გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს! ანუ ჯერ აპარატურის გამოყენება ვისწავლოთ... - კვირის პალიტრა

გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს! ანუ ჯერ აპარატურის გამოყენება ვისწავლოთ...

თემის გაგრძელება

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას "სუნთქვის აპარატისა და კუვეზის არქონის გამო უამრავი ბავშვი იღუპება" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველები თავიანთ მოსაზრებებს კომენტარის სახით საიტზე კვირისპალიტრა.გე მთელი კვირის განმავლობაში ათავსებდნენ. გადავწყვიტეთ, აქტუალობიდან გამომდინარე, თემა გაგვეგრძელებინა. ამასთან, მინდა მკითხველთა რამდენიმე გამოხმაურებაც გაგაცნოთ:

ჩვენ წინა პუბლიკაციაშიც აღვნიშნეთ, რომ პატარა დემეტრესა და დავითის ტრაგიკული ამბავი ერთადერთი არ არის. ისინი, ვინც ექიმის დაუდევრობისა თუ ჯანდაცვის პოლიტიკის უსუსურობის გამო უკვე დაკარგა ყველაზე ძვირფასი, რაც ამქვეყნად გააჩნდა, პრესასთან ღიად საუბრობენ. ისინი კი, ვისი შვილების სიცოცხლე ახლა ექიმთა ხელშია, სამედიცინო სექტორში არსებულ პრობლემებზე ინკოგნიტოდ გვიყვებიან. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იაშვილის სახელობის კლინიკაში, უკვე ერთი წელია, ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატზე მიერთებულია ბავშვი.

კლინიკის ექიმები იმ მიზეზით, რომ აპარატი სხვა პაციენტებსაც სჭირდებათ, უიმედო პაციენტის აპარატიდან მოხსნას ითხოვენ, რაზეც მშობელი კატეგორიულ უარს აცხადებს. საავადმყოფოში უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ  საყლაპავიდან ლორწოს ამოსატუმბ ერთეულ აპარატებზე ცოცხალი რიგია და მათ განყოფილებიდან განყოფილებაში დაარბენინებენ - მაშინ როცა ის ნებისმიერ დროს შეიძლება დასჭირდეს რომელიმე სხვა მძიმე პაციენტს.

ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე ექიმებიც ღიად საუბრობენ და არც იმას უარყოფენ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი საქართველოში ხშირად ირღვევა.

თორნიკე ბიძინაშვილი ("ექიმთა კავშირის" პრეზიდენტი): "რამდენიმე თვის წინ, როცა საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემია იყო, ვირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი სწორედ ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატების არქონის გამო გარდაიცვალა. ძირითადად ასეთი რამ რეგიონებში ხდება. ხშირად ავადმყოფს მცდარ დიაგნოზს უსვამენ, ვერ იყენებენ არსებულ აპარატურას, რადგან მათი გამოყენება არ იციან.

ბევრია შემთხვევა, როცა საავადმყოფოს საჭირო მედიკამენტები არა აქვს. ერთ აქამდე გასაიდუმლოებულ ინფორმაციას გაგანდობთ. არსებობდა ადამიანის სკანირების დაახლოებით 5-მილიონიანი პროექტი. ამ მეთოდით ნულოვან სტადიაში შევიტყობთ ადამიანის ონკოლოგიური დაავადების შესახებ. დაახლოებითი 400-600 დოლარამდე დაჯდებოდა დიაგნოსტიკა ერთი პაციენტისთვის. დაიბლოკა ეს პროექტი. არადა, ონკოლოგიური დაავადებები  მატულობს, სიკვდილიანობაც მაღალია".

ზურაბ უტიაშვილი (შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი): - 2009 წელს ჩვილებისთვის ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის მართვის 20 აპარატი შემოვიტანეთ და განვათავსეთ ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ძირითადად იღებს მძიმე ჩვილებს. სხვათა შორის, შევხვდით კლინიკების ხელმძღვანელებს. ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელმა სულ ორი ერთეული ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატი მოითხოვა, ათი აპარატი მოეთხოვათ, ამდენივეს მივცემდით. ასევე ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფომ მოითხოვა ორი აპარატი და მათი მოთხოვნაც დავაკმაყოფილეთ. ადრე იაშვილის სახელობის კლინიკას 15 აპარატი გადავეცით, ახლა იქ ასეთი 17 აპარატი დგას.

მაგრამ მარტო აპარატის ქონა-არქონაში არ არის საქმე. მარტივად რომ ვთქვათ, ხომ უნდა იყოს კლინიკაში შესაბამისი პერსონალი, რომელიც ამ აპარატებს მოემსახურება.

ხვალ რომ იაშვილის კლინიკას კიდევ 10 აპარატი გადავცეთ, ფიზიკურად ვერ განათავსებენ... ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობამ პირდაპირ გვითხრა, - ორ აპარატზე მეტი რომ მოგვცეთ, ვერ დავდგამთო.

მართვითი სუნთქვის აპარატი ჩვილებისთვის არის ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, კახეთში, ახალციხე-ახალქალაქის რეგიონსა და გორში. ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ყველას უნდა, ბავშვი თბილისში გადმოიყვანოს... რაც შეეხება ტყუპის დაღუპვას, თბილისში რომ აპარატი ყოფილიყო თავისუფალი, ვინ წაიყვანდა ბავშვს გორში... მაგრამ გორში რომ არ წაგვეყვანა და თბილისში აპარატის უქონლობის გამო გარდაცვლილიყო, მაშინ ვიტყოდით, - გორში თუ იყო თავისუფალი აპარატი, რატომ არ გადაიყვანეთო...

- ფაქტია, რომ ყველა აპარატი დატვირთულია და მათი რაოდენობა საკმარისი არ არის...

- გეთანხმებით, იმ ღამითაც, როცა ტყუპი დაიბადა, იყო ბევრი გამოძახება, თბილისში კი თავისუფალი არ გვქონდა არც ერთი მართვითი სუნთქვის აპარატი.

- რამდენად ხშირად ხდება ასე?

- შესაძლოა ასეთი რამ ორ კვირაში ერთხელ მოხდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი აპარატის გარეშე დარჩება. რეგიონებში არის სარეზერვო აპარატები. ჩვენ შეგვიძლია გადავიყვანოთ პაციენტი რეგიონში და შემდეგ უკვე, როცა ერთ-ორ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ისევ გადმოვიყვანოთ თბილისში.

- თბილისში სარეზერვო აპარატი უნდა იყოს და ბავშვის გადაყვანა რეგიონში არ უნდა ხდებოდეს...

- იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როცა ახალშობილის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება იყო საჭირო და თავისუფალი აპარატი მხოლოდ ჩაჩავას სახელობის კლინიკაში გამოვნახეთ. მშობლებმა უარი განაცხადეს, - სხვაგან რატომ უნდა გადავიყვანოთო.

- იქნებ პრობლემა სულ სხვა რამ იყო. როგორც ვიცი, ჩაჩავაში ბავშვი რომ აპარატთან მიაერთონ, დღე-ღამეში მხოლოდ ამისთვის 200 ლარს ითხოვენ. ბევრს არა აქვს ამის შესაძლებლობა.

- გეთანხმებით, მაგრამ შესაძლოა დროებით (სანამ სხვაგან აპარატი გათავისუფლდება), რამდენიმე საათით ან ერთი დღით გააჩერონ ბავშვი. ზოგჯერ ვთხოვთ კიდეც ამა თუ იმ კლინიკას, აპარატის გამოყენების საფასური არ გამოართვან პაციენტის ახლობლებს.

- ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, გვაქვს თუ არა საქართველოში ხელოვნური სუნთქვის მართვითი აპარატების საკმარისი რაოდენობა?

- წლეულს კიდევ ვგეგმავთ 20 აპარატის შესყიდვას. ამ აპარატების შესყიდვასთან ერთად მოგვიწევს ადგილის ძებნა მათ დასადგმელად...

- რატომ, ფართის პრობლემაა?

- მხოლოდ აპარატში არ არის საქმე, მას ხომ დამატებითი შტატი უნდა. ათასი პრობლემაა კიდევ... მოზრდილთა 145 აპარატი შემოვიტანეთ 2007 წელს, აგვისტოს ომის დროს ქვეყანაში კიდევ ამდენივე აპარატი შემოვიდა, მაგრამ მაინც დეფიციტია. რამდენიც უნდა დაამატო, საკმარისი მაინც არ იქნება...

- პრეპარატ სურფაქტანტზეც მინდა გკითხოთ. მისი დეფიციტის გამოც იღუპებიან ბავშვები. არ შეიძლება სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ ეს მედიკამენტი ყოველთვის იყოს ქვეყანაში?

-   საქართველოში ეს პრეპარატი მხოლოდ ფარმაცევტულ კომპანია "ჯი-პი-სის" შემოაქვს. ეს კომერციული სტრუქტურაა და ვერ მიუთითებ, ბევრი შემოიტანოს თუ ცოტა. შემოაქვს იმდენი, რამდენიც გაეყიდება. სურფაქტანტი რომ არ ჰქონდეთ, ასეთი შემთხვევაც იშვიათია. ძირითადად საავადმყოფოები თავად იმარაგებენ მედიკამენტის განსაზღვრულ რაოდენობას. ეს უკვე საავადმყოფოს მენეჯმენტის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული...