქიმიური და კოსმეტიკური საშუალებებით, რაც დაეხმარება ბუნებრივ პროცესს, რომელიც ზამთარში მიმდინარეობს: ზამთარში ჭორფლი ისედაც მცირდება, ამიტომ მასთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ გვიან შემოდგომაზე, როცა მზის ინსოლაცია ისე ძლიერი არ არის და ახალი ჭორფლიც არ ჩნდება. ეს ზამთრის პერიოდში დააჩქარებს ჭორფლის გაუფერულების პროცესს.

ჭორფლის სრული გაქრობა შეუძლებელია, მისი გაღიავება კი შეიძლება. სასურველია, ზაფხულში მზისგან დამცავი კრემი იხმაროთ. ამ კრემებს აქვს ლათინური წარწერა - SPF და მერე მოდის ციფრი 10-დან 50-მდე. რაც უფრო დიდია ციფრი, მით მეტად იცავს კრემი კანს: მაგალითად, SPF 50 კანს   SPF-10-ზე ხუთჯერ მეტად იცავს. ეს კრემი მარტო ჭორფლისგან კი არა, ლაქებისა და დამწვრობისგანაც გვიცავს, თუმცა, ის 2-3 საათს მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ყოველ სამ საათში ერთხელ წაისვათ.

- რა შეიძლება გაკეთდეს ჭორფლის გასაღიავებლად?

- შეიძლება გამოიყენოთ კანის მათეთრებელი და გამაღიავებელი კოსმეტიკური საშუალებები, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია. ჭორფლს შეიძლება პილინგითაც ვებრძოლოთ. ზედაპირული პილინგი შეიძლება შინაც გაკეთდეს ლიმონის წვენის, კიტრის ან სხვა ხილისაგან, რომელიც ხელს შეუწყობს ჭორფლის გაღიავებას (ოღონდ თვალში არ უნდა მოგხვდეთ, არ უნდა იწვევდეს ალერგიას და კანის მგრძნობელობის მომატებას), უფრო ღრმა პილინგი კი პროფესიონალი კოსმეტოლოგის საქმეა. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, რომელიც კარგმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ვიდრე ჭორფლის მოცილებაზე ზრუნვას დაიწყებდეთ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ექიმი იმის მიხედვით იმოქმედებს, თუ რა ადგილზეა ჭორფლი, რა რაოდენობითაა, ან რამდენად სწრაფად უნდა პაციენტს ჭორფლის მოშორება. ბევრი ჩქარობს, მაგრამ ჭორფლის გაფერმკრთალებას 1-2 თვე მაინც სჭირდება. ჭორფლის გაღიავებაზე ზრუნვა პაციენტმა გვიან შემოდგომაზე უნდა დაიწყოს, მერე კი ეცადოს, რომ მზეს მოერიდოს.

- ბრძანეთ, ჭორფლის გაჩენა უფრო გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებულიო...

- დიახ. ზოგჯერ არც ცოლს აქვს ჭორფლი, არც ქმარს, შვილი კი ჭორფლიანია. შეიძლება დედ-მამა და ბებია-ბაბუაც არ იყოს წითური, მაგრამ ისეთი გენეტიკური კომბინაცია მოხდეს, რომ ბავშვი ჭორფლიანი გამოვიდეს. ჟღალთმიანს კი აუცილებლად ექნება ჭორფლი, რადგან მთლიანად კანისა და თმის ფერი გენეტიკურად გადადის.

- დამეთანხმებით, რომ ძალიან ძნელია, ადამიანი მთელი ზაფხულის განმავლობაში მზეს დაემალოს.

- ჭორფლიან პაციენტებს ვურჩევთ, სპეციალურად მაინც ნუ გავლენ მზეზე და ნუ გაირუჯებიან. უკიდურეს შემთხვევაში, მზის სათვალე გაიკეთონ და ქუდი დაიხურონ, რაც დაიცავს მათ ჭორფლის გაჩენისაგან. ვიმეორებ, რომ თვითმკურნალობა ჭორფლის შემთხვევაშიც არ არის მიზანშეწონილი. რომელიმე მალამოს ან წამლის გამოყენებისას აუცილებელია შესაძლო გართულებების ან უკუეფექტების ცოდნა. თანაც, კანის ტიპიდან გამომდინარე, წამალი შეიძლება ერთ ადამიანს მოუხდეს და მეორეს - არა.

ხშირად ჭორფლის გასაღიავებლად მცენარეულ ნიღბებს იკეთებენ, რაც მავნებელი ნამდვილად არ არის.

ლაქებისა და ჭორფლის საწინააღმდეგო რეცეპტები

ხალხურ რეცეპტებს ქალები ოდითგანვე იყენებდნენ ჭორფლის გასაუფერულებლად. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

რეგულარულად გაიწმინდეთ სახე ლიმონის წვენით, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ. თუ პროცედურის შემდეგ მზეზე მოგიწევთ გასვლა, მზისგან დამცავი კრემი წაისვით.

კარგ შედეგს იძლევა დილაობით პირის დაბანა წყალგარეული ვაშლის ან ღვინის ძმრით.

საშუალო ზომის კიტრი დააბლენდერეთ და მიღებული ფაფა სახეზე წაისვით.

ჭორფლი გაღიავდება, თუ სახეს რეგულარულად ჩამოიბანთ რძის შრატით, ან დღეში რამდენჯერმე წაისვამთ კიტრის წვენს, ოღონდ სახე ამ შემთხვევაში არ უნდა ჩამოიბანოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე