ფრთხილად, ოტიტია! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, ოტიტია!

გაცივების ან გრიპის შემდეგ ყურში თუ ტკივილს იგრძნობთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ ლარინგოლოგს, რადგან ოტიტი (შუა ყურის ანთება) საკმაოდ სერიოზული

დაავადებაა, რომელიც სურდოს, გრიპის, ანგინისა და ყელის ტკივილის თითქმის განუყრელი თანამგზავრია და ვითარდება შუა ყურში ინფექციის შეღწევით.

ხშირად ოტიტის მიზეზი ხდება მიკროორგანიზმები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პნევმონოკოკები. ზოგჯერ ყურის ტკივილის არასწორი მკურნალობის შედეგად პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ყველაზე ხშირად გაცივების მე-4 დღიდან იწყება პულსირებადი, აუტანელი ყურის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღამით, რადგან წოლისას ძნელდება ცხვირიდან ლორწოს გამოდევნა, ის გადადის შუა ყურში და იწვევს ანთებას.

ამ დროს ავადმყოფმა ტკივილის დასაცხრობად უნდა გაიკეთოს თბილი კომპრესი. თუ ტკივილი აუტანელია, ექიმის მოსვლამდე შეიძლება მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი წამალი ("ნუროფენი"). არ შეიძლება თვითნებურად მკურნალობა, რადგან შეიძლება დაიზიანოთ სმენა. ექიმის დანიშნულება კი მკაცრად უნდა დაიცვათ, რადგან თუ ბოლომდე არ განიკურნეთ, ინფექცია პირველი შესაძლებლობისთანავე შეგახსენებთ თავს...